მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატონის ქანდაკება. ლუვრის მუზეუმი. კატონი სიკვდილის წინ პლატონის ფედონის ცნობილ დიალოგს კითხულობს სოკრატეს სიკვდილზე.

მარკუს პორციუს კატონი (დ. ძვ. წ. 95, რომი — გ. ძვ. წ. 46, უტიკა კართაგენთან ახლანდელი ტუნისი) — რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი.

მარკუს პორციუს კატონი დაიბადა ძვ. წ. 95 წარჩინებული რომაული გვარის — პორციუს კატონის ოჯახში. მისი დიდი პაპა იყო მარკუს პორციუს კატონი (უფროსი). კატონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი სიდინჯით და აუმღრევლობით. ნებისმიერ ვნებათგან დაუძლეველი, მტკიცე და შუპოვარი ხასიათის მქონე კატონი ადრეული რესპუბლიკის პრინციპთა უდიდეს დამცველად მოევლინა რომს. კატონი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს სახელმწიფოში, სადაც ცნობილი იყო როგორც უაღრესად ღირსეული და არაკორუმპირებული ადამიანი. პლუტარქეს სიტყვებით ის იყო უხეში მლიქვნელთადმი და შეუპოვარი მტრებისადმი; ძალზედ თავდაჭერილი პიროვნება; მისი გაცინება არ იყო ადვილი საქმე; ძალზედ ძნელი იყო, აგრეთვე, მისი განრისხება, მაგრამ უკვე განრისხებულის დაწყნარება კი, არა ნაკლებ რთული... კატონმა, ჩვეულებისამებრ გაიარა სამხედრო სამსახური: ძვ. წ 67-დან მაკედონიაში ტრიბუნად მსახურობდა. ძვ. წ. 65 იგი აირჩიეს კვესტორად. არმიაში მსახურობის შემდგომ კატონმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ძვ. წ. 54 კატონი პრეტორის მოვალეობას ასრულებდა.

კატილინას შეთქმულება[რედაქტირება]

კატონისა და იულიუს კეისარის დაპირისპირება კატილინას შეთქმულებიდან იწყება (ძვ. წ. 63). სენატის სხდომაზე, კატონმა იულიუს კეისარი შეთქმულებთან თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ხოლო სენატის მიერ უკვე დაკავებულ კატილინარების დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯა მოითხოვა. იულიუს კეისარი შეთქმულთა გასამრთლებასა და მათ რომიდან გაძევებას მოითხოვდა, მაგრამ ციცერონის მხარდაჭერით (რომელიც იმ წელს კონსულად იყო არჩეული) სენატმა კატონის სიტყვას დაუჭირა მხარი და დაკავებულ კონსპირატორებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება]

კატონი კონსერვატორულ პოლიტიკას ატარებდა და მისი დიდი პაპის მსგავსად, უკომპრომისო პიროვნება იყო. დიდი მონდომებით ებრძოდა კატონი პირველ ტრიუმვირატს. იგი მრავალფეროვან გზებს მიმართავდა კეისრის — რესპუბლიკის უდიდესი მტრის დასაბრკოლებლად. ასე მაგალითად, როდესაც კეისარმა მოიწადინა დაუსწრებლად არჩევა კონსულად, კატონმა გამოიყენა თავისი ორატორული ხელოვნება და დილიდან საღამომდე შეუჩერებლად ლაპარაკობდა სენატში, რითაც ხელი შეუშალა გადაწყვეტილების მიღებას (სენატის სხდომები მხოლოდ მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა). კეისრის და პომპეუსის დაპირისპირებისას მან რესპუბლიკური ინტერესბიდან გამომდინარე, პომპეუსს დაუჭირა მხარი, და როდესაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი, კატონი, ციცერონისა და სხვა სენატორთა მსგავსად საბერძნეთში გადავიდა. კატონის საერთოდ არ ამართლებდა რომაელთა შორის ურთიერთჟლეტას, და დირაქიონის ბრძოლის შემდეგ რომ უნახავს დახოცილი კეისარიანელები, აცრემლებული თვალები ტოგით დაუფარავს და გაცლია იქაურობას. ფარსალოსის ბრძოლისა და პომპეუსის დაღუპვის შემდგომ კატონი, მეტელუს სციპიონი (პომპეუსის სიმამრი) და ვარუსი აფრიკაში გადავიდნენ და იქ გააგრძელეს ბრძოლა კეისრის წინააღმდეგ. რესპუბლიკელებს ეხმარებოდა ნუმიდიის მეფე იუბა. რესპუბლიკურ არმიაში არ სუფევდა ერთსულოვნება: მთავარსარდლობისათვის ერთმანეთს ედავებოდნენ მეტელუს სციპიონი და ვარუსი. ლეგიონები კი მთავარსარდლად კატონს მოითხოვდნენ. კატონმა მტკიცე უარი განაცხადა და მხარი დაუჭირა სციპიონს, რომელთანაც მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ჯარმა კატონის აზრს ანგარიში გაუწია და სციპიონი მთავარსარდლად სცნეს, თუმც, პომპეუსის გულზვიად სიმამრს ფარსალოსის ბრძოლაში აშკარა ლაჩრობა გამოეჩინა. კატონმა ჩაიბარა ქ. უტიკა და მის დაცვას შეუდგა.

კატონის უკანასკნელი წლები[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს საკმაო ძალები გააჩნდათ, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, კეისარმა მაინც შესძლო ჯარები გადმოეყვანა აფრიკაში. თაფსუსის კატასტროფის შემდგომ (ძვ. წ. 46 6 აპრილი დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი), რესპუბლიკელებიდან კატონმა ერთადერთმა სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება; მან შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავის მომხრეებს კეისართან შერიგება თხოვა. თვითონ კი, რომ არ ჩავარდნოდა ხელში კეისარს და შემდეგ კეისრის მიერ შეწყნარებული არ დარჩენილიყო (კეისარი მას აუცილებლად აპატიებდა, ეს კი აუტანელი იქნებოდა მისვის) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქ. უტიკაში. ასე დაიღუპა კატონი, არისტოკრატიულ-რესპუბლიკურ პრინციპთა ყველაზე მეტად თანმიმდევრული და შეუპოვარი დამცველი, უპატიოსნესი პიროვნება და რესპუბლიკის უკანასნელი ბურჯი. კატონის მოღვაწეობას და მის სიკვდილს დიდად აფასებდნენ რესპუბლიკელები. კატონის ცხოვრებისეული ტრაგედია შემდგომში მრავალ დრამას დაედო საფუძვლად.

კატონის სიკვდილი[რედაქტირება]

თაფსუსის კატასტროფის შემდგომ კატონმა გადაწყვიტა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. კატონმა ღამით მუცელში ჩაიცა მახვილი, მაგრამ ხმაურზე მისი შვილი და მსახურები შემოცვივდნენ ოთახში, სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს, ჭრილობა შეუხვიეს და სიკვდილისგან მოაბრუნეს მძიმედ დაჭრილი უკანასკნელი დიდი რესპუბლიკელი, მაგრამ, გვიან ღამით, როდესაც ყველას ჩაეძინა, კატონმა სახვევები მოიგლიჯა, ჭრილობა გაიხსნა და სიკვდილი მოისწრაფა.