ლობიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლობიო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: ლობიო
ლათინური სახელი
Phaseolus

ლობიო (ლათ. Phaseolus), ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება. კულტურაშია დაახლოებით 20 სახეობა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა 7-ს აქვს. უფრო გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი ლობიო (Phaseolus vulgaris), რომელიც ყველა კონტინენტზე მოჰყავთ. ეს არის საგაზაფხულო ერთწლოვანი ფორმის ღეროს სიმაღლე 20-45 სმ, ხოლო ხვიარა ფორმებისა — 2—5 მ აღწევს. ნაყოფი პარკია, რომლის სიგრძე 7-იდან 28 სმ-მდეა, აქვს 3—7 თესლი. თესლი სფეროსებრი, წაგრძელებული და თირკმელისებრია, ფერად თეთრი, მოწითალო, ყავისფერი ან ჭრელი. 1000 თესლის მასა 250-იდან 400 გ-მდეა. მცენარე სითბოს და სინათლის მოყვარულია, შედარებით გვალგამძლეა, ხარობს თითქმის ყველანაირ ნიადაგზე. როგორც ჩვეულებრივი ლობიო, ისე მისი ყველა სხვა კულტურული სახეობა სასურსათო ცხოველთა საკვები, სასიდერაციო და დეკორატიული მცენარეა. ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს. საჭმელად იყენებენ მწიფე თესლს (მარცვალს) და მისგან დამზადებულ ფქვილს, მწვანე პარკს; ცხოველთა საკვებად — მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად), ჩალას.

ლობიოს ბევრი სახეობის სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ჩვეულებრივი ლობიო ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს XVI საუკუნეში. რუსეთში მისი მოყვანა XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლობიო XVI საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა. ლობიოს საქართველოში უკავია — 11,3 ათასი ჰა ფართობი (1979), იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. მაღალმთიანი ზონის გარდა ყველგან მოჰყავთ. დარაიონებული ჯიშებია: წითელი, ინდური, ლიახვი, ჩიტიკვერცხა, ბერპი, ცანავა — 3 და სხვა. ლობიოს ყველაზე მეტად აზიანებენ ლობიოსა და ბარდის მემარცვლიები; დაავადებიდან ანთრაკნოზი და ბაქტერიოზი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 6, გვ. 273, თბ., 1983
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლობიო&oldid=2371826“-დან