ატლასის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ატლასი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ატლასი (მრავალმნიშვნელოვანი).
ატლასის მთები
თუბკალი
თუბკალი
კოორდინატები: 31°03′43″ ჩ. გ. 07°54′58″ ა. გ. / 31.06194° ჩ. გ. 7.91611° ა. გ. / 31.06194; 7.91611
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
ალჟირის დროშა ალჟირი
ტუნისის დროშა ტუნისი
უმაღლესი წერტილი თუბკალი
სიმაღლე 4167 
ფართობი 775 340 კმ²
სიგრძე 2092 კმ
სიგანე 1019 კმ
ლანდშაფტი ძლიერ არის შეცვლილი ადამიანის მიერ
ამგებელი ქანები მესამეულის დანალექი ქანები და მეზოზოური და პალეოზოური ასაკის ქანები
ატლასის მთები — აფრიკა
ატლასის მთები
სურათები ვიკისაწყობში

ატლასის მთები (ბერძ. Atlas) — დიდი მთათა სისტემა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ვრცელდება მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ დაახლოებით 2000 კმ-ზე. მაქსიმალურ სიმაღლეს მაროკოში აღწევს (მთა თუბკალი, 4167 მ), ტუნისის ფარგლებში კი დაბალ მთებსა და გორაკ-ბორცვებს წარმოადგენს. ალჟირში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ მაროკოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთით აღმართულია თელ-ატლასის, ხოლო სამხრეთით — საჰარის ატლასის მთაგრეხილები. მაროკოში ატლასის მთების ჩრდილოეთ ნაწილს ელ-რიფის ატლასი ეწოდება, მის სამხრეთით აღმართულია შუა, მაღალი ატლასისა და ანტიატლასის მთაგრეხილები. ატლანტის ოკეანისკენ საფეხურებად ეშვება მაროკოს მესეტა (1000–800 მ) და ოკეანისპირა ვიწრო დაბლობში გადადის.[1]

ატლასის მთების წარმოშობა ალპურ დანაოჭებასთანაა დაკავშირებული. მის აგებულებაში მესამეულის დანალექ ქანებთან ერთად მონაწილეობენ მეზოზოური და პალეოზოური ასაკის ქანებიც. სამხრეთ ნაწილში ატლასის მთები აფრიკის ბაქნიდან სამხრეთ ატლასის რღვევის ხაზითაა გამოყოფილი. მეორე რღვევის ხაზი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიჰყვება. მასთან დაკავშირებულია ახალგაზრდა ვულკანიზმი და მიწისძვრები. წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის მადანი და პოლიმეტალები.[1]

ატლასის ჩრდილოეთ ნაწილში სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, სამხრეთში ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ნალექები ძირითადად შემოდგომასა და ზამთარში მოდის (1000 მ-მდე). მაქსიმალური რაოდენობით ნალექები (1800 მმ) აღნიშნულია თელ-ატლასის ქედის ჩრდილოეთ და დასავლეთ ფერდობებსა და მაღალი ატლასის ქედზე ზღვის დონიდან 2000–2500 მ-ზე მაღლა. ატლასის მთათა უმეტეს ნაწილზე წელიწადში 400–600 მმ ნალექი მოდის, სამხრეთ რაიონებში — 300 მმ-მდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა მთათა ქვედა სარტყელის სანაპირო რაიონებში 10–12°C, შიგა რაიონებში 4–6°C; 1500 მ-ზე მაღლა 4–5 თვე დევს თოვლი. ზაფხული მშრალია და ცხელი. ივნისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 25°C. აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა შიგა რაიონებში 40°C, სამხრეთში — 49°C. მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობს. ზაფხულში თითქმის ყველა შრება, შედარებით წყალუხვია უმ-ერ-რბია, სებუ (ატლანტის ოკეანის აუზი), შელიფი, მულუია, (ხმელთაშუა ზღვის აუზი).[2]

ატლასის მთების ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ყავისფერ ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 800 მ-მდე გავრცელებულია ხეშეშფოთლიან ტყეთა კორომები, კორპის მუხის ტყეები და მაკვისის ტიპის ბუჩქნარები. მშრალ შიგა რაიონებში რუხ-ყავისფერ ღორღიან ნიადაგზე ნახევარუდაბნოს მეჩხერი მარცვლოვანი მცენარეულობაა. ელ-რიფის და თელ-ატლასის ქედებზე 1200 მ-მდე ქვამუხისა და კორპის მუხის მარადმწვანე ტყეებია, 1700 მ-მდე შერეული ტყეები, მარადმწვანე მცენარეებთან ერთად აქ ფართოფოთლიანები და წიწვიანებიც ხარობს. 2200 მ-მდე მთის ყავისფერ გამოტუტულ და ტყის ყომრალ ნიადაგზე წიწვიანი (ატლასის კედარი) ტყეებია.[2]

ცხოველთა სამყარო გაღარიბებულია. შემორჩენილია მაიმუნები. თითქმის ყველგანაა ტურა, სამხრეთით ბინადრობს აფთარი, ზოგიერთი ჩლიქოსანი. ბევრია გადამფრენი ფრინველი. მრავალფეროვანია ქვეწარმავალთა სამყარო. სახნავი მიწები თავმოყრილია მდინარეთა ხეობებში. მოჰყავთ მარცვლეული, ციტრუსები, ყურძენი, ბოსტნეული. მისდევენ მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მეცხოველეობას (წვრილფეხა რქოსანი საქონელი).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Augustin Bernard, Afrique septentrionale et occidentale, Paris, 1939
  2. 2.0 2.1 P. Birot, J. Dresch. La Méditerranée et le Moyen-Orient, Tome I–II. 1953–56.