ჯაჰანგირი
ჯაჰანგირი | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-4 იმპერატორი | |
კორონაცია: | 24 ოქტომბერი, 1605 |
მმართ. დასაწყისი: | 15 ოქტომბერი 1605 |
მმართ. დასასრული: | 28 ოქტომბერი 1627 |
წინამორბედი: | აქბარი |
მემკვიდრე: | შაჰრიარი(დე-ფაქტო), შაჰ-ჯაჰანი |
სხვა წოდებები: | მსოფლიოს დამპყრობელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო 1569 |
დაბ. ადგილი: | ფატეჰპურ-სიკრი, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 28 ოქტომბერი 1627 |
გარდ. ადგილი: | ქაშმირი, დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: |
ნურ-ჯაჰანი თაჯ ბიბი ბილქის მაქანი სალიჰა ბანუ ბეგუმი ქისმია ბანუ ბეგუმი მანვაბათი ბაი ბეგუმი მალიკა ჯაჰან ბეგუმი |
შვილები: |
ხუსრავუ მირზა შაჰ-ჯაჰანი ფარვიზ მირზა შაჰრიარი სულთან უნ-ნისა ბეგუმი ბაჰარ ბანუ ბეგუმი |
სრული სახელი: | ნურუდდინ მუჰამად სალიმი |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | აქბარი |
დედა: | მარიამ უზ-ზამან ჯოდჰა |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ჯაჰანგირი, ნურუდდინ მუჰამად სალიმი (სპარს. „მსოფლიოს დამპყრობელი“; დ. 31 აგვისტო, 1569 – გ. 28 ოქტომბერი, 1627) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-4 იმპერატორი 1605–1627 წლებში. თემურიდების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. აქბარისა და მისი საყვარელი მეუღლის, მარიამ უზ ზამან ჯოდჰას ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნურუდინ მუჰამად სალიმი დაიბადა 1569 წლის 31 აგვისტოს, აქბარის მიერ დაარსებულ ქალაქ ფატეჰპურ-სიკრიში. ის იყო თავისი მშობლებისთვის, იმპერატორ აქბარისა და რაჯპუტი მარიამ უზ-ზამან ჯოდჰასთვის მესამე ვაჟი. მისი 2 უფროსი ტყუპი ძმა, ჰასანი და ჰუსეინი ჩვილები გარდაიცვალნენ. ამიტომ სალიმი მამის მემკვიდრედ ადრეულ ასაკშივე გამოაცხადეს. მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება. დაეუფლა მრავალ ენას, პოეზიასა და სამხედრო ხელოვნებას. ჯერ კიდევ 1585 წლიდან იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. 1594 წელს მამამისის ბრძანებით ჩაუდგა სათავეში მოგოლთა 12000 კაციან არმიას, შეიჭრა რაჯასტანში, დაამარცხა იქაური ბუნდელას კლანის წევრები და დაიკავა მათი უმთავრესი ქალაქი, ორჩა. მისი სარდლობით მოგოლები 1590-იან წლებში კიდევ რამდენიმეჯერ დაესხნენ თავს ინდოეთის სამხრეთ პროვინციებს. მამამისთან ხშირი კონფლიქის გამო 1599 წელს ისარგებლა აქბარის დეკანში ყოფნით, შეიჭრა აგრაში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. თუმცა ფადიშაჰი ლაშქრობიდან მალევე დაბრუნდა, დაამარცხა თავისი ვაჟის არმია და სალიმი გააძევა პაკისტანში. აქბარმა მემკვიდრედ დაასახელა თავისი უფროსი შვილიშვილი და სალიმის ვაჟი, ხუსრავუ მირზა.
ამის გამო, 1605 წელს აქბარის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ახლადასულ ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი ვაჟი. ამბოხებული ხუსრავუ მირზა დამარცხდა. ჯაჰანგირმა მას თვალები დასთხარა და ლაჰორში გაუშვა. იმპერატორი ჯაჰანგირი ცხოვრობდა ქალაქ აგრაში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რჯულშემწყნარებლობითა და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მის დროს 1611 წ. ინგლისელებმა მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები ინდოეთში. ჯაჰანგირის ომები მიმართული იყლ ინდუსტანზე მთლიანი კონტროლის დამყარებისკენ. 1622 წელს მან თავისი ვაჟი და მემკვიდრე, ხურამი გაგზავნა აჰმადნაგარის, ბიჯაპურისა და გოლკონდას დასაპყრობად. ხურამმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. შაჰ-აბასის დამამცირებელი წერილებისა და მაცდური შემოთავაზების გამო, ჯაჰანგირმა თავისი მეუღლის, ნურ-ჯაჰანის გავლენით დაიწყო პირველი მოგოლ-სეფიანთა ომი ავღანეთის ტერიტორიაზე. ის სეფიანთა სავაჭრო მაგისტრალებს უმიზნებდა, თუმცა შაჰ-აბას I-მა 1622 წელს მოულოდნელად დაესხა თავს მოგოლთა მიერ დაკავებულ ავღანეთის ტერიტორიებს და მოახერხა მოგოლების ყანდაარიდან განდევნა. საბოლოოდ მოგოლებს არასახარბიელო ზავზე დათანხმება მოუწიათ.
ირანთან ომში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ხურამის აჯანყება. 1622 წელს მან აგრას ციხიდან გამოიყვანა უფროსი ძმა, ხუსრავუ მირზა და სიკვდილით დასაჯა. ამით მამამისს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა მისი ამბოხი მალევე ჩაახშეს. ჯაჰანგირმა დატყვევებული ვაჟი შეიწყალა და ბენგალში გაუშვა. იმპერატორი 1626 წელს ოსმალეთის იმპერიასთან და უზბეკებთან ალიანსის შექმნას შეეცადა. მან წერილიც კი მისწერა თურქთა სულთანს, მურად IV-ს, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
სამხედრო კამპანიების მსგავსად ჯაჰანგირი დიდ ყურადღებას აქცევდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, სამართლის კანონებსა და ხელოვნებას. მის დროს აღორძინდა მოგოლთა ფერწერა. ფადიშაჰს უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. ოპიუმსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული მარტივად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სილამაზით განთქმული, სპარსელი ნურ-ჯაჰანი („მსოფლიოს სინათლე“), რომელიც ჯაჰანგირმა წაართვა ალი-ყული უსთაჯლუს, რომლის მოკვლა ბრძანა ფადიშაჰმა. ნურ-ჯაჰანი დიდ გავლენას ახდენდა ქმარზე და ხშირად იმპერატორი მისი თანხმობის გარეშე არ იღებდა გადაწყვეტილებებს.
ცხოვრების ბოლო წლები ცნობილია ჯაჰანგირის ვაჟებისა და მხედართმთავრების ხშირი აჯანყებებით. 1627 წლის 28 ოქტომბერს ქაშმირში მყოფი, დასნეულებული ჯაჰანგირი გარდაიცვალა. დაკრძალეს ლაჰორში, მისივე სახელობის აკლდამაში. მის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერია 3 თვიანმა დინასტიურმა ომმა მოიცვა, რომლის პერიოდშიც ძალაუფლება მცირე ხნით, ფადიშაჰის უმცროს ვაჟს, შაჰრიარს ეპყრა ხელში. საბოლოოდ, 1628 წლის იანვარში საიმპერატორო ტახტი დაიკავა ჯაჰანგირის მესამე ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შაჰზადა სულთან ხუსრავუ მირზა (1587–1622)
- შაჰზადა სულთან ფარვიზ მირზა (1590–1626)
- შეჰაბ ად-დინ მუჰამად შაჰ-ჯაჰან I (1592–1666)
- შაჰზადა სულთან შაჰრიარ მირზა (1596–1628)
- შაჰზადა ჯაჰანდარ მირზა (1596–1626)
- შაჰზადა გარშასპ მირზა
- სულთან-უნ-ნისა ბეგუმი
- დაულათ-უნ-ნისა ბეგუმი
- ბაჰარ ბანუ ბეგუმი
- ბეგუმ სულთან ბეგუმი
- იფათ ბანუ ბეგუმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mahajan, Vidya Dhar. "Jahangir". Muslim Rule In India (fifth ed.). p. 140.
- Mahajan, Vidya Dhar (1970). "Jahangir". In S. Chand & Co.. Muslim Rule In India (fifth ed.).
- Mahajan, Vidya Dhar. "Jahangir". Muslim Rule In India (fifth ed.). p. 148.
- Jahangir. The Tuzuk-i-Jahangiri, or, Memoirs of Jahangir. Trans. A. Rogers. Ed. H. Beveridge. 2 Volumes. Delhi, Low Price Publications, 2001. 1, p. 206.
- Purchas, S. Hakluytus Posthumus, or, Purchas his pilgrims. 4 Volumes. London, W. Stansby for H. Fetherstone, 1625, 2, ix, p. 1481.
- Jahangir, Tuzuk, 2, p. 218; Jahangir, Tuzuk, 2, p. 49.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jehangir and Shah Jehan
- The World Conqueror: Jahangir დაარქივებული 2010-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Jains and the Mughals დაარქივებული 2012-12-07 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: აქბარი |
დიდ მოგოლთა იმპერატორი 1605 — 1627 |
შემდეგი: შაჰ-ჯაჰანი |