შინაარსზე გადასვლა

ხუსრავუ მირზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუსრავუ მირზა

იმპერატორი ჯაჰანგირი თავის ვაჟებთან, ხუსრავუსთან და ფარვიზთან ერთად
დიდ მოგოლთა იმპერიის ტახტის მემკვიდრე
მმართ. დასაწყისი: 1600
მმართ. დასასრული: 24 ოქტომბერი,1605
წინამორბედი: ჯაჰანგირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აგვისტო 1587
დაბ. ადგილი: ლაჰორი, პაკისტანი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 26 იანვარი 1622
გარდ. ადგილი: დეკანი,დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: აზამი ბანუ ბეგუმი
აზიზა ბეგუმი
ფაირა ბეგუმი
შვილები: დავარ ბაქში
ბულანდ ახთარი
გარშასფ მირზა
რასთექიარ მირზა
ამინა ბეგუმი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჯაჰანგირი
დედა: მანვაბაი ბაი ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ხუსრავუ მირზა (სპარს. خسرو مرزا; დ. 16 აგვისტო, 1587, ლაჰორი — გ. 26 იანვარი, 1622, დეკანი) — მოგოლი უფლისწული (შაჰზადა), იმპერატორ ჯაჰანგირის უფროსი ვაჟი, დიდ მოგოლთა იმპერიის ტახტის მემკვიდრე 1600-1605 წლებში, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი.

დაიბადა ლაჰორში. იზრდებოდა აგრაში, ბაბუამისის, იმპერატორ აქბარის კარზე. 1600 წელს ჯაჰანგირის უშედეგო აჯანყების შემდეგ, აქბარმა ხუსრავუ მირზა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, თუმცა 1605 წელს, ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ, ხუსრავუმ ვერ მოახერხა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე ასვლა. მის მთავარ კონკურენტად მამამისი იქცა. იმპერიის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სწორედ შაჰზადა სალიმის ტახტზე ასვლა სურდა და მიზანსაც მიაღწია. 24 ოქტომბერს სალიმი ჯაჰანგირის სახელით ავიდა საიმპერატორო ტახტზე.

ხუსრავუ მირზა გადაიხვეწა დეკანში, სადაც მოამზადა მცირედი არმია და 1 წელიწადში აუჯანყდა მამამისს, თუმცა აჯანყება იმდენად დაუგეგმავი და გაუაზრებელი იყო, რომ ჯაჰანგირის მომხრეთა რაზმმა პირველივე შეტაკებაზე მოახერხა ხუსრავუს დატყვევება. იმპერატორმა თავის შვილს თვალები დათხარა და აგრას ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. იქ ხუსრავუმ 1622 წლამდე დაჰყო.

როდესაც ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი მესამე შვილი, ხურამი, მან მემკვიდრეების მოშორების მიზნით, ხუსრავუ მირზა გამოიყვანა აგრას ციხე-სიმაგრიდან და სიკვდილით დასაჯა. ის დაკრძალეს დეკანში, მისივე სახელობის აკლდამაში. მოგვიანებით, 1628 წელს ხურამი შაჰ-ჯაჰანის სახელით ავიდა ტახტზე და ხუსრავუს 3 ამბოხებული ვაჟი დაახოცინა: დავარ ბაქში, გარშასფ მირზა და რასთექიარ მირზა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]