ნურ-ჯაჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნურ-ჯაჰანი
დიდ მოგოლთა იმპერიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 მაისი 1611
მმართ. დასასრული: 8 ნოემბერი 1627
წინამორბედი: სალიჰა ბანუ ბეგუმი
მემკვიდრე: მუმთაზ მაჰალი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მაისი 1577
დაბ. ადგილი: ყანდაარი, სეფიანთა იმპერია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი 1645
გარდ. ადგილი: ლაჰორი,დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ალი-ყული უსთაჯლუ, იმპერატორი ჯაჰანგირი
შვილები: ლადლი ბეგუმი
სრული სახელი: მეჰრ-უნ-ნისა ბეგუმი
მამა: მირზა ღიას ბეგი
დედა: ასმათ ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

მეჰრ-უნ-ნისა ბეგუმი იგივე ნურ-ჯაჰანი (დ. 31 მაისი, 1577, ყანდაარი — გ. 17 დეკემბერი, 1645, ლაჰორი) — დიდ მოგოლთა სპარსელი დედოფალი, იმპერატორ ჯაჰანგირის რიგით მეოცე და გამორჩეული ცოლი. დიდი გავლენა ჰქონდა მეუღლეზე და აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჰრ-უნ-ნისა ბეგუმი დაიბადა 1577 წელს, ქალაქ ყანდაარში, სპარსელი არისტოკრატის, მირზა ღიას ბეგის ოჯახში. უცნობი მიზეზის გამო ღიას ბეგს იმავე წელს მოუწია მოგოლთა იმპერატორ აქბარისთვის ეთხოვა თავშესაფარი. მისი ოჯახი ქალაქ აგრაში დაბინავდა. ის იქ გაიზარდა და 1594 წელს, 17 წლის ასაკში მიათხოვეს ყოფილ ყიზილბაშ ალი-ყული უსთაჯლუს. უსთაჯლუმ უღალატა სეფიანებს და სამსახური დაიწყო აქბართან. მალე მან წარმატებებს მიაღწია და ერთ-ერთ ვეზირად დანიშნეს. ნურ-ჯაჰანი გავლენიანი სარდლის გავლენიან ცოლად იქცა. მისი სილამაზე ინდოელთა გაოცებას იწვევდა.

სწორედ 1606 წელს გაიცნო ჯაჰაგირმა მისი მომავალი მეუღლე. 1 წლის შემდეგ ალი-ყაული უსთაჯლუ ბენგალის მმართველთან დაპირისპირებას შეეწირა. არსებობს ვერსია, რომ უსთაჯლუს თავიდან მოშორება ნურ-ჯაჰანით მოხიბლულმა ჯაჰანგირმა ბრძანა. ამის შემდეგ, მეჰრ-უნ-ნისა ბეგუმი თავის ქალიშვილთან, ლადლი ბეგუმთან ერთად ფადიშაჰმა აგრას სასახლეში მიიწვია. თავდაპირველად ის ჰარამხანის მოახლე იყო. მისი და ჯაჰანგირის რომანის შესახებ მთელს იმპერიაში საუბრობდნენ. 1611 წლის 25 მაისს დიდ მოგოლთა იმპერატორმა მეჰრ-უნ-ნისა ბეგუმზე იქორწინა, მას ნურ-ჯაჰანი („მსოფლიოს სინათლე“) უწოდა და იმპერიის მთავარი დედოფლობაც კი უბოძა.

დედოფლობა და უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამრიგად, 1611 წელს დაიწყო ნურ-ჯაჰანის დედოფლობა დიდ მოგოლთა იმპერიაში. ის ინდოეთის ისტორიის ერთ-ერთ უძლიერეს მმართველ ქალად ითვლება. მას ჯაჰანგირთან შვილი არ ჰყოლია. სამაგიეროდ დედობა გაუწია იმპერატორის დაობლებულ ვაჟებს: ხურამსა და შაჰრიარს. მათ აღზრდაში ძალ-ღონეს არ იშურებდა, მაგრამ თავიდანვე გამორჩეულად შაჰრიარს ეპყრობოდა. დაუახლოვდა ჯაჰანგირის დედობილსა და აქბარის ქვრივს, რუქაია სულთან ბეგუმს და მალევე ჰარამხანის მმართველიც გახდა. მან ჰარემზე გაბატონება არ იკმარა და ქმრის დაყოლიება მოახერხა მისი ერთადერთი ქალიშვილის, ლადლი ბეგუმისა და შაჰრიარის ქორწინებაზე. ასევე მისი გავლენის წყალობით, ჯაჰანგირმა 1621 წელს დაიწყო სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ომი, რომელშიც დამარცხდა. ისტორიკოსების აზრით, ჯაჰანგირის ტახტიდან ჩამოგდებისკენ მიმართული 1622 წლის აჯანყება , რომელსაც ხურამი მეთაურობდა, ნურ-ჯაჰანის ინტრიგების გამო მოხდა.

ნურ-ჯაჰანს თაყვანისმცემლებთან ერთად ბევრი მტერიც გამოუჩნდა. ამას განაპირობებდა რელიგიური საკითხი. დედოფალი შიიტი მუსლიმი იყო (მოგოლები სუნიტები იყვნენ.). მის ძლიერებაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ იმპერატორზე ქორწინების შემდეგ რჯული არ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობითა და ქველმოქმედებით. თავისი სახსრებით აშენებდა მეჩეთებს, რაჯპუტებისა და ქრისტიანების ტაძრებს. 1627 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯაჰანგირი. წესის თანახმად ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, ხურამი უნდა ასულიყო, თუმცა ნურ-ჯაჰანი სხვაგვარად ფიქრობდა. მას თავისი დიდების გაგრძელების მიზნით, მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე მისი შვილობილისა და სიძის, შაჰრიარის აყვანა სურდა. ლაჰორში მან შაჰრიარი იმპერატორად გამოაცხადა. ამ ფაქტმა გამოიწვია დინასტიური ომი, რომელიც 3 თვემდე გაგრძელდა.

1627 წლის ნოემბერში შაჰრიარის არმია შეებრძოლა ამბოხებული ხურამის მომხრეთა ჯარს. ბრძოლა შაჰრიარის დამარცხებით დასრულდა. ლაჰორში მასთან ერთად შეიპყრეს ტახტის სხვა პრეტენდენტები, დავარ ბაქში, გარშაფი და ჰოშანგი. შაჰზადა ხურამი შაჰ-ჯაჰანის ანუ „მსოფლიოს მმართველის“ სახელით ავიდა ტახტზე. მან მაშინვე ბრძანა მისი ამბოხებული ძმისა და ბიძაშვილების სიკვდილით დასჯა. ნურ-ჯაჰანი საგონებელში ჩავარდა. მისი მომხრეთა რიცხვი ისევ მრავალ ჯარისკაცს ითვლიდა, მაგრამ მას აღარ ჰყავდა ტახტზე ამსვლელი უფლისწულის კანდიდატურა. შაჰ-ჯაჰანის ვეზირებმა ის შეიპყრეს და სიკვდილით დასჯაც კი დაუპირეს, მაგრამ ფადიშაჰმა ბოლო წამს გადაიფიქრა და მისი აღმზრდელი ლაჰორის სასახლეში გამოკეტა. ნურ-ჯაჰანმა იქ თავის დაქვრივებულ ქალიშვილთან ერთად 1645 წლამდე დაჰყო. მიუხედავად ტყვეობისა, ნურ-ჯაჰანმა გააგრძელა პრივილეგიით სარგებლობა და მისი შვილიშვილი შაჰ-ჯაჰანის მემკვიდრეს, აურანგზებს მიათხოვა. ძლევამოსილი და სილამაზით განთქმული დედოფალი 1645 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა ლაჰორის სასახლეში, 68 წლის ასაკში. ის დიდი პატივით დაკრძალეს ჯაჰანგირის აკლდამაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nur Jahan: Empress of Mughal India, by Ellison Banks Findly, Oxford University Press US. 2000. ISBN 0-19-507488-2.