შაჰრიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შაჰრიარი
Shahriyar, Indian School of the 17th century AD.jpg
დიდ მოგოლთა იმპერიის დე-ფაქტო მმართველი (იმპერატორი)
Fictional flag of the Mughal Empire.svg
მმართ. დასაწყისი: 7 ნოემბერი 1627
მმართ. დასასრული: 19 იანვარი 1628
წინამორბედი: ჯაჰანგირი
მემკვიდრე: შაჰ-ჯაჰანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 იანვარი 1605
დაბ. ადგილი: აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 23 იანვარი 1628
გარდ. ადგილი: ლაჰორი,დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ლადლი ბეგუმი
შვილები: არზანი ბეგუმი
სრული სახელი: სალეფ ად-დინ მუჰამად შაჰრიარი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჯაჰანგირი
დედა: სალიჰა ბანუ ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

შაჰრიარი (დ. 16 იანვარი, 1605, აგრა — გ. 23 იანვარი, 1628) — მოგოლი უფლისწული (შაჰზადა), დიდ მოგოლთა იმპერიის დროებითი მმართველი 1627 წლის ნოემბრიდან 1628 წლის 19 იანვრამდე, იმპერატორ ჯაჰანგირის უმცროსი ვაჟი, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ლაჰორში და დროებით დაიკავა მოგოლთა ტახტი. მას მფარველობდა მისი დედობილი, მამამისის საყვარელი მეუღლე — ნურ-ჯაჰანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰრიარი დაიბადა 1605 წლის 16 იანვარს ქალაქ აგრაში, ბაბუამისის, აქბარის მმართველობის პერიოდში. იმავე წელს მამამისი, ნურუდდინ მუჰამად სალიმ მირზა ჯაჰანგირის სახელით ავიდა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე. შაჰრიარის დედა, სალიჰა ბანუ ბეგუმი 1609 წელს გარდაიცვალა. ის აღზარდა მისმა დედინაცვალმა, ლამაზმა და გავლენიანმა ნურ ჯაჰანმა. შაჰრიარმა განათლება ქაშმირში მიიღო. სწავლულები მას რელიგიას, ხელოვნებასა და ომს ასწავლიდნენ.

1621 წელს იქორწინა ნურ-ჯაჰანის შვილზე, (რომელიც მოგოლი სარდლისგან ჰყავდა) ლადლი ბეგუმზე. ამავე წელს, ისევ ნურ-ჯაჰანის გავლენით, ჯაჰანგირმა დანიშნა ფერგანის მმართველად. მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი ამ პროვინციაში და თავისი უფროსი ძმისთვის, შაჰ-ჯაჰანისთვის ტახტის მოცილედ იქცა. 1625 წელს შაჰრიარი თატას მმართველი გახდა.

1627 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. იმპერატორობის პრეტენდენტობის კანდიდატები იყვნენ შაჰ-ჯაჰანი, შაჰრიარი და მისი ძმისშვილი — დავარ ბაქში. ნურ-ჯაჰანმა შაჰრიარს მისცა უფლება ტახტზე ასულიყო და ლაჰორში აიღო ძალაუფლება ხელში. ამავდროულად აგრაში ადგილობრივებს იმპერატორად დავარ ბაქშის გამოაცხადებაც კი განიზრახეს. იმპერია გაურკვევლობამ და დინასტიურმა დაპირისპირებებმა მოიცვა.

საბოლოოდ, 3 თვის შემდეგ ჯაჰანგირის მე-3 ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა, ვეზირ, აზაფ ხანის დახმარებით მოახერხა დავარის, შაჰრიარისა და მისის ბიძაშვილების — გარშასფისა და ჰოშანგის დატყვევებმა. 1628 წლის 19 იანვარს მოგოლთა რიგით მე-5 იმპერატორი გახდა შაჰ-ჯაჰანი. მისი ბრძანებით აზაფ ხანმა ლაჰორში სიკვდილით დასაჯა შაჰრიარი, დავარი და დანარჩენი ამბოხებული შაჰზადეები. შაჰრიარი დაკრძალეს ლაჰორში. მისი მომხრეები ამოხოცეს, ხოლო ნურ-ჯაჰანი ლაჰორის სასახლეში გამოკეტეს. მოგვიანებით შაჰრიარის ერთადერთი შვილი, არზანი ბეგუმი მითხოვდა შაჰ-ჯაჰანის შვილსა და მემკვიდრეს, იმპერატორ აურანგზებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nur Jahan: Empress of Mughal India, by Ellison Banks Findly, Oxford University Press US. 2000. ISBN 0-19-507488-2.
  • Bamber Gascoigne: Die Großmoguln - Glanz und Größe mohammedanischer Fürsten in Indien. Prisma-Verlag, Gütersloh 1987, ISBN 3-570-09930-X
  • Ellison Banks Findly: Nur Jahan, Empress of Mughal India. Oxford University Press 1993, ISBN 0-19-507488-2