შინაარსზე გადასვლა

ჩეჩნეთის პირველი ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთის პირველი ომი
თარიღი 11 დეკემბერი, 1994 – 31 აგვისტო, 1996
მდებარეობა ჩეჩნეთი
ინგუშეთის, სტავროპოლის მხარის და დაღესტნის ნაწილი
შედეგი

ჩეჩნეთის გამარჯვება

მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის ფედერაცია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა
ჩეჩნეთი
მეთაურები
რუსეთის დროშა პავლე გრაჩოვი
რუსეთის დროშა ანატოლი კულიკოვი
რუსეთის დროშა კონსტანტინე პულიკოვსკი
რუსეთის დროშა ანატოლი რომანოვი
რუსეთის დროშა ანატოლი შკირკო
რუსეთის დროშა ვიაჩესლავ ტიხომიროვი
რუსეთის დროშა გენადი ტროშევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ჯოხარ დუდაევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ასლან მასხადოვი
ძალები
38,000 (1994 წლის დეკემბერი)
70,500 (1995 წლის თებერვალი)
6,000 (1994 წლის ბოლოს)[1]
დანაკარგები
სამხედრო:
5,732 მოკლული ან დაკარგული
უდანაშაულო მოსახლეობა:
სულ ცოტა 161 მოკლული ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ[2]
სამხედრო:
3,000-ზე მეტი მოკლული (რუსეთის მიხედვით)[3]
უდანაშაულო მოსახლეობა:
50,000–100,000 გარდაცვლილი[4]
ჩეჩნეთის პირველი ომი ვიკისაწყობში
ჩრდილოეთ კავკასია

ჩეჩნეთის პირველი ომი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში. 1994 წელს დაწყებული კონფლიქტი, 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.

რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით — 3,000 უტოლდება. 50,000-100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა.

კონფლიქტის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იგი მხოლოდ საქართველომ აღიარა.

1992 წელს, ბორის ელცინის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რეგიონებს ფართო ავტონომიის უფლებას აძელვდა, 88 რეგიონიდან მხოლოდ ორმა, ჩეჩნეთმა და თათრეთმა არ მოაწერეს ხელი. თუმცა თათრეთმა მას 2 წლის შემდეგ, 1994 წელს მოაწერა ხელი.

რუსეთი ინტესნიურად ამარაგებდა ოპოზიციურ ძალებს ჩეჩნეთში. მათ 1992 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის ჩამოგდებაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

1994 წლის 30 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა. შეტევას მხარი აუბეს ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ძალებმაც. მეორე ფართომასშტაბიანი შეტევა გროზნოზე 26-27 ნოემბერს განხორციელდა. ორივე შეტევა, ჯოხარ დუდაევის მებრძოლების მიერ მოგერიებულ იქნა.

1994 წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ჯოხარ დუდაევმა ულტიმატუმი არ მიიღო.

1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული შენაერთები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“ დასახელდა. რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ „უსისხლო ბლიცკრიგი“ მაქსიმუმ 20 დეკემბრამდე გასტანდა.

11 დეკემბერს რუსეთის არმიამ დედაქალაქ გროზნოზე შეტევა 3 მხრიდან დაიწყო. ერთ–ერთი ფრონტი კოლონელ–გენერალის, ედუარდ ვორობიოვის მიერ შეჩერებულ იქნა. მან პროტესტი გამოხატა „ჯარის გაგზავნაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“. მას ბევრმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მიბაძა. მათ შორის ბორის ელცინის მრჩეველმა - ემილ პაინმა.

ბორის ელცინის განზრახვა, გროზნო ბლიცკრიგით აეღო, ამაო გამოდგა. რუსი ჯარისკაცების ჟინი უმდაბლესი იყო. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რისთვის გაგზავნეს ომში.

ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს რუსული კოლონა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიიწევდა. მათ 30 ჯავშანმანქანა ცეცხლში გახვიეს. 1995 წლის იანვრამდე რუსეთის საარტილერიო და ხალიჩურ დაბომბვებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა.[5]

ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბუნკერბსა და სანგრებს თხრიდნენ და გამალებით ემზადებოდნენ თავდაცვისთვის.

29 დეკემბერს ჩეჩენმა მებრძოლებმა უშედეგო იერიში მიიტანეს გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ წერტილზე - ხანკალაზე (იხ. ხანკალას ბრძოლა).

1994-1995 წლების დეკემბერ-იანვარში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო შეტევებს გროზნოზე ათასობით მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი მოჰყვა.

„ახალი წლის ღამის“ ბრძოლას 1,000-2,000 რუსი ჯარისკაცი შეეწირა. 60-საათიან ბრძოლას მაიკოპის მოტორმსროლელი ბრიგადის ყველა დანაყოფი შეეწირა. მათგან მხოლოდ 230 ჯარისკაცი გადარჩა ცოცხალი (1/3 ჩეჩნების მიერ დატყვევებული).

მიუხედავად ჩეჩენი მებრძოლების გმირული წინააღმდეგობისა, რუსეთის არმიამ გროზნოს აღება შეძლო. 19 იანვარს რუსეთის არმიამ პრეზიდენტის სასახლე აიღო. ბრძოლა ქალაქის სამხრეთ რაიონებში კი 1995 წლის 6 მარტამდე გაგრძელდა.

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, სერგეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ შეტაკებებს გროზნოში 27,000 უდანაშაულო მოსახლის სიკვდილი მოჰყვა. დმიტრი ვოლკოგონოვის თქმით კი - 35,000, მათგან 5,000 ბავშვი. რაც შეეხება ჯარისკაცებს, რუსეთის მტკიცებით, კონფლიქტის პირველ 5-კვირიან შეტაკებებში, მხოლოდ 2,000 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა .[6]

შეტევის გაგრძელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩეჩენი მებრძოლი ბორზით ხელში.

1995 წლის 15 აპრილს რუსულმა კოლონებმა ჩეჩნეთის სამხრეთით იწყეს სვლა. 1995 წლის ივლისში ჩეჩენმა აჯანყებულებმა, შამილ ბასაევის მეთაურობით ქ.ბუდიონოვსკში (სტავროპოლის რაიონი) 1,500 ეთნიკური რუსი აიყვანეს ტყვედ. რუსეთი დროებით ულტიმატუმს დათანხმდა და დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები. ამით ისარგებლეს ჩეჩნებმა და სამხედრო გადაჯგუფებები მოახდინეს. ამ დროს ჩეჩენი მებრძოლები პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსების წინააღმდეგ.

ახმად კადიროვმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და არა–ჩეჩენ ხალხს მოუწოდა ჩართულიყვნენ ომში. ამას, 5,000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. უმეტესობა კავკასიელი ხალხი: 1,500 დაღესტნელი; 1,000 ქართველი; 500 ინგუში; 200 აზერბაიჯანელი; 300 თურქი; 400 სლავი უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. ასევე 100-მდე არაბი და ირანელი.

ჩეჩნეთის კონტრშეტევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის 6 მარტს 1,500-2,000-მა ჩეჩენმა მებრძოლმა მოულოდნელი იერიში მიიტანა დედაქალაქზე. გროზნოში ბრძოლები 3 დღე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჩეჩნებმა იარაღის უდიდესი მარაგი და ამუნიცია ჩაუგდეს ხელთ. 1 თვეში, 16 აპრილს, არაბი მხედართმთავრის, იბნ ალ–ხატაბის მეთაურობით ჩეჩენმა მებრძლებმა სოფელ შატოისთან რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს. შეტაკების შედეგად 53 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი რუსეთის დაბომბვებს შეეწირა.

რაც დრო გადიოდა და დაღუპულების რიცხვი იზრდებოდა, რუსეთში ეს ომი უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ჩეჩნეთის ახალ პრეზიდენტთან, ზელიმხან იანდარბიევთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ წყდებოდა. 6 აგვისტოს, ბორის ელცინის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე, ჩეჩნურმა შენაერთებმა გროზნოზე მოულოდნელი იერიში მიიტანეს.

გროზნოს მესამე ბრძოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩეჩენი მებრძოლი დამწვარი რუსული BMP-2-ის უკან იმალება.

6 აგვისტოს 1,500–მა ჩეჩენმა მებრძოლმა, შამილ ბასაევის, ასლან მასხადოვისა და ჰამზატ გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა. ამ დროისთვის, ქალაქში 12,000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნების შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. 19 აგვისტოს რუსეთის მხედართმთავარმა, კონსტანტინ პულიკოვსკიმ ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 22 აგვისტოს ულტიმატუმი სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეცვალა, რომლის ინიციატივაც, ბორის ელცინის მრჩევლისგან, ალექსანდრ ლებედისაგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, პულიკოვსკის ულტიმატუმს - „ცუდი ხუმრობაც“ კი უწოდა.

ხასავიურტის შეთანხმება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავ–იურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა:

  • დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
  • ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
  • გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
  • ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
  • პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.

მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასავ იურტის შეთანხმებიდან 9 თვის შემდეგ, 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.[7]

მასხადოვი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდებოდა, თუმცა ამაოდ. 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, ჩეჩენი მებრძოლები, შამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრნენ. რამაც რუსეთში ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხელ–ფეხი გაუხსნა, რათა მსხვილმასშტაბიანი კამპანია წამოეწყო ჩეჩნური სეპარატიზმის საბოლოო განადგურებისთვის.

  1. Russian Strategy In Chechnya: a Case Study in Failure (April 1997). ციტირების თარიღი: 9 December 2017
  2. 120 in Budyonnovsk, and 41 in Pervomayskoe hostage crisis
  3. (2001) Россия и СССР в войнах XX века. Потери вооруженных сил (ru). Олма-Пресс, გვ. 584. ISBN 5-224-01515-4. 
  4. Civil and military casualties of the wars in Chechnya Russian-Chechen Friendship Society
  5. Cluster Munitions Use by Russian Federation Forces in Chechnya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2009-01-31.
  6. Faurby, Ib; Märta-Lisa Magnusson (1999). „The Battle(s) of Grozny“. Baltic Defence Review (2): 75–87.
  7. (opt,mozilla,unix,english,,new) YELTSIN, MASKHADOV SIGN PEACE AGREEMENT. დაარქივებული 2017-04-30 საიტზე Wayback Machine. RFE/RL