პრიგოროდნის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრიგოროდნის კონფლიქტი

კონფლიქტის რეგიონი – პრიგოროდნის რაიონი
თარიღი 30 ოქტომბერი, 1992 - 6 ნოემბერი, 1992
მდებარეობა პრიგოროდნის რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია, ინგუშეთის მოსაზღვრედ
შედეგი ინგუშების მასიური დევნა პრიგოროდნის რაიონიდან
მხარეები
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ოსური მილიცია და უსაფრთხოების ძალები
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა რესპუბლიკური გვარდია
რუსეთის არმია
ინგუშეთის მილიცია
დანაკარგები
192 დაღუპული[1]
379 დაჭრილი[1]
350 დაღუპული[2]
457 დაჭრილი[3]
65 000 ინგუში დევნილი
9 000 ოსი დევნილი[2]

პრიგოროდნის კონფლიქტი — შეიარაღებული დაპირისპირება ოს და ინგუშ მოსახლეობას შორის. ოსები, როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას იღებდნენ რუსეთის ფედერაციისგან. ომის მსვლელობისას, პრიგოროდნის რაიონიდან განდევნეს 60 000 ადგილობრივი ინგუში. აღნიშნული კონფლიქტი მხოლოდ ეთნიკური განსხვავებების მიზეზით არ არის განპირობებული. კონფლიქტს აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფლიქტის საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის არსებული კონფლიქტის საფუძვლები ორი საუკუნის წინ, რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ექსპანსიის პერიოდიდან იქმნება, ოსმა ხალხმა რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობების საკუთარი მეზობლებისგან განსხვავებული პრაქტიკა აირჩია, ოსური მოსახლეობა მასობრივად იღებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას.

1784-1787 წლებში რუსეთის იმპერიამ დაიწყო ქალაქ ვლადიკავკაზის მშენებლობა, ეს ქალაქი იყო მეფის რუსეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში, ჩრდილო კავკასიელ მთიელებთან ბრძოლის პერიოდში, აღსანიშნავია რომ მეფის რუსეთის სამხედრო რეიდებში უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ოსი და კაზაკი სამხედროებიც. 1859 წელს მთიელების ლიდერის, იმამ შამილის შეპყრობის შემდეგ, ვლადიკავკაზის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე ინგუშური სოფლების მაცხოვრებლები ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნაზრანის დაბლობზე გადაასახლეს.

რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, წითელმა არმიამ ალიანსი შექმნა ჩეჩენ და ინგუშ მებრძოლებთან, ასევე იმ მემარცხენე ოსებთან, ვინც უპირისპირდებოდა თეთრი არმიისა და გენერალ დენიკინის მომხრე ოსურ და კაზაკურ ჯარებს. 1920 წელს, წითელმა არმიამ მოახერხა ქალაქ ვლადიკავკაზის აღება, ამ გამარჯვებაში დიდი იყო ინგუშებისა და ოსების წვლილიც.

ჯონ ო’ლოულინის, ჰეროლდ თათჰილისა და ვლადიმირ კოლოსოვის მიხედვით, კონფლიქტი რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ისტორიული კოლონიალური პოლიტიკის სისუსტის შედეგია, რომელსაც ის ჩრდილოეთ კავკასიაში ახორციელებდა და რომელსაც არ შეეძლო ერთმანეთთან მჭიდროდ მცხოვრებ ხალხებს შორის დაპირისპირებების კონტროლი[4].

კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად ავტორები ასახელებენ ბოლშევიკების მაქინაციებს, რასაც ისინი რუსეთის სამოქალაქო ომის დროს კავკასიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად მიმართავდნენ, ვაინახებისა და მემარცხენე ოსების (რომლებიც თეთრ არმიაში მყოფ ოსებს რაოდენობრივად ჩამორჩებოდნენ) ბოლშევიკებთან ალიანსის წარმატების შემდეგ, ცნობილმა ქართველმა ბოლშევიკმა, ლენინის უახლოესმა თანამებრძოლმა, სერგო ორჯონიკიძემ ინგუშებს პრიგოროდნის მხარე შესთავაზა მხარდაჭერის სანაცვლოდ, ინგუშებმა კაზაკების ხაზი მდინარე თერგზე გაარღვიეს, ბევრი კაზაკი ჩრდილოეთით განდევნეს, და პრიგოროდნის მხარეში ხელახლა ჩაასახლეს ინგუშური ოჯახები, ახალი წესრიგი კავკასიაში 1920 წლის ნოემბრის დეკლარაციით გაფორმდა და 1921 წლის აპრილში ოფიციალურად გამოცხადდა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დედაქალაქი კი ვლადიკავკაზი იყო.

ბოლშევიკებმა რეგიონში კონტროლის გაძლიერებასთან ერთად დაიწყეს მთიელთა ასსრ-ს უფრო ეთნოტერიტორიული ნიშნებით დაცალკევება, 1921 წელს შეიქმნა ინგუშეთის ოკრუგი, რომელიც მოიცავდა პრიგოროდნის რაიონსაც, მთიელთა რესპუბლიკას გამოეყო ჩეჩნეთის ოკრუგი, ერთი თვით ადრე კი შეიქმნა ყაბარდოელების, ბალყარებისა და ყარაჩაელების ავტონომიური ოკრუგები. კრემლის ალიანსები ადგილობრივ ხალხებთან იქმნებოდა იმ პირობებში, როცა ვაინახი (ჩეჩენი და ინგუში) ლიდერები ნაკლებ მორჩილებას ავლენდნენ, ოსები კი მეტი მორჩილებით გამოირჩეოდნენ და იწყებდნენ იმ გზას, რამაც ისინი საბოლოოდ „კავკასიელ ხალხში ყველაზე გასაბჭოებული ხალხის“ ტიტულამდე მიიყვან.

მეორე საკვანძო ისტორიული ფაქტორი, რამაც ოსურ-ინგუშური კონფლიქტი წარმოშვა, 1930-იან წლებში საბჭოთა სახელმწიფოს ცალსახად ოსების მხარეს გადასვლა იყო, იმისათვის, რომ გაეკონტროლებინათ მეამბოხე ვაინახები და მოექციათ ისინი ერთ ტერიტორიულ ერთეულში. ამისათვის ბოლშევიკებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, 1933 წელს კრემლში გადაწყდა რომ ქალაქი ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი) ექსკლუზიურად ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი გახდებოდა, ამან გამოიწვია ინგუშური ელიტის მოწყვეტა მათი კულტურული და ინტელექტუალური დედაქალაქისგან (ვლადიკავკაზს ინგუშები საკუთარ დედაქალაქადაც აღიქვამდნენ), 1934 წელს სტალინის ბრძანებით, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური ოკრუგები გაერთიანდა ერთ: ჩეჩენო-ინგუშურ ავტონომიურ ოკრუგში, ერთი წლის შემდეგ კი ამ ტერიტორიულ ერთეულს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად ამისა, ამ ცვლილებების შემდეგ ინგუშმა ლიდერებმა დაიწყეს ბრძოლა ვლადიკავკაზის, როგორც მათი კულტურული და პოლიტიკური დედაქალაქისთვის ბრძოლა, თუმცა პრიგოროდნის რაიონი კვლავ ინგუშების ტერიტორიად რჩებოდა.

მესამე მომენტი, რაც იყო ოსურ-ინგუშური კონფლიქტის საფუძველი, სტალინური დეპორტაციებია, გადასახლებაში მოყვა ინგუშების აბსოლუტური უმრავლესობა, 83 000 ადამიანი, მათ შორის 32 000-მდე ადამიანი პრიგოროდნის რაიონიდან იყო, 2300 კი ვლადიკავკაზიდან.

ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი საბჭოთა პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 1944 წლის თებერვალში, სტალინის მიერ განხორციელებულმა ჩრდილო კავკასიელი ხალხების მასობრივი დეპორტაციებმა. ინგუშების დეპორტაციის შემდეგ ტერიტორიის ნაწილი ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა.

მასობრივი დეპორტაციების შედეგად, რეგიონის ეთნო-ტერიტორიული წესრიგი რადიკალურად შეიცვალა: გაუქმდა ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკა და მისი ტერიტორია გადანაწილდა დასავლეთით ჩრდილოეთ ოსეთზე, აღმოსავლეთით დაღესტანზე, სამხრეთით საქართველოზე და ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარეზე, ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკის ცენტრალური ნაწილი გამოცხადდა გროზნოს ოკრუგად, თუმცა მალევე შეუერთდა სტავროპოლის მხარეს, ჩრდილოეთ ოსეთმა მიიღო არა მხოლოდ პრიგოროდნის რაიონი, არამედ სხვა მიწებიც, სტალინმა დაცარიელებულ მიწებზე საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან 26 000-მდე ოსი გადაასახლა, რომ შეევსო დაცარიელებული დასახლებები, ამ მხარეში სახლდებოდნენ ასევე ოსები და ეთნიკური რუსები ყაზბეგიდან, 1940-იანი წლებისთვის, პრიგოროდნის რაიონი უკვე ოსური უმრავლესობით დასახლებულ მხარედ იქცა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ წარმოებული რეაბილიტირების პოლიტიკის შედეგად, რეაბილიტაცია შეეხო გადასახლებული ხალხების დიდ ნაწილსაც, მათ შორის აღმოჩდნენ ჩეჩნები და ინგუშებიც, 1956 წლის 24 ნოემბერს აღდგა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა, თუმცა 1943 წლამდე არსებული საზღვრების გარეშე, ძველი ტერიტორიების ნაწილი დარჩა ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში მათ შორის დარიალის ხეობის ნაწილი, ასევე პრიგოროდნის რაიონი, მოზდოკის რაიონთან დამაკავშირებელი ზოლიც. ჯამში, ეს ინგუშეთის ახლანდელი ტერიტორიის 1/3-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 1943 წლამდე, ამ ტერიტორიებზე 34 000 ადამიანი ცხოვრებდა, მათი უდიდესი უმრავლესობა, 31 000 ადამიანი კი ეთნიკურად ინგუში იყო.

ინგუშების დაბრუნების მიუხედავად, ოსებმა არ დატოვეს დაკავებული ტერიტორიები, მეტიც, სამხრეთ ოსეთიდან დამატებით 22 000 ოსი დასახლდა რეგიონში 1956-1959 წლებში. ამავე პერიოდში იწყება ღია დაპირისპირებები ოსებსა და ინგუშებს შორის, ეს პირველად 1956 წელს მოხდა, 1959 წელს კი ეთნიკური რუსები დაუპირისპირდნენ ჩეჩნებსა და ინგუშებს, ინგუშებს პრიგოროდნის სანაცვლოდ სტავროპოლის მხარის ტერიტორიები გადაეცათ, თუმცა ინგუშებისთვის პრიგოროდნის რაიონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, ინგუშებმა დაიწყეს პრიგოროდნის რაიონში სახლების ყიდვა, ასევე მოსაზღვრე რაიონებში მასობივად დასახლება, ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ინგუშები ახერხებდნენ სამუშაო ადგილების პოვნასაც, რიგი სოფლები და დასახლებები ეთნიკურად ინგუშების უმრავლესობაში გადავიდა.

მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა სახლების ყიდვის, დასახლებებში უმრავლესობის მოპოვებისა და სამუშაო ადგილებზე უპირატესობებისთვის ბრძოლა ოსებსა და ინგუშებს შორის, თუმცა უპირატესობა რაიონში ოსებს ჰქონდათ, განათლებაზე, სამუშაოებზე წვდომა ინგუშებს თითქმის არ ჰქონდათ, რაც მათ რთულ ვითარებაში აყენებდა, მიუხედავად ამისა, რეგიონში ინგუშების რაოდენობა კვლავ იზრდებოდა, 1989 წლის საბჭოთა საყოველთაო აღწერის მიხედვით, პრიგოროდნის რაიონში 18 000 ინგუში ცხოვრობდა, თუმცა თუ ამას მივამატებთ სეზონური სამუშაოების დროს ჩამოსულ ინგუშებსა და ასევე არარეგისტრირებულ პირებს, ექსპერტები ვარაუდობდნენ რომ ინგუშების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო.

1970, 1972-1973, და 1980 წლებში ინგუშებმა მასობრივი გამოსვლები მოაწყვეს ჩრდილო ოსეთის ასსრ-ს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ოსების გამოსვლებიც 1981 წელს და პირველი მსხვერპლიც, დაღუპული ინგუშების სახით. თუმცა ასევე აღსანიშნავია რომ რეგიონში არსებობდა შიდა ოსური კონფლიქტიც, ჩრდილოეთ ოსები (დიგორები) რომლებიც წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ და რეგიონში ელიტას წარმოადგენდნენ, უპირისპირდებოდნენ სამხრეთ ოსებს (ირონებს) რომლებიც რეგიონში საქართველოდან 40-იან წლებში იწყებენ გადმოსახლებას, სამხრეთ ოსები ჩრდილო ოსებს პრო-ინგუშური პოლიტიკის გატარებაშიც კი ადანაშაულებდნენ, 80-იან წლებშივე რეგიონში ეთნიკური რუსების ელიტამ ჩაანაცვლა ჩრდილო ოსური ელიტა, ამ პერიოდშივე ინგუშების მიმართ პოლიტიკა მნიშვნელოვნად შერბილდა და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თანამდებობებზე ინუშებისათვის სპეციალური კვოტებიც კი გაჩნდა.

1989 წელს შეიქმნა ინგუშური მოძრაობა „ნიისხო“, რომელიც მოითხოვდა ინგუშეთის ავტონომიის აღდგენას და პრიგოროდნის რაიონის დაბრუნებას, ათწლეულების მანძილზე რთულად შენარჩუნებული მშვიდობა 1991 წლის აპრილში დაირღვა, როდესაც ინგუში მომიტინგეებისა და ოსი მილიციელების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა, ამას გარკვეული დათმობები მოჰყვა მოსკოვიდან, შეტაკებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე რსფსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ“ რომელიც ითვალისწინებდა ინგუშეთის ტერიტორიულ რეაბილიტაციასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ინგუში ლიდერები ცდილობდნენ ამ კანონით მანევრირებას და ძველი, დეპორტაციებამდელი ინგუშეთისთვის სამართლებრივ ბრძოლას, კანონში არ იყო მითითებული ის საშუალებები და მექანიზმები, რაც მისცემდა ინგუშეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებას, ასევე, კანონში იყო პუნქტი, რაც დაუშვებლად მიიჩნევდა ინგუშების მიერ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების უფლებების დარღვევას, ვითარების არევას ხელი შეუწყო ქართულ-ოსურმა კონფლიქტმაც ცხინვალის რეგიონში, საქართველოდან ათობით ათასი ოსი მოაწყდა ჩრდილოეთ ოსეთს, მათი ნაწილი ვლადიკავკაზში, მნიშვნელოვანი ნაწილი კი პრიგოროდნის რაიონისკენ გაემართა.

ჩეჩნეთში ჯოხარ დუდაევის ფიგურის გაჩენამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინგუშეთში სიტუაციის დინამიკაზე, დუდაევმა ჩეჩნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ინგუშეთს კი სხვა გეგმა ჰქონდა, პრიგოროდნის რაიონის და ვლადიკავკაზის, როგორც ინგუშეთის დედაქალაქის დაბრუნება, ამას დაემთხვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ბორის ელცინის დაპირებები მოლაპარაკებებზე, ელცინმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და ინგუშეთში მან დიდი უპირატესობით დაამარცხა მოწინააღმდეგე.

ინგუშებმა პრიგოროდნის რაიონის შემოერთებისა და ვლადიკავკაზისთვის ბრძოლის გეგმა რეფერენდუმზეც კი გაიტანეს, შეკითხვა იყო შემდეგი: „ეთანხმებით თუ არა ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნას რსფსრ-ს ფარგლებში და უკანონოდ მიტაცებული ინგუშური მიწების დაბრუნებას, დედაქალაქად კი ვლადიკავკაზის გამოცხადებას?“ რეფერენდუმზე 100 000-მდე მოქალაქე მივიდა, დაეთანხმა 93 %, პრიგოროდნის რაიონის მცხოვრებმა ინგუშებმა ოფიციალური წერილი მიწერეს რუსეთის ფედერაცის დეპუტატებს და პრეზიდენტს, სადაც ისინი ითხოვდნენ ისტორიული სამშობლოს დაბრუნებას და ვლადიკავკაზის, როგორც ინგუშეთის ადმისტრაციულ და კულტურულ ცენტრად გამოცხადებას.

კონფლიქტის ესკალაცია და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1992 წელს კონფლიქტმა იფეთქა, ორივე მხარე ერთმანეთს კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში ადანაშაულებდა, კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შეირაღებული დაჯგუფებები სამაჩაბლოდანაც, ქალაქებში და სოფლებში შეიარაღებული ადამიანები ერთმანეთს ეთნიკური ნიშნით ხოცავდნენ, გაიზარდა ყაჩაღობების და ქურდობების რიცხვიც, მოვლენების ესკალაცია პრიგოროდნის რაიონში ინგუში სკოლის მოსწავლე გოგონას სიკვდილს მოჰყვა, რომელსაც შეიარაღებული ოსი სამხედროებით სავსე მანქანა დაეჯახა, ოსურმა მხარემ ამას ტრაგიკული ინციდენტი უწოდა, თუმცა ამან მოვლენების განვითარებას ხელი ვერ შეუშალა, ინგუშეთის რესპუბლიკიდან ასობით შეიარაღებული ინგუში შეუერთდა პრიგოროდნის რაიონში დაბანაკებულ ინგუშებს, ბრძოლამ ერთი თვე გასტანა, ორივე მხარეს მოხდა მასობრივი მკვლელობები ეთნიკური ნიშნით, თუმცა კონფლიქტში გამარჯვება ოსურ მხარეს დარჩა, პრიგოროდნის რაიონი დიდწილად ეთნიკური ინგუშებისგან დაიცალა, საბოლოოდ ძალაუფლება რუსეთის ხელისუფლებამ აიღო და გამოაცხადა სამწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც 1995 წლამდე გაგრძელდა და რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ტერიტორიული დავები.

ოსური წყაროების მიხედვით, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორია 30 000-მდე ინგუშმა დატოვა, ინგუშების მიხედვით კი დევნილების რაოდენობა ბევრად მეტია და 70 000 ადამიანამდე აღწევს, კონფლიქტი დღემდე გადაუჭრელად რჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „ინგუშ-ოსური კონფლიქტი: მოვლენების ქრონიკული აღწერა“ (რუსული). Inca Group "War and Peace". 08.11.08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 რუსეთი: ინგუშ-ოსური კონფლიქტი პრიგოროდნის რაიონში, Human Rights Watch (აპრილი, 1996) ISBN 1564321657
  3. Prague Watchdog Report, გამოქვეყნებულია 28 ივლისი, 2006
  4. The Localized Geopolitics of Displacement and Return in Easten Prigorodny Rayon, North Ossetia