შარვაშიძეები
შარვაშიძეები | |
---|---|
პერიოდი | XIII ს. — 1864 |
ტიტული | აფხაზეთის მთავარი, თავადი, აფხაზეთის ერისთავი, ცხუმის ერისთავი |
განშტოებები | აფხაზები (საგვარეულო), გურიის ერისთავები (საგვარეულო) |
ქვეშევრდომობა | საქართველოს სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, იმერეთის სამეფო, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია |
სამფლობელოები | ჯიქეთი, ბზიფი, სამურზაყანო, გუმა, წებელ-დალი, აბჟუა |
სასახლეები | შარვაშიძეების სასახლე |
შარვაშიძეები, შერვაშიძეები (აფხ. Чачба — „ჩაჩბა“, მეგრ. შარაშია) — მთავართა საგვარეულო ფეოდალურ აფხაზეთში. საგვარეულოს წარმოშობასა და გვარსახელწოდებას ისტორიული გადმოცემა უკავშირებს შირვანშაჰებს. საკუთრივ აფხაზეთში ეს საგვარეულო იხსენიება როგორც ჩაჩბა, რომელსაც უშუალოდ უკავშირებენ გვარსახელ აჩბას (ანჩაბაძე). აფხაზური გადმოცემით, ამ საგვარეულოს წარმომადგენლები მართავდნენ აფხაზეთს შარვაშიძეებამდე. ეს გადმოცემა ლეგენდად დარჩა, რადგან ეთონგრაფიულ ლიტერატურაში დადასტურად აჩბა-ანჩაბაძეების მიერ აფხაზეთში შემოსვლა ფსხუს გავლით.[1][2][3][4] ქართულ წყაროებში შარვაშიძეები პირველად XIII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი (ცხუმის ერისთავი ოთაღო შარვაშისძე, დარდინ შარვაშიძე — მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი მხედართმთავარი). გამოთქმულია მოსაზრება (ნიკო ბერძენიშვილი), რომ „მატიანე ქართლისაჲში“ XI საუკუნის I ნახევრის აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ოთაღო ჭაჭას ძე ჩაჩბა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის კატეგორიული მტკიცებისათვის საკმაო საფუძველი არ არსებობს. სიმონ ჯანაშიას ვარაუდით, მოგვიანო ხანის შარვაშიძეები გენეალოგიურად დაკავშირებული არ უნდა იყვნენ ამ გვარის უძველეს წარმომადგენლებთან.
მოსე ჯანაშივილის აზრით, „ამ შარვაშიძეების წინაპარნი მთავრობდნენ შარვანს და ქართელები მათ უწოდებდნენ შარვაშედ. დავით აღმაშენებელმა შარვანი რომ აიღო და მერე ანისი, იქაური ემირი სახლობით გადმოასახლა აფხაზეთს. ერისთავად პირველად ჩნდება დოთაღოს შარვაშიძე, რომელიც თამარ მეფემ დაადგინა აფხაზეთს“[5].
გვიანდელ შუა საუკუნეებში შერვაშიძეები საბედიანოში შემავალი აფხაზეთის ერისთავები იყვნენ, XVI საუკუნეში კი დამოკიდებული იყვნენ სამეგრელოს მთავრებზე. XVII საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში შარვაშიძეების ერთი შტო გადავიდა კახეთში და დასახლდა კარდენახში, შემდგომში მათ მიიღეს აფხაზის გვარი. 1810 წლიდან შევიდნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში, როგორც დამოუკიდებელი შიდა ავტონომიური უფლებების მქონე სამთავროს მფლობელები (სამთავრო გაუქმდა 1864 წელს). XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შარვაშიძეების საგვარეულოდან ბევრი საზოგადო და კულტურის მოღვაწეა ცნობილი.
შარვაშიძეების გერბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარი ჰორიზონტალურად გაყოფილია სამ ნაწილად. ქვედა ნაწილი არის ვერტიკალურად გაყოფილი.
- პირველ ნაწილში, ლაჟვარდისფერ ფონზე — ოქროს სასწორი. მის ქვეშ — ოქროს სფერო.
- მეორე ნაწილში, მწვანე ფონზე — დიაგონალურად ოქროს კვერთხი. მის ზემოთ ოქროსივე სფეროა გამოსახული, ქვემოთ — ოქროს ტოლგვერდა ჯვარი.
- მესამე, მეწამულ ნაწილში გამოსახულია წმ. გიორგი (ვერცხლი), რომელიც ამარცხებს მწვანე ურჩხულს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ანჩაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 689-690.
- ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, თბ., 1985
- И. Антелава, Очерки по истории Абхазии XVII-XVIII вв., Сух., 1949
- З. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух., 1959
- ზ. შენგელია, აფხაზ თავად-აზნაურთა საგვარეულო გერბები, თბ., 2004, გვ. 112–113.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა (ისტორიული რაკურსი), თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. — გვ. 141, ISBN 978-9941-25-969-2.
- ↑ Давид Мусхелишвили, Исторический статус Абхазии в Грузинской государственности. – Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тбилиси: Издательство «Мецниереба», 1999. — გვ. 133.
- ↑ Ш. Д. Инал-ипа, Вопросы этно-культурной истории абхазов, Сухуми: Издательство „Алашара“, 1976. — გვ. 141.
- ↑ Ш. Д. Инал-ипа, Что рассказывают абхазы о древнейшем населении Абхазии и своем происхождении (материалы с комментариями). – Абхазоведение. Язык. Фольклор. Литература, II выпуск, Сухуми, 2006.
- ↑ ბატონიშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1904, გვ. 311