შარვაშიძეების სასახლე
შარვაშიძეების სასახლე — სასახლე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლიხნი.
სასახლე მდებარეობს მინდორ ლიხნაშთას ნაპირზე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმდებარედ. თავდაპირველად სასახლე ორსართულიანი იყო და აგებული ყოფილა სხვადასხვა მასალით (კირქვა, ქვიშაქვა, აგური და სხვა). კედლების წყობაში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ამასთანავე, უფრო ძველი XVI-XVII საუკუნეების - აგებულია კირქვის ფილებით. XIX საუკუნეში სასახლე გადააკეთეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს.
1866 წლის 26 ივლისს აქ დაიწყო რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული აფხაზთა ანტიკოლონიური აჯანყება, რომლის ჩახშობისას, იმავე წლის აგვისტოში, ქუთაისის გუბერნატორმა, რუსეთის გენერალ-ლეიტენანტმა სვიატოპოლსკ-მირსკიმ სასახლე გადაწვა. შარვაშიძეების უზარმაზარი სასახლიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა.
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. სასახლე მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი, მეორე შევსებული გამოცემა, თბ. 2017
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-22.