შინაარსზე გადასვლა

მატილდა ფლანდრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატილდა ფლანდრიელი
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 11 მაისი, 1068
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი, 1066
მმართ. დასასრული: 2 ნოემბერი, 1083
წინამორბედი: ედით მერსიელი
მემკვიდრე: მატილდა შოტლანდიელი
ნორმანდიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1053
მმართ. დასასრული: 2 ნოემბერი, 1083
წინამორბედი: ადელა ფრანგი
მემკვიდრე: სიბილა კონვერზანო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1031
გარდ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1083, (51 წლის)
მეუღლე: უილიამ I, ინგლისის მეფე
შვილები: ათი შვილი
დინასტია: ბალდუინები
მამა: ბალდუინ V, ფლანდრიის გრაფი
დედა: ადელა ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

მატილდა ფლანდრიელი (ფრანგ. Mathilde de Flandre, ინგლ. Matilda of Flandres; დ. 1031 — გ. 2 ნოემბერი, 1083) — ნორმანდიის ჰერცოგინია 1053-1083 წლებში და ინგლისის დედოფალი 1066-1083 წლებში როგორც უილიამ I დამპყრობლის მეუღლე. ინგლისის მეფე უილიამ II-ისა და ჰენრი I-ის დედა.

მატილდა დაიბადა 1031 წელს. იგი იყო ფლანდრიის გრაფ ბალდუინ V-ისა და მისი მეუღლის, ადელა ფრანგის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ საფრანგეთის მეფე რობერ II და დედოფალი კონსტანცია დ'არლი.

1050 წელს მატილდა დააქორწინეს ნორმანდიის ჰერცოგ უილიამ I დამპყრობელზე. მათი ქორწინების შესახებ არსებობს ერთი ლეგენდა: როდესაც საქორწინო მოლაპარაკებები დასრულდა, მატილდამ უარი განაცხადა ქორწინებაზე. რასაკვირველია, ამან განარისხა მამამისი, რომელმაც მისი მოკვლა განიზრახა. მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, უილიამმა იგი დაარწმუნა შეუღლებაზე, რადგან ისინი ერთად შეძლებდნენ თავიანთი მიზნების ასრულებას.

მათმა ქორწინებამ აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია, რადგან მატილდა და უილიამი მეხუთე თაობის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც ნორმანდიის პირველი ჰერცოგის, როლოს შთამომავლები, რომელიც თავის მხრივ დანიისა და ნორვეგიის მეფე რაგნარ ლოდბროკის ძმა იყო. ვინაიდან ნათესავობის შვიდი თაობა ჯერ გასული არ იყო, ქორწინებაზე პაპის თანხმობა იყო საჭირო, მათ კი ამის გარეშე დაქორწინდნენ. მათ რომის პაპ ნიკოლოზ II-ისაგან დალოცვა მხოლოდ 1059 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეკლესია ააშენეს.

მატილდამ უილიამს ათი შვილი გაუჩინა, აქედან ორი ინგლისის მეფე: უილიამ II და ჰენრი I.

1066 წლის 25 დეკემბერს, მისმა ქმარმა დაიპყრო ინგლისის ტახტი, რითაც მატილდა დედოფალი გახდა. იმ პერიოდში, როცა უილიამი ქვეყანაში არ იყო, ინგლისს მატილდა მართავდა, როგორც რეგენტი. დედოფალი მატილდა გარდაიცვალა 1083 წელს, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ კაენის სამების სამონასტრო კომპლექსში.

  1. რობერტ II (1051-1134), ნორმანდიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო სიბილა კონვერზანო, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. რიჩარდი (1054-1075), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ნადირობისას მომხდარი ინცინდენტისას;
  3. უილიამ II (1056-1100), ინგლისის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ჰენრი I (1068-1135), ინგლისის მეფე, პირველად იქორწინა მატილდა შოტლანდიელზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ადელაიდა დე ლუვენზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, ასევე ჰყავდა ოცდაოთხი უკანონო შვილი;
  5. აგათა (?-1113), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. სესილია (1056-1127), აღიკვეცა მონაზვნად;
  7. მატილდა (1061-1086), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  8. კონსტანცია (1057-1090), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ალან IV-ს;
  9. ადელა (1067-1137), ცოლად გაჰყვა ბლუას გრაფ სტეფან II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის ინგლისის მომავალი მეფე სტეფან ბლუელი;
  • Lisa Hilton, Queen Consort (NY: Pegasus Books, LLC, 2010), p. 37, ISBN 978-1-60598-105-5
  • Lois Honeycutt, Matilda of Scotland: a Study in Medieval Queenship (Woodbridge: The Boydell Press, 2003), p. 10
  • Lisa Hilton, Queen Consort (NY: Pegasus Books, LLC, 2010), p. 39, ISBN 978-1-60598-105-5
  • John Dewhurst, 'A historical obstetric enigma: how tall was Matilda?', Journal of Obstetrics & Gynecology, Vol. 1, No. 4 (1981), pp. 271–72
  • E.F. Fryde; D.E. Greenway; S. Porter; I. Roy, Handbook of British Chronology, Third Edition (Cambridge, UK; New York: Cambridge University Press, 1996), p. 35 ISBN 0-521-56350-X
  • Hilliam, Paul. William the Conqueror: First Norman King of England (NY: Rosen Publishing Group, 2005), p. 20, ISBN 1-4042-0166-1
  • Hilton, Lisa. Queen Consort (NY: Pegasus Books, LLC, 2010), p. 17, ISBN 978-1-60598-105-5
  • K.S.B. Keats-Rohan, Domesday People, A Prosopography of Persons Occurring in English Documents 1066–1166, Volume I, Domesday Book (Woodbridge: The Boydell Press, 1999), p. 495