შინაარსზე გადასვლა

ლარაძისეული დილარიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დილარიანი“

პეტრე ლარაძის გამოსახულება ხელნაწერის პირველ გვერდზე
ავტორი პეტრე ლარაძე
ილუსტრატორი რ. ხაჯიფოლოვი
ენა ქართული ენა
ჟანრი საგმირო-სათავგადასავლო თხზულება
გამოცემის თარიღი 1810-1837 წლები
გვერდი 667

ლარაძისეული დილარიანიპეტრე ლარაძის მიერ შექმნილი საგმირო-სათავგადასავლო ხასიათის თხზულება. ნაწარმოები ჩვენამდე მოღწეულია ტყავგადაკრული ხის ყდით, რომლის ყუის სიგრძე 7 სანტიმეტრს შეადგენს. ნაწარმოები სულ 667 გვერდისგან შედგება და გვერდების ნუმერაცია ძველი ქართული ასოებითაა შესრულებული.

ხელნაწერი მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში ერთ-ერთმა ინგლისელმა კოლექციონერმა აღმოაჩინა, რომელიც ქვეყნიდან 1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის პერიოდში გამოიტანეს. ამის შემდეგ ნაწარმოები ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოგვიანებით კი სან-ფრანცისკოში, სომეხი კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა. 2014 წელს ხელანწერი ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში გამოჩნდა, სადაც ქართველმა მეცენატმა შეიძინა. შედეგად ნაწარმოები საქართველოში დაბრუნდა და მასზე მუშაობა მეცნიერებმა დაიწყეს.[1]

ხელნაწერის პირველივე გვერდზე მოთავსებულია დიდი ზომის მინიატურა, რომელზედაც გამოსახულია ახალგაზრდა წვერიანი მამაკაცი კალმით ხელში. აქვე არის აღნიშნული მისი ვინაობა: „შეთხზუჱლი და მომგონებელი საკვჳრვოსა ამის წიგნისა პეტრე ყარიბი ლარაძე“. პეტრე ლარაძის შესახებ პროფესორი კორნელი კეკელიძე ამბობს: „პეტრე ლარაძე მეტად საყურადღებო პიროვნებაა იმ გარდამავალ ხანაში, როდესაც საქართველომ ლიკვიდაცია უყო თავისს პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებას და, რუსეთის საშუალებით, ევროპისკენ იბრუნა პირი“.[1] ლარაძე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სამეფო კარზე წიგნთსაცავის გამგე იყო.

პეტრე განსაკუთრებით დაახლოებული იყო თეიმურაზ ბატონიშვილთან, რომელიც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ სპარსეთში გადაიხვეწა. ლარაძე მის საძებრად სპარსეთში ჩასულა და თეიმურაზი სამშობლოში დაუბრუნებია. მოგვიანებით პეტრე თეიმურაზს ნების საწინააღმდეგოდ სანქტ-პეტერბურგში წაუყვანია, სადაც ლარაძელ ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი და ბატონიშვილთა შეკვეთით ლექსებსაც წერდა. 1810-1837 წლებში მან საგმირო-სათავგასავლო ხასიათის თხზულება „დილარიანი“ შექმნა.

„დილარიანი“ ჩვენამდე მოუღწეველი ძეგლია, რომლის არსებობა დასტურდება მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროების: „თამარიანისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით. მე-18 საუკუნეში დილარიანი უკვე დაკარგულ ნაწარმოებად ითვლებოდა, ამიტომ ჯერ კიდევ ერეკლე II-ის მმართველობის პერიოდში მისი აღდგენა გადაუწყვიტავთ. პეტრე ლარაძემ ამის განხორციელება მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა, მაგრამ პეტერბურგში ჩასული მასზე მუშაობას შეუდგა.[2]

ხელნაწერის განსაკუთრებულობაზე ერთი ფაქტი მეტყველებს, რომლის შესახებაც ნაწაროების ბოლოს ლექსად დაწერილ ანდერძიდან ვიგებთ: მაშინ, როდესაც პეტრე შევად დაწერილი თხზულების გადათეთრებას აპირებდა, მასთან იოანე ბატონიშვილი მისულა და ხელნაწერი გადასაკუად უთხოვებია, მაგრამ უკან აღარ დაუბრუნებია და მიუთვისებია. ამის გამო პეტრე ლარაძემ დილარიანზე მუშაობა ხელმეორედ დაიწყო.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, დილარიანის ორიგინალი, სარგის თმოგველის ხელნაწერი 1975 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებამდე სამეფო ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. არსებობს ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ნაწარმოები რუსეთის იმპერიაში ბატონიშვილებმა წაიღეს, სადაც პეტრე ლარაძეს დაჰკარგვია და სწორედ ამიტომ დაუწყია ნაწარმოების აღდგენასა და ხელახლა დაწერაზე მუშაობა. ამის გამო ლარაძეს ბატონიშვილებისგან ჯილდოც კი აუღია.

ზაქარია ჭიჭინაძე ლარაძისეული დილარიანის შესახებ წერს: „ეს ვრცელი ხელთ-ნაწერი როგორ სწერა აღმდგენელმა, რა მანქანებით, რა ოსტატობით, რა გვარის შრომით, მოგონებით, მოსაზრებით და გამბედაობით, ამაზე ჩვენ არა ვიცით-რა, ვეჭვობთ კი, რომ ეს გამოსაცნობი საიდუმლოება ადვილი გამოსაცნობი არ იყოს, ნეტა ყველა ეს ამბები, რაც კი მოყვანილია “დილარიანში”, როგორ მოიგონა, როგორ მოკრიბა, ან ყველა ეს როგორ ახსოვდა მას, რომ მოგონების და დაწერის შემდეგ “დილარიანს” თვისგან შექმნილი და შეთხზული - კი არ უწოდა, არამედ ძველის “დილარიანის” მაგიერ ახლად აღდგენილი! რას ნიშნავს ეს სიტყვა აღდგენილი? ცხადი საქმეა, რომ ახლის მჭიდრო კავშირს ძველთან, ძველის პირველ-სახეობის აღდგენას, განახლებას და სხვანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალს “დილარიანს” ძველთან რამე კავშირი უნდა ჰქონდეს, უამისობა არ შეიძლება, მხოლოდ დიდის გადასხვაფერებით-კი, დიდის შეცვლით, დიდის საიდუმლოების მფარველობით; ამ საიდუმლოების ოსტატობა აღმდგენელის ვითარებას და ჯილდოს უნდა შეადგენდეს“.[3][4]

ზაქარია ჭიჭინაძის ვარაუდს ამყარებს ხელნაწერში შემორჩენილი შაირის ფრაგმენტი:

ვიკიციტატა
„„არ იყო ქართველთა შორის

წიგნი ყე დილარიანი,

ამას იტყოდა ყოველი,

მოხუცი, ბერი ჭკვიანი,

იყო თამარის დროსა,

ვინ მეფად ჰგებდა სვიანი,

მუნ დღითგან არღა გვასმია,

ვართო მით ჭმუნვა ვიანი.

მსმენნო, ნუ დამგმობთ მრეკელთა,

თქმულ არს კარი განეღების,

რაზომ იყოს ანგაარი,

მთხოვს ერთხელცა ეღირსების,

დაკარგული მოძიებით,

თქვენც გასმიათ იპოების,

მაშ რა მეყო, მაიძულეს,

ვიმუშაკე მათის ნების.““

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, მეცნიერი კორნელი კეკელიძე თმოგველის დილარიანსა და ლარაძისეული დილარიანის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. ამის შესახებ ის ამბობდა: „როგორ შეეძლო პეტრეს აღედგინა შინაარსი იმ წიგნისა, რომელიც თამარის დღითგან არავის სმენია და არავის უნახავს?.. მას მოუგონებია, შეუთხზავს, და არა აღუდგენია მისი წიგნის შინაარსი“.[3][5]

იმის შესახებ, რომ ნაწარმოები სანქტ-პეტერბურგშია შექმნილი მეტყველებს ერთი გარემოება: პირველივე გვერდზე გამოსახული ლარაძის მინიატურის ქვედა მარცხენა კუთხეში ავტორის ხელმოწერა „Р.Ф. Хаджифоловъ“ არის დატანილი. ხაჯიფოლოვის მეორე მინიატურა წიგნის მე-10 გვერდზეა დატანილი, სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი, „ძლიერი იგი ხელმწიფე აბაშეთისა, დილარ მძლეველია“ არის გამოსახული. გვერდებს შორის დატოვებული ცარიელი ადგილები მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად ხელნაწერის უხვად ილუსტრირება იყო დაგეგმილი, რაც სხვადასხვა გარემოებების გამო ვეღარ მოხერხებულა.[2]

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ.
  • კეკელიძე, კორნელი „ქართული ლიტერატურის ისტორია, საერო მწერლობა XI-XVIII საუკუნეები“.
  • ჭიჭინაძე, ზაქარია „დილარიანი ქმნილი XII საუკუნეში სარგის თმოგველის მიერ”, თბილისი, 1897
  1. 1.0 1.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 30
  2. 2.0 2.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 32
  3. 3.0 3.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 34
  4. ჭიჭინაძე, ზაქარია „დილარიანი ქმნილი XII საუკუნეში სარგის თმოგველის მიერ”.
  5. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 36