შინაარსზე გადასვლა

ექსპრესიონიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Einsteinturm პოტსდამში

ექსპრესიონიზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა და სხვა.

ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.

XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

ექსპრესიონიზმი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ექსპრესიონიზმის ღრმა დახასიათება მოგვცა დავით კაკაბაძემ თავის ნაშრომში „ხელოვნება და სივრცე“ (1926, პარიზი; 1983, თბილისი). XX საუკუნის 20-იან წლებში ევროპული ექსპრესიონიზმის პრინციპების ქართულ ხელოვნებასთან შერწყმას ვხვდებით ლადო გუდიაშვილისა („თევზი ცოცხალი“, „ქეიფი ქალთან“, „ქეიფი განთიადისას“, „ქრისტინე“ და სხვ.) და შალვა ქიქოძის („უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონებლად“, „სამი მხატვარი“ და სხვ.) შემოქმედებაში. 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ექსპრესიონისტული სტილიზაციის პრინციპთა გამოყენება დამახასიათებელია ლევან ჭოღოშვილის სურათებისათვის („ეკატერინე გაბაშვილი შვილებთან ერთად“, „ზურაბ არაგვის ერისთავის მკვლელობა“, „ოჯახი“ და სხვ.). XX საუკუნის 80-იან წლებში ექსპრესიონიზმისა და ნეოექსპრესიონიზმის გამოცდილება აისახა მხატვრების მ. ცეცხლაძის, ნ. ცეცხლაძის, კ. კაჭარავას, მ. ჯაფარიძის, კ. რამიშვილის, გ. ბუღაძის შემოქმედებაში (გამოფენები: 1985 — თელავში, 1986–87 — თბილისში, 1987–89 — ბერლინსა და ლაიფციგში). ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ექსპრესიონიზმის დამახასიათებელი ნიშნები შეხამებულია ეროვნულ მხატვრულ ტრადიციებთან. ექსპრესიონიზმის გავლენა შეიმჩნევა ქართველი მწერლების: დემნა შენგელაიას, ლეო ქიაჩელის, სანდრო შანშიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში.

ექსპრესიონისტი მხატვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრანც მარკი: დიდი ლურჯი ცხენები 1911

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]