შინაარსზე გადასვლა

კარლო კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლო კაჭარავა
დაიბადა 7 თებერვალი, 1964(1964-02-07)
დაბადების ადგილი სამტრედია
გარდაიცვალა 9 აპრილი, 1994(1994-04-09) (30 წლის)

კარლო კაჭარავა (დ. 7 თებერვალი, 1964 — გ. 9 აპრილი, 1994) — ქართველი მხატვარი, პოეტი, ესეისტი და არტ-კრიტიკოსი. მხატვართა დაჯგუფება „არქივარიუსებისა“ და „მეათე სართულის“ ლიდერი და იდეოლოგი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის.

კარლო კაჭარავა დაიბადა 1964 წლის 7 თებერვალს სამტრედიაში. მან ხატვა ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში დაიწყო. მე-9 კლასში ორ თანაკლასელთან ერთად ხელნაწერ ჟურნალს უშვებდა სახელწოდებით „დადაისტები“, რომელშიც ახალგაზრდები საკუთარ ლექსებსა და ჩანახატებს აქვეყნებდნენ. 1986 წელს კარლომ დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში კაჭარავამ მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „არქივარიუსები“. ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელს რომანიდან „ოქროს ქოთანი“. ამასთანავე, ეს სიტყვა ნიშნავს რაღაცის მცველს, შემნახველს. „არქივარიუსების“ პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო.

1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში „მეათე სართული“ ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო - „არქივარიუსების“ გარდა აქ შედიოდნენ სხვა მხატვრებიც: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, თემურ იაკობაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გურამ წიბახაშვილი, გია დოლიძე, ზურაბ სუმბაძე, მაია ცეცხლაძე, ლია შველიძე და სხვ. მათი ერთადერთი თეორეტიკოსი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა იყო. იმავე წელს „ქარვასლაში“ მოეწყო ამ ჯგუფის პირველი გამოფენა, რომელსაც მხატვარი გია ბუღაძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფის წევრები მუშაობდნენ უჩვეულო მასლაზე, იქნებოდა ეს სამეურნეო საღებავები, დისპრესია, რკინისა და ხის მასალა და სხვ. სწორედ „მეათე სართული“ იყო პირველი, რომელმაც თბილისში აქციებისა და ჰეფენინგების მოწყობა დაიწყო. ჯგუფი ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულო ადგილებში მართავდა გამოფენებს, მაგ: რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მხატვრებმა კედლები მთლიანად მოხატეს. „მეათე სართულის“ ჯგუფი თანდათანობით ფართოვდებოდა და გამოფენებით გადიოდა დასავლეთ ევროპაში: აღმოსავლეთ ბერლინში, მიუნხენში, კიოლნში, ნარვაში, კასელში. კაჭარავა ყოველთვის არ მონაწილეობდა ჯგუფის გამოფენებში, თუმცა მათ ერთგვარ მემატიანედ იქცა.

1986 წელს კაჭარავამ დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მაშინვე ჯარში გაიწვიეს. ციმბირის ქალაქ მირნიში მან მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა, თუმცა ესეც კი მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. ოჯახის დიდი მცდელობის შედეგად, შვიდი თვის შემდეგ კარლო კაჭარავა თბილისში დაბრუნდა. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში და აქ მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

1987 წელს „მეათე სართულის“ ჯგუფი გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში, სადაც მამუკა ცეცხლაძე დეკორატორად მუშაობდა. შემდგომში ამ პერიოდს (1987-91) „მარჯანიშვილის პერიოდი“ ეწოდა. აქ ჯგუფს შეუერთდა კიდევ ერთი მხატვარი - კოკა რამიშვილი. 1988 წლის მაის-ოქტომბერში თბილისში მოწყობილი გამოფენები მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართული ხელოვნების ისტორიაში. ეს გამოფენები დამთვალიერებელთან აქტიურ კომუნიკაციაზე იყო გათვლილი და რეალობის შესახებ ჩამოყალიბებული ბანალური წარმოდგენების გადასინჯვისკენ უბიძგებდა მნახველს.

1993 წლის ოქტომბერში კაჭარავა მოსკოვში გაემგზავრა. შემოდგომის ერთ საღამოს, მხატვარს გაძარცვის მიზნით თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს, რის გამოც გარკვეული ხნის განმავლობაში ტვინის მსუბუქ შერყევას მკურნალობდა. 1994 წელს მხატვარი თბილისში დაბრუნდა. მარტის ბოლოს მოულოდნელად, თავში ანევრიზმა გაუსკდა. თავის ტვინზე ორი წარმატებული ოპერაციის მიუხედავად 1994 წლის 9 აპრილს კარლო კაჭარავა, 30 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მხატვარს დაუმთავრებელი დარჩა ბოლო ნამუშევარი - „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც 11 დღის განმავლობაში სიბნელეში, სანთლის შუქზე ხატავდა. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

კაჭარავა სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 1999 წელს კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ჯოის გილდშტეინის გალერეაში, ნიუ-იორკში. ჟურნალში „Art in America“ კრიტიკოსი ჯონათან გუდმანი წერდა: „ბუნებამ უთუოდ უხვად დააჯილდოვა ქართველი მხატვარი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა. მისი ნატიფი გემოვნება, კოლოსალური ინტელექტი და ნიჭი კაცობრიობის სულიერ მიღწევათა უახლესი გამოვლინებაა. მისი პერსონა სრულიად აირეკლება მისსავე შემოქმედებაში იმდენად, რომ სიტყვა და ხატი ერთმანეთს ავსებს. კარლოს მხატვრობა, სამეცნიერო ნაშრომები, 90-იანი წლების მსოფლიო ხელოვნების უდიდესი მიღწევაა... ისტორიული გროტესკი და ბედისწერის წინააღმდეგ ამხედრებული ეს უზარმაზარი შემოქმედება ბოლომდე ინარჩუნებს იდუმალების, ორიგინალობის, გენიალობის ელფერს. მათი ავტორი დროის მიღმაა.“

1997 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის კარლო კაჭარავას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, რაც გარდაცვლილი მკვლევარისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

  • ი. არსენიშვილი, „კარლო კაჭარავა“, თბ. 2012 ISBN 978-99940-34-83-3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]