ბექა I
ბექა I | |
---|---|
ფრესკა საფარის მონასტრიდან | |
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1285 |
მმართ. დასასრული: | 1306 |
წინამორბედი: | სარგის I |
მემკვიდრე: | სარგის II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1240 |
გარდ. თარიღი: | 1306 |
მეუღლე: | მარინე |
შვილები: |
სარგის I ყვარყვარე შალვა ჯიაჯაყ ჯაყელი ნათელა ჯაყელი |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | სარგის I |
ბექა I ჯაყელი (დ. დაახლ. 1240 ― გ. 1306) ― სამცხის მმართველი 1285-1306 წლებში.
ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზერუმი) და შავ ზღვამდე. 1266-1334 წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკური ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც იმხანად საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297-1330) დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.
ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), აშენდა წმ. საბას ტაძარი საფარში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბექა მანდატურთუხუცესის პირველი ცოლი ვახახი მოხსენიებულია მატიანესა და სინას მთის აღაპებში, ხოლო მეორე ცოლი — მარინე, ანჩისხატის კარედის წარწერებსა და სინოდალურ კანტორის აღაპთა ნუსხაში №507.
ანჩისხატის წარწერებში ასევე მოხსენიებულნი არიან შვილები: საგრის, ყვარყვარე და შალვასთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 345-346.
წინამორბედი: სარგის I |
სამცხის ათაბაგი 1285 - 1306 |
შემდეგი: სარგის II |
|