სარგის I
სარგის I | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1266 |
მმართ. დასასრული: | 1285 |
მემკვიდრე: | ბექა I |
გარდ. თარიღი: | 1285 |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: |
ბექა ჯაყელი, ბოცო ჯაყელის ძე |
სარგის I ჯაყელი (გ. 1285) — საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი, 1260 მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მონაწილე იყო.
დავით VII ულუმ დანიშნა მონღოლთა ლაშქრის (რომელიც აჯანყების ჩასაქრობად იყო შემოსული საქართველოში) წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა ჯარის მეთაურად. სარგის I-ს 8000 ცხენოსანი ჰყავდა, მონღოლთა ლაშქარში კი, რომელსაც არღუნი მეთაურობდა, 20000 მარტო მონღოლი და ერაყელი მოლაშქრე ირიცხებოდა, რამდენიმე ათასი კი ქართველი იყო. 1260 ტაშისკართან ბრძოლაში სარგის I-ის 1500 ცხენოსანმა დაამარცხა არღუნის 6000-იანი მეწინავე ლაშქარი. შემდეგ თვით სარგის I დაიძრა მტრის წინააღმდეგ. არღუნი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მის ლაშქარში მყოფმა ქართველებმა შეაკავეს. მთავარი ძალების გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ.
სარგის I-ის შეცდომა ის იყო, რომ ბორჯომის ხეობის ვიწროებიდან გამოვიდა და მონღოლებს გაშლილ ველზე შეებრძოლა, სადაც მტერს მანევრირების საშუალება მიეცა. 1261 წელს სარგის I წარმატებით იბრძოდა სამცხეში მეორედ შემოსული არღუნის ლაშქრის წინააღმდეგ. მტერი იძულებული გახდა 20 დღის შემდეგ უკან გაბრუნებულიყო. 1262 სარგის I დავით VII-ს ურდოში გაჰყვა ჰულაგუ-ყაენთან და გამოძიების დროს მეფის გადარჩენის მიზნით აჯენყების მოწყობა თვითონ დაიბრალა. გამოძიება არ იყო დამთავრებული, რომ ილხანთა წინააღმდეგ ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ გამოილაშქრა. სარგის I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლაში სიმამაცით თავი გამოიჩინა და ჰულაგუ-ყაენი სიკვდილს გადაარჩუნა. მადლიერმა ყაენმა მას კარნუ ქალაქი და მისი მომიჯნე ოლქი უბოძა. სარგის I-ის განდიდებით უკმაყოფილო ქართველმა დიდებულმა მეფესა და სარგის I-ს შორის მტრობა ჩამოაგდეს. მეფის მიერ დაპატიმრებული სარგის I ყაენმა გაათავისუფლა. სარგის I-ის თხოვნით 1266 წელს სამცხე საქართველოს ჩამოშორდა და უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. სარგის I-ის ეს ნაბიჯი საერთო ეროვნულ ინტერესების ღალატს ნიშნავდა: ფაქტობრივად პოლიტიკურად ორად გაყოფილ საქართველოს მესამე ნაწილიც გამოეყო - სამცხე, რომლის ტერიტორია ტაშისკარიდან არზრუმამდე ვრცელდებობა. მიუხედავად ამისა სარგის I-სა და საქართველოს მეფეს შორის პოლიტიკური ურთიერთობა მთლად არ შეწყვეტილა — სარგის I-მა სამცხის სპასალარის წოდება შეინარჩუნა და დემეტრე II-ის დროს მეჭურჭლეთუხუცესობაც მიიღო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ. გუჩუა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 101-102.
წინამორბედი: |
სამცხის ათაბაგი 1266 - 1279 |
შემდეგი: ბექა I |
|