შინაარსზე გადასვლა

ანრი II (ნავარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი II ნავარელი
ნავარის მეფე
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1517
მმართ. დასასრული: 25 მაისი, 1555
წინამორბედი: კატალინა I
მემკვიდრე: ჟანა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აპრილი, 1503
დაბ. ადგილი: პამპლონა, ნავარა
გარდ. თარიღი: 25 მაისი, 1555, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ლანდრი, საფრანგეთი
მეუღლე: მარგარიტა ანჟულიმელი
(ქ. 1527 - გარდ. 1549)
შვილები: ჟანა III, ნავარის დედოფალი
ჟანი
დინასტია: ალბრეები
მამა: ჟანი, პერიგროდის გრაფი
დედა: კატალინა I, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი, თუმცა ძლიერი გადახრა ჰქონდა კალვინიზმისკენ

ანრი II ნავარელი (ბასკ. Henrike II.a Nafarroakoa, ფრანგ. Henri II de Navarre; დ. 18 აპრილი, 1503 — გ. 25 მაისი, 1555) — ალბრეთა დინასტიის წარმომადგენელი და ნავარის მეფე 1517-55 წლებში. ნავარის დედოფალ კატალინასა და მისი ქმრის, ჟან დ'ალბრეს უფროსი ვაჟი. იგი მხოლოდ ოფიციალურად იყო ნავარის მეფე, რეალურად კი მისი ძალაუფლება მხოლოდ ბეარნზე ვრცელდებოდა. მის დროს ნავარა საშინელ შევიწროვებას განიცდიდა მეზობელი ესპანეთისგან, რის გამოც იგი 1527 წელს საფრანგეთის მფარველობის მოსაპოვებლად მეფე ფრანსუა I-ის უფროს დაზე, მარგარიტა ანჟულიმელზე დაქროწინდა, რომელთანაც ერთადერთი ასული, დედოფალი ჟანა III შეეძინა. მისი შვილიშვილი ანრი IV, შემდგომში საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა.

ანრი დაიბადა 1503 წლის 18 აპრილს, ნავარის დედაქალაქ პამპლონადან 44 კილომეტრში მდებარე ქალაქ სანხესაში. იგი იყო ნავარის დედოფალ კატალინასა და მისი ქმრის, პერიგროდის გრაფ ჟან დ'ალბრეს უფროსი ვაჟი და მაშასადამე მათი მემკვიდრეც. როდესაც ანრი ცხრა წლის იყო, მეზობელი არაგონის მეფე ფერდინანდ II-მა თითქმის მთლიანი ნავარა დაიპყრო და მიიერთა, მის ოჯახს კი მხოლოდ ზემო ნავარის მცირე ნაწილი და ბეარნიღა შერჩა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 1516 წელს, როდესაც ანრის მამაც გარდაიცვალა და მეფე ფერდინანდიც, რასაც ესპანეთის ერთ ძლიერ იმპერიად გაერთიანება და ნავარის წინააღმდეგ კიდევ ერთი გალაშქრება მოჰყვა, რა დროსაც, 1517 წელს გარდაიცვალა დედოფალი კატალინაც, ტახტზე კი ანრი II ავიდა.

მეტად რთულ პირობებში გამეფებულსა და ესპანელთაგან შევიწროვებულ ანრი II-ს სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებული გახდა საფრანგეთის მფარველობა მიეღო. ამ დროს, ესპანელ და გერმანელ ჰაბსბურგებთან გადამტერებული საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-იც მოკავშირეს ეძებდა და იპოვნა კიდეც. 1518 წელს ფრანსუამ ანრი ქალაქ მონპელიეში პამპლონას დე ფაქტო მმართველად გამოაცხადა. ამ დროს, ფერდინანდის შვილიშვილი, იმპერატორი კარლ V ამოქმედდა და კავშირი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-თან შეკრა, რომელსაც ცოლად დეიდამისი, დედოფალი კატალინა არაგონელი ჰყავდა და ასევე სძულდა ფრანგები. 1521 წლის ივნისში კარლმა ნოიონის ბრძოლაში გააცამტვერა ფრანგები და საბოლოოდ დაიქვემდებარა ნავარა.

1525 წელს ანრი და ფრანსუა პავიის ბრძოლაში ტყვეებად ჩაუვარდნენ კარლ V-ს, რომელმაც ისინი მადრიდში გამოკეტათ, თუმცა 1526 წელს ფრანსუას დამ, მარგარიტა ანჟულიმელმა მოახერხა მათი გამოხსნა. 1527 წელს, საფრანგეთთან ალიანსის გასამყარებლად ანრი II-მ ცოლად ფრანსუას და, ალანსონის ჰერცოგის ქვრივი მარგარიტა ანჟულიმელი შეირთო. 1530 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის კამბრის ზავი დაიდო, რითაც კარლ V-ს ქვემო ნავარა რჩებოდა, ხოლო ზემო ნავარის მეფედ კვლავ ანრი II რჩებოდა.

საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე პატარა ნავარა, სულ მალე გადაიქცა აქედან დევნილი პროტესტანტების მთავარ თავშესაფრად, რომელთა გავლენითაც პროტესტანტიზმზე მოქცევას აპირებდა ანრიც და მისი ცოლიც. 1549 წელს ანრი დაქვრივდა, მეორე ქორწინება აღარ ისურვა, დედოფლისგან კი მხოლოდ ერთი გოგონა დარჩა მემკვიდრედ, რომელიც 1555 წელს, ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ ნავარის დედოფალი ხდება ჟანა III-ის სახელით.

1527 წელს ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის უფროსი და, დედოფალი მარგარიტა ანჟულიმელი (1492-1549), რომელთანაც მხოლოდ ორი შვილი შეეძინა:

  1. ჟანა III (1528-1572), ნავრის დედოფალი. პირველად იქორწინა იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმზე, თუმცა მას მალევე გაეყარა და ცოლად ვანდომის გრაფ ანტუან დე ბურბონს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და ლოთარინგიის პრინცესა კატრინი;
  2. ჟანი (1530), გარდაიცვალა ჩვილი;
  • Cholakian, Patricia Francis; Cholakian, Rouben Charles (2006). Marguerite de Navarre: Mother of the Renaissance. Columbia University Press.
  • Commire, Anne (2000). Women in World History. Volume 10.
  • Hillgarth, J. N. (2000). The Mirror of Spain, 1500–1700: The Formation of a Myth. University of Michigan.
  • Stephenson, Barbara (2017). The Power and Patronage of Marguerite de Navarre. Routledge.
  • Tucker, Spencer C., ed. (2011). A Global Chronology of Conflict:From the Ancient World to the Modern Middle East. Vol. II. ABC-CLIO.
  • Vernier, Richard (2008). Lord of the Pyrenees: Gaston Fébus, Count of Foix (1331-1391). The Boydell Press.