აბელი (დანიის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბელ ვალდემარსენი
დანიის მეფე
კორონაცია: 1 ნოემბერი, 1250
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1250
მმართ. დასასრული: 29 ივნისი, 1252
წინამორბედი: ერიკ IV
მემკვიდრე: კრისტოფერ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1218
გარდ. თარიღი: 29 ივნისი, 1252, (33-34 წლის)
მეუღლე: მატილდა ჰოლშტაინელი
შვილები: ვალდემარ III, შლეზვიგის ჰერცოგი
ერიკ I, შლეზვიგის ჰერცოგი
აბელი, ლანგელანდის ერლი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ II, დანიის მეფე
დედა: ბერენგარია პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

აბელ ვალდემარსენი (დან. Abel Valdemarsen; დ. 1218 — გ. 29 ივნისი, 1252) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის ვაჟი. 1250 წელს მან მოკლა თავისი ძმა, მეფე ერიკ IV და ტახტზე ავიდა. ხანმოკლე მეფობის შემდეგ, იგი ფრიზიელებმა მოკლეს ომში. იგი დანიის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მმართველი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბელი დაიბადა 1218 წელს. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის მეორე ვაჟი. 1232 წელს ვალდემარმა თავისი უფროსი ვაჟი, ერიკი თავის თანამმართველად დაინიშნა. ამის სანაცვლოდ, მან აბელს შლეზვიგის ჰერცოგობა უბოძა.

1241 წელს, ვალდემარის გარდაცვალების შემდეგ მეფე აბელის ძმა, ერიკ IV გახდა. მომდევნო წლებში, აბელი ერიკს ებრძოდა, რადგანაც სურდა შლეზვიგის საჰერცოგოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. მან სულ მალე შეკრიბა ჯარები და აიღო ქალაქი ფუნენი, რომელიც ერიკის დომენში შედიოდა. ამის საპასუხოდ ერიკმა შლეზვიგს შემოარტყა ალყა. აბელი ცოლ-შვილთან ერთად ისე სწრაფად გაიქცა ქალაქიდან, რომ როგორც მემატიანე აღწერს, მისმა ასულმა, სოფიამ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო და ფეხშიშველი გაიქცა.

საბრძოლო ვითარებები 1250 წლამდე გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ აბელმა ერიკი არ მოკლა. ამის შემდეგ დანიის მეფე აბელი გახდა, რომელსაც მალევე ეახლა მისი და, სოფია დანიელი თავის ქმართან, იოჰან ბრანდენბურგელთან ერთად და ერთგულება შეჰფიცა, ამასთან სამეფო კარზე დარჩენის ნებაც სთხოვა.

ტახტზე ასვლისას აბელს დიდებულთა მხოლოდ ოცდაოთხმა ოჯახმა შეჰფიცა ერთგულება. დანარჩენი დიდგვაროვნები და მთლიანად ხალხიც ამბობდა იგი იყო „სახელად აბელი, საქმით კაენი“ (დან. „Abel af navn, Kain af gavn“).

აბელმა დაუყოვნებლივ ყველა დაიბარა თავისთან ერთგულების შესაფიცად, თუმცა ამ დროს დანიაში დიდი მიწისძვრა მოხდა, რაც ხალხმა ღვთიურ ნიშნად ჩათვალა და მეფეს განუდგა. ამავდროულად, აბელს ცნობა მიუვიდა, რომ ფრიზიელი გლეხობა უარს ამბობდა გადასახადების გადახდაზე, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ დაძრა ჯარი ფრიზიისკენ, სადაც იგი 1252 წლის 29 ივნისს მოკლეს ამბოხებულებმა. მის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, კრისტოფერ I ავიდა.

მისი გარდაცვალებიდან მალევე, მისმა ცოლმა დატოვა დანია და შვედეთში მეორედ გათხოვდა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი 1237 წლის 25 აპრილს დაქორწინდა მატილდა ჰოლშტაინელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. ვალდემარ III (1238-1257), შლეზვიგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. სოფია (1240-1285), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ბერნბურგის პრინც ბერნარდ I-ს, რომელთა შვილთაშვილის შვილთაშვილიც იყო დანიის მეფე კრისტიან I, ოლდენბურგთა დინასტიის დამაარსებელი;
  3. ერიკ I (1241-1272), შლეზვიგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგრეტა რუგიელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  4. აბელი (1252-1279), ლანგელანდის ერლი, ცოლად შეირთო შვერინის ჰერცოგის ასული, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hartley, Mick The Duke of Schleswig-Holstein-Sonderburg-Glücksburg Dated September 29, 2007. Retrieved 14 Feb. 2008
  • "Abel, 1219-52, Konge". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.
  • "Mechtilde (Mathilde), Dronning, –1288". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.
  • "King Abel". danmarkskonger. Retrieved August 1, 2018.
  • "Gudmundsen, Lage, –o.1252, Ridder". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.
  • "Valdemar (III), Hertug af Sønderjylland, –1257". Dansk biografisk Lexikon. Retrieved August 1, 2018.
  • "Birger Magnusson". Svenskt biografiskt lexikon. Retrieved August 1, 2018.