ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი ცენტრის კოლექციის ნაწილია, რომელიც ათასობით ქართულენოვან ხელნაწერს აერთიანებს. ამ ფონდში არ შედის ის ქართული ხელნაწერები, რომლებიც მათი შინაარსის გამო დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიულ დოკუმენტთა ფონდში. ქართულ ხელნაწერთა ფონდში თავმოყრილი მასალა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.
ქართულ ხელნაწერთა ფონდი მოიცავს როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის ხელნაწერებს. წარმოდგენილია როგორც ქართული მწერლობის ორიგინალური ნიმუშები, აგრეთვე სხვადასხვა ენიდან ნათარგმნი ლიტერატურაც. ორიგინალური ძეგლებიდან აღსანიშნავია შედარებით გვიანდელ ხელნაწერებში დაცული უძველესი მარტიროლოგიური თხზულებანი, როგორიცაა „შუშანიკის წამება“, „ევსტათი მცხეთელის წამება“, „აბო თბილელის წამება“ და სხვა.
ნათარგმნი ლიტერატურიდან აღსანიშნავია ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწეების, გრიგოლ ნაზიანზელის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე სინელის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებელისა და სხვათა თხზულებების თარგმანები. ეს თარგმანები ცნობილი ქართველი მწიგნობრების მიერაა შესრულებული, როგორებიც არიან ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და სხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი მდიდარია საერო ხასიათის ძეგლებითაც. მათ შორის გამორჩეულია შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხები. მათ გარდა, ფონდი შეიცავს ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველ ხელნაწერებსაც[1].
ქვეფონდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში თავმოყრილი ხელნაწერები განაწილებულია ოთხ ქვეფონდში — A, H, Q და S ფონდებში. ხელნაწერთა განაწილება ძირითადად მათი წარმომავლობის მიხედვით ხდება.
A ფონდი შეიცავს იმ ხელნაწერებს, რომლებიც გაუქმებამდე თბილისის საეკლესიო მუზეუმის კოლექციას შეადგენდა. საეკლესიო მუზეუმი დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით 1889 წელს დაარსდა თბილისში. მისი ხელნაწერთა კოლექცია შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე ივსებოდა. 1921 წელს საეკლესიო მუზეუმი გაუქმდა და მისი ხელნაწერთა კოლექცია გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 1930 წელს — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას[2], მოგვიანებით კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების შემდეგ, ეს ხელნაწერები A ფონდის შემადგენლობაში ცენტრის კოლექციაში გაერთიანდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდის ხელნაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ზატიკი, სვანური მრავალთავი, ალავერდის ოთხთავი, ვანის ოთხთავი, ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარი, ასტრონომიული ტრაქტატი, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება და სხვა[3].
H ფონდი შეიცავს იმ ხელნაწერებს, რომლებიც ყოფილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში შედიოდა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო 1907 წელს, თბილისში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაარსდა. საზოგადოების ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. მოგვიანებით მისი კოლექციაც ხელნაწერთა ინსტიტუტს (დღევანდელ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს) გადაეცა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში დაცული ხელნაწერებიდან აღსანიშნავია დავითნი, ჯრუჭის I ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, შიომღვიმის ოთხთავი, თავაქარაშვილისეული ვეფხისტყაოსანი და სხვა[4].
Q ფონდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი და დღემდე მზარდი ერთადერთი ფონდია. ფონდი 1919 წელს თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფარგლებში შეიქმნა. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოვლენილი ხელნაწერების ნაციონალიზაციის გზით.
Q ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: მოქვის ოთხთავი, ტბეთის II ოთხთავი, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები[5].
S ფონდში თავმოყრილია ის ხელნაწერები, რომლებიც ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციაში შედიოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოოება ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ინიციატივით დაარსდა 1879 წელს, თბილისში. ქართველი პუბლიცისტის, იონა მეუნარგიას წინადადებით 1888 წლიდან საზოგადოება იწყებს ხელნაწერების მოძიებასა და შეგროვებას. თავდაპირველად ფონდი კერძო შემოწირულობების ხარჯზე ივსებოდა, მოგვიანებით კი დაიწყო ხელნაწერების შეძენაც. დღეს ეს კოლექცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, S ფონდშია გაერთიანებული.
S ფონდის ხელნაწერებიდან აღსანიშნავია ვისრამიანი (S-3702)[6].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი, კოლექცია დაარქივებული 2014-08-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი, ქართულ ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ქსე, ტ. 4, გვ. 611, თბ., 1979
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდი[მკვდარი ბმული]