ბიჭვინთის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მინიატიურა ბიჭვინთის ოთხთავიდან

ბიჭვინთის ოთხთავი ანუ სახარებაXII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია დასავლეთ საქართველოში; მოგვიანებით ხელნაწერი მიეკუთვნა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, ძირითადი ტექსტი გადაწერილია ნუსხურით, ყავისფერი მელნით, ხოლო სათაურები — ასომთავრულით, ოქრომელნითა და სინგურით. ხელნაწერის მორთულობას წარმოადგენს მახარებელთა გამოსახულებანი, თავსამკაულები და მხატვრული ინიციალები. ხელნაწერში შემორჩენილია ორი მინიატიურა, მარკოზ და ლუკა მახარებლების პორტრეტები. მარკოზ მახარებლის გამოსახულება მთელ გვერდს იკავებს. იგი ჩართულია დეკორატიულ ჩარჩოში. ჩარჩოს ზემოთ შუაში არწივია გამოსახული. იგი მარკოზ მახარებლის სიმბოლური გამოსახულებაა, რომელიც ჩვეულებრივ ბერძნულსა და ქართულ ხელნაწერებში მახარებლის მინიატურაზე ჩარჩოს შიგნითაა მოთავსებული.

თავსამკაულით იწყება ლუკას სახარების ტექსტი. იგი ჩართულია ტექსტის მარცხენა სვეტში. მხატვრული ინიციალი ებმის თავსამკაულის ნახატს. ორნამენტი მცენარეულ მოტივს წარმოადგენს. მთლიან კოლორიტში ლურჯი ფერი ჭარბობს. წიგნის მხატრვობა ქართული მინიატიურული მხატვრობის თვითმყოფადობაზე მეტყველებს.

დღეს ბიჭვინთის ოთხთავი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H 2120).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 69
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015