შინაარსზე გადასვლა

აკაკი წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, აკაკი)
აკაკი წერეთელი
დაბადების თარიღი 9 (21) ივნისი, 1840 ან 21 ივნისი, 1840(1840-06-21)[1]
დაბადების ადგილი სხვიტორი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1915(1915-01-26) (74 წლის) ან 8 თებერვალი, 1915(1915-02-08)[1] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი საჩხერე
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი[1] , მწერალი, პუბლიცისტი[1] , მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus გამზრდელი, სულიკო და თორნიკე ერისთავი
მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია
შვილ(ებ)ი ალექსი წერეთელი
ხელმოწერა

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი [ძვ. სტ. 9 ივნისი], 1840, სხვიტორი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია — გ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1915, სხვიტორი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულების ერთ-ერთი ლიდერი. სტრიქონები აკაკის ლექსიდან „ხატის წინ“ გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნში „თავისუფლება“.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 (21) ივნისს ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედის მხრიდან აკაკი წერეთელი იყო იმერეთის მეფის პირდაპირი შთამომავალი. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო აკაკის დედა - ეკატერინე აბაშიძე. ეკატერინეს ბაბუა ქაიხოსრო აბაშიძე იყო 1810 წლის იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო ეკატერინეს მამა ივანე აბაშიძე იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი. ამ აჯანყებების გამო ეკატერინეს ოჯახს რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დევნიდა. 12 წლიდან ეკატერინე მამია V გურიელის კარზე იზრდებოდა, 20 წლისა კი როსტომ წერეთელს მიათხოვეს.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს, სოფელ სხვიტორში. ამ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ბავშვის გაძიძების ძველი ქართული ტრადიცია. აკაკი სოფელ სავანეში, გლეხების, ფარსადან ყანჩაველის და მანო სადუნიშვილის ოჯახში გაგზავნეს აღსაზრდელად. მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“, აკაკი დიდი პატივისცემით იხსენიებს ძიძობის ინსტიტუტს.

აკაკი ბავშვობაში.

1852 წელს აკაკი შინ დააბრუნეს სკოლაში სწავლის დასაწყებად. ის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. სკოლაში გავრცელებული ხელისგულზე სახაზავით ცემის პრაქტიკის გამო, აკაკის არ უვარგოდა კალიგრაფია. მასწავლებლების, ფრანგი ტურესის და პოლონელი როდზიევიჩის საუბრის მოსმენამ აკაკის გადააწყვეტინა სწავლის გაგრძელება სანქტ-პეტერბურგში სამხედრო სასწავლებელში. 1859 წელს მან შეწყვიტა სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში და ოთხი თვე ემზადებოდა როდზიევიჩთან. იმავე წელს გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, სადაც უკვე ცხოვრობდა მისი ძმა იასონი. იასონი მსახურობდა კონვოიში. აკაკი თვალს ადევნებდა ქართველების კონვოის ქართველი მოსამსახურეების ცხოვრებას სანქტ-პეტერბურგსა და ცარსკოე სელოში და გადაიფიქრა სამხედრო განათლების მიღება. სანაცვლოდ, გადაწყვიტა, ჩაებარებინა უნივერსიტეტში. ამასვე ურჩევდნენ სანქტ-პეტერბურგელი ქართველი სტუდენტები, რომელთა შორისაც ბევრი ქუთაისელიც იყო. 1859 წელს აკაკი გახდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. სტუდენტების ნაწილთან აკაკის არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას ჯაშუშობაც კი დააბრალეს. ამ ვითარების და მატერიალური გაჭირვების გამო აკაკიმ უნივერსიტეტის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. მან 1862 წლის მარტში ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და წარადგინა საკანდიდატო ნაშრომი, რომელიც კომისიამ მოიწონა. მაგრამ აკაკიმ დიპლომი ვერ მიიღო, რადგან არც გიმნაზიის დიპლომი ჰქონდა მიღებული, მისი მიტოვების გამო.

აკაკი წერეთელი დაოჯახებას არ აპირებდა, მაგრამ 1864 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მოულოდნელად და დაუფიქრებლად ცოლად მოიყვანა ნატალია ბაზილევსკაია. მასთან ჰყავდა შვილი ალექსი. აკაკის ოჯახი იშვიათად ჩადიოდა საქართველოში, შვილს ქართული ენაც არ უსწავლია, ის საბალეტო თეატრის ანტერპრენორი გახდა და ბევრს მოგზაურობდა. მეუღლე აკაკის ხშირად სთხოვდა ფულს და აკაკიც ვალებს იღებდა და უგზავნიდა მას ფულს სხვადასხვა ქალაქებში. 1909 წელს პარიზში სამკურნალოდ მყოფ აკაკის ოჯახის წევრები არ დაეხმარნენ.

სალიტერატურო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.

საქართველოში დაბრუნებულ წერეთელს სამსახური არ უძებნია, გადაწყვიტა, რომ არსად ემუშავა. შემოსავალს მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით იღებდა. აკაკი მალე ჩაერთო მამებისა და შვილების ბრძოლაში, აკრიტიკებდა ძველი თაობის წარმომადგენლებს. 1875-1876 წლების სვანეთის აჯანყების შემდეგ აკაკი წერეთელი გამოდიოდა სასამართლოზე აჯანყებულების ერთ-ერთ ადვოკატად. საჩხერეში მოიწვია გეოლოგი სვიმონოვიჩი ჭიათურის მანგანუმის საბადოს შესასწავლად. 1889 წლის მაისში შესთავაზეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორობა, თუმცა უარი თქვა. გარდა იმისა, რომ არ უნდოდა სამსახურში ჩადგომა, მას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ბანკების მიმართ.

ნაწყვეტი ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“

მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო 1907 წელს დაპატიმრებულიც კი იყო. 1905 წელს აღტაცებით შეხვდა რუსეთის რევოლუციას, რომელსაც მიუძღვნა ლექსები „თქვენი ჭირიმე“ და „ნატვრა“. რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებას მიუძღვნა ლექსი „გურული ნანინა“.

წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 1908 წელს, რომელიც, ისევე როგორც მისი 1912 წლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, გრანდიოზულ დღესასწაულად გადაიქცა. ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული ფილმი, აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც სწორედ ამ ამბავს მიეძღვნა.

1912 წელს აკაკი წერეთელი მონაწილეობდა არჩევნებში, თუმცა დამარცხდა.

1912 წლის ნოემბერში დაწერა ანდერძი, რომლითაც ქონების ძირითად ნაწილს უტოვებდა ოჯახს, სხვიტორის მამულს — წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ვენახს კი — საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, ტვინში სისხლის ჩაქცევისგან. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი.

აკაკი 1896 წელს

აკაკი წერეთელი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და ცნობილი სატირიკოს-იუმორისტი. მაგრამ იგი, უწინარეს ყოვლისა, იყო ლირიკოსი პოეტი. მისი პოეტური ნიჭი ბავშვობიდანვე გამოვლინდა, როცა წერა-კითხვაც არ იცოდა. 1859 წელს კი „ცისკარში“ პირველად გამოქვეყნდა მისი ორიგინალური ლექსები „ჩემს ვენერას“, „პ. წ–ს“.

აკაკის ლირიკული პოეზია ღრმა პატრიოტიზმითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეითაა გამსჭვალული („ჭაღარა“, „ჩანგური“, „ავადმყოფი“, „ხატის წინ“, „სალამური“, „ქუთაისი“, „მუხამბაზი“. „თავო ჩემო“, „გაზაფხული“, „რუსთაველის სურათზე“, „საქართველოს დღევანდელი სახე“, „ალ. ჭავჭავაძის საფლავზე“, „მინდა რომ ვთქვა, მაგრამ რა ვსთქვა“, „ენას მგლეჯენ“, „მესტვირული“, „ტყვე“, „ხანჯალს“ და მრავალი სხვა). ეს გრძნობა ა. წერეთლის შემოქმედებაში იმდენად ძვირია, რომ მკითხველს ზოგჯერ უძნელდება კიდეც გარკვევა — ესა თუ ის ლექსი კონკრეტულად სამშობლოსადმი არის მიძღვნილი, ბუნებისადმი თუ სატრფოსადმი („სულიკო“, „სატრფოს“, „საიდუმლო ბარათი“, „ამაო ძებნა“, „სურვილი“, „განთიადი“, „გაზაფხული“, „ფუტკარი“, „სიმღერა“…).

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოტივის გარდა ა. წერეთელის ლექსები ღრმად ინტერნაციონალური ხასიათისაა („მეგობარს“, „რჩევა მოძრაობის დროს“, „გ. სუნდუკიანის ხსოვნას“, გადმოკეთებული ლექსი „ინტერნაციონალი“…).

პოეტი დაინტერესებული იყო ქართველი ხალხის სოციალური მდგომარეობით. ყმა-გლეხის ბედი, მისი დამცირებული ცხოვრება, თუნდაც ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აკაკის პოეზიაში („მუშის ნატვრა“, „მუშური“, „ბოდვა“, „მოხუცის გრძნობა“, „იმერული ნანინა“, „სიმღერა მკის დროს“, „მდიდარს ღარიბისაგან“, „გლეხის ჩივილი“). პოეტის მახვილ, დაკვირვებულ თვალს არ ეპარებოდა ცხოვრების არც ერთი მანკიერი მხარე. ქართულ სინამდვილეზე ცარიზმის უარყოფითი გავლენა, გადაგვარებული ადამიანის ფსიქიკა ა. წერეთელმა სრულად დახატა თავის სატირულ-იუმორისტულ ქმნილებებში — ლექსად თუ პროზად („მექრთამე მსაჯულს გლეხისაგან“, „ვედრება“, „ნადირობა“, „ახალი სამართალი“, „ოქროს წყაროს ამბავი“, „აპელაციის მცოდნე“, „ახალი გზა“, „ფარისეველი“, „ქართული პატრიოტობა“, „პატარა მურია“, „კოღო-ბუზების პასუხი“…).

ანეტა დადეშქელიანი ოჯახით სტუმრად აკაკისთან

აკაკი წერეთელის ეპიური პოემები ხასიათდება ლირიზმით, თუმცა მეტი წილი ამ პოემებისა ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული („ბაგრატ დიდი“, 1875, „თორნიკე ერისთავი“, 1884, „ნათელა“, 1900). იგივე ითქმის დრამატულ პოემებზეც („პატარა კახი“, „თამარ ცბიერი“, 1885, „მედია“, 1895). მათში პოეტისთვის ისტორიული ფაქტები და მოვლენები მხოლოდ საფუძველია სიუჟეტის შესაქმნელად. წარსულის გაიდეალებით, ისტორიულ გმირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრულად ასახვით ავტორი ცდილობს დაანახოს მკითხველს მისი აწმყო, ეროვნული თვითშეგნება და პატრიოტული გრძნობები გაუღვიძოს მას. აკაკის ისტორიულ-დრამატული პოემები გამიზნულია სწორედ პოეტის თანამედროვე ქართველი საზოგადოებისთვის.

სხვა პოემებში აკაკი გვევლინება დიდაქტიკოსად („გამზრდელი“, 1887), ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლად („ალექსი“, 1869, „ვორონცოვი“, 1909), სატირიკოსად („რუსეთუმე“, 1861), მეზღაპრედ (პოემა „ავადმყოფი“, „ნაცარქექია“)…

აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე (ავტორი იაკობ ნიკოლაძე)

აკაკი წერეთელის პროზა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. მისი პირველი მოთხრობა „ეშმაკები“ 1868 წ. გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ხშირად ბეჭდავდა დიდი თუ მცირე ზომის პროზაულ ნაწარმოებებს („სიკვდილი“, „მტირალი დედა“, „ჩერქეზის ქალი“, „კახეთში გამგზავრება“, სამგვარი სიყვარული“, „ქართული ფულის თავგადასავალი“, „კუჭია“, „იმერლები“, „ჩემი თავგადასავალი“). მათი თემაა ისევ ტყვეობაში მყოფი საქართველო და პატრიოტიზმი. ა. წერეთელის პროზაულ ნაწარმოებთა სიუჟეტი ან თანადროულობის პირდაპირი ამსახველია („ეშმაკები“, „მტირალი“, „ჩემი თავგადასავალი“), ან ისტორიული („ბაში-აჩუკი“, „ქუთათელის სიზმარი“), ან ზღაპრული ხასიათისაა („ვარდი და ეკალი“, „კუჭია“, „ოქროს წყაროს ამბავი“…), რომელთა თხრობაში ერთ-ერთი მოქმედი პირი აუცილებლად თვითონ ავტორია.

აკაკის, როგორც პროზაიკოსის, დიდოსტატობა მთელი სისრულით გამოვლინდა ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“ (1894–1909) და ისტორიულ რომანში „ბაში-აჩუკი“ (1895-66). მათში ა. წერეთელი წარმოგვიდგება დიდ პორტრეტისტად, რომელსაც კალმის ერთი მოსმით შეუძლია დახატოს როგორც ისტორიული პირები (ზაალ ერისთავი, თავადი ჩოლოყაშვილი...), ისე მისი თანამედროვე გამოჩენილი მოღვაწეები (ა. ორბელიანი, ი. კერესელიძე, ლ. არდაზიანი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე და სხვანი). საკმარისია ავტორმა რამდენიმე სიტყვით დაახასიათოს თავისი გმირი და მკითხველში უკვე სრულყოფილების გრძნობას აღძრავს და, ამავე დროს, უდიდეს ესთეტიკურ ეფექტს აღწევს. პორტრეტების შექმნა ორგანულ კავშირში უნდა იყოს თვით ნაწარმოების თხრობის მანერასთან. ა. წერეთელის დამსახურება ქართული პროზის წინაშე სწორედ ის არის, რომ მან სიუჟეტის მკაცრი კომპოზიცია შემოიტანა მხატვრულ პროზაში, გაბმული თხრობის ნაცვლად დაამკვიდრა მოსხლეტილი თქმა, მოკვეთილი ამბავი, დინამიური მოულოდნელობა და მაგრად შეკრული სიუჟეტი. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ა. წერეთელის პროზა უაღრესად რიტმულია და რომ იგი პროზაშიც პოეტად დარჩა.

აკაკი წერეთელი ავტორია დრამატული პოემებისა: „პატარა კახი“, „თამარ ცბიერი“, „მედია“, მის დრამებს, კომედიებს, ვოდევილებს („ძველი ამხანაგები“, „პირუტყვების არჩევანი“, „ძველსა და ახალს შუა“ „არსენა“, „სცენა საპატიმროში“, „ადვოკატის სილა“, „ჩვენი ნაცარქექიები“, „ბუტიაობა“, „განთიადი“, „კუდურ-ხანუმ“, „კინტო“, „ენების გასამართლება“, „საოჯახო რევოლუცია“, „გაიძვერები“, „ქართველი და სომეხი“, „ახალი გმირი“…), რომლებიც ამსახველია ცხოვრებისეული მანკიერი მხარეებისა და მიმართულია მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, არაერთხელ უხსნია რეპერტუარით ღარიბი ქართული სცენა.

აკაკი თეატრალური მოღვაწე იყო და კარგად ესმოდა თეატრის როლი ეროვნულ საკითხში. ამიტომ ქართულ თეატრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და მისი მუდმივი გულშემატკივარიც იყო. თავის დრამატულ ნაწარმოებებში აკაკი გვევლინება დიდ რეალისტად, რომლის მთავარი ამოცანაა ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. ძირითადი პრინციპი ამ ნაწარმოებებისა განახლებული ცხოვრების, ახალი საქართველოს შექმნის სურვილია.

აკაკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მასალების შეკრებას, გულმოდგინედ ეძებდა მას ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, ისტორიულ დოკუმენტებში, ძველ კლასიკურ ლიტერატურაში საქართველოს შესახებ, მშობლიურ ბუნებასა და ხალხის ეროვნულ დემოკრატიულ იდეალებში.

აკაკი და ხალხური სიტყვიერება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში

მისი შემოქმედების დაუშრეტელი წყარო მაინც ხალხური სიტყვიერება იყო. ფოლკლორის დიდი გავლენა ატყვია მის პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებს. ხალხური შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა დააწერინა აკაკის არა ერთი და ორი წერილი და მოწოდება ფოლკლორული ნიმუშების შეკრება-შეგროვების თაობაზე („აკაკის ანდერძი“, „სახალხო ზეპირსიტყვიერება და მისი მნიშვნელობა“, „მარგანეცის გამო“, „შენიშვნები პრომეთეოსზე და მედია-იაზონზე“, „ზეპირსიტყვაობის გამო“, „განცხადებასავით“). იგი აქტიურად ჩაება შავი ქვის მრეწველობის საქმეში სწორედ იმ მიზნით, რომ შემოსავლის გარკვეული ნაწილი ხალხური შემოქმედების შეგროვებას მოხმარებოდა. 90-იან წლებში კი საფუძველი ჩაუყარა ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნების საქმეს.

თავის შემოქმედებაში ა. წერეთელი ხშირად იყენებს სხვადასხვა ხალხური სიმღერისა და ცეკვის წესებს („სამგვარი სიყვარული“), უხვ მასალას იძლევა ხალხში გავრცელებული ცრურწმენების, მათი რიტუალების შესახებ („ბაში-აჩუკი“, „ქართული ფულის თავგადასავალი“, „სცენა საპატიმროში“), ყეენობის („ყეენობა“), ზღაპრული ხერხების („რეაქცია“, „ძველსა და ახალს შუა“, „გადია“, „კუდაბზიკეთი“, „კიკოლას ნაამბობი“), ხალხური თქმულებისა და ლეგენდების (პოემები „ნათელა“, „მედია“, „პატარა კახი“, ლექსი „ლეგენდარული“) შესახებ. ხალხურ მოტივებზეა აგებული მისი მრავალი ლექსი. ზღაპრის სამყაროდანაა აღებული ფაბულა „ვირი და მგელისა“, პოემებისა „ნაცარქექია“, „ავადმყოფი“. საგულისხმოა აგრეთვე მთელი სერია „ძველებური ამბებისა“, რომელშიც წარმოდგენილია ხალხის მეხსიერებიდან ამოკრებილი პატარ-პატარა ამბები ჩვენი ქვეყნის წარსულიდან, მისი გმირები, რაინდობა და ადათ-წესები. აკაკის ხალხურობა ვლინდება დამოუკიდებლად მოგონილ სიუჟეტებშიც, რომლებშიც გამოყენებულია სხვადასხვა ფოლკლორული ჟანრი. მასვე შეუთხზავს მრავალი ზღაპარი, ამბავი, იგავ-არაკი და შაირი. აკაკის მიერ გამოგონებული ბევრი გამოცანა ისეა გავრცელებული ხალხში, რომ მისი ავტორობა დაკარგულია და ისინი ხალხურად არის ცნობილი. არც ერთი პოეტის სიმღერები არ ყოფილა ისე პოპულარული, როგორც აკაკი წერეთლისა. ამის მიზეზი სწორედ მათი ხალხურობაა („სულიკო“, „ციცინათელა“, „მინდვრად ეგდო თეთრი ქვა“, „ღმერთო, წვიმა მოიყვანე“, „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან“, „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, „მუხამბაზი“, „მუშური“, „სალამური“, „იავნანა“…).

პუბლიცისტური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელმა პუბლიცისტური მოღვაწეობა დაიწყო სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე, ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლის პერიოდში (1862). მსგავსად ყველა თერგდალეულისა, მისი პუბლიცისტიკაც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედთან, მის ავ-კარგთან. არ ყოფილა თითქმის არც ერთი ცხოვრებისეული წვრილმანი, მისი კალამი რომ არ შეხებოდა. მისი პუბლიცისტური წერილები მკაცრად აკრიტიკებს გადაგვარებულ ადამიანებს, ეხება ეროვნულ, საპოლემიკო და სწავლა-აღზრდის საკითხებს.

ქართულ ლიტერატურასა და ესთეტიკურ აზროვნებაში აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, წარმოგვიდგება, როგორც დიდი მებძოლი რეალისტური ხელოვნებისთვის. მას სწამდა ისეთი ხელოვნება, რომელიც გამსჭვალული იქნებოდა მოწინავე, ხალხური იდეებით. აქედან გამომდინარე, მის შემოქმედებაში გატარებულია რეალისტური პრინციპი.

აკაკი წერეთლის საფლავი მთაწმინდაზე

აკაკი წერეთლის ლიტერატურულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი საქმიანობა. აკაკის პირველი ლექსი, რომელიც პრესაში გამოჩნდა („ცისკარი“, 1958), იყო თარგმანი ლერმონტოვის ლექსისა „პალესტინის რტო“. მან თარგმნა ბაირონის „ებრაული გოდება“, „სიმღერა“, „იეფთაის ასული“, დობროლიუბოვის ლექსი „მატლი“, მირზა ფატალი ახუნდოვის პიესა „შირალი“. მასვე ეკუთვნის კრილოვის იგავ–არაკების თარგმანი (კრილოვის 213 იგავ-არაკიდან 153 ყველაზე პოპულარული და მისი თანადროულობისთვის შესაფერისი იგავ-არაკი გადმოთარგმნა). ეს თარგმანი მან ქართულ ცხოვრებას შეუფარდა და შესაფერისად სატირულად ააჟღერა. თავისი მიზნის განსახორციელებლად პოეტი ზოგ თარგმანში (უფრო სწორად — გადმოქართულებულ იგავ–არაკში) აძლიერებს სატირას და აქტიურს ხდის ამა თუ იმ საკითხს. ამ იგავ-არაკებში აკაკი ემყარება ქართულ შემოქმედებას, იყენებს ქართული სინამდვილიდან აღებულ ყოფითს ელემენტებს, ქართულ ენამახვილი გამოთქმებს, რის შედეგადაც თარგმანს დამოუკიდებელი სახე და წმინდა ქართული იერი ეძლევა.

აკაკის ლექსებში ვლინდება მისი მრავალფეროვანი თემატიკის უაღრესად აქტიური და მღელვარე ხასიათი — ოპტიმიზმი, მომავლის რწმენა და ვაჟკაცური შემართება, რაც ასე ძლიერ სჭირდებოდა მის თანადროულ ეპოქას. ყველა ამ თვისებამ აკაკის დიდი პოპულარობა შესძინა და „უგვირგვინო მეფის“ სახელი მოუპოვა. აკაკის ლექსებს ხალხი იტაცებდა და მღეროდა, თავად მას კი, ილიასთან ერთად, თავის „გარემოების საყვირად“, მთელი ერის მედროშედ მიიჩნევდა XIX საუკუნის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

  • აბაშიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 304.
  • ბაქრაძე ა., აკაკი წერეთელი: ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2015, ISBN 978-99940-28-99-3.
  • ინგოროყვა, პ.: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი: მერანი, 1983
  • ასათიანი გ., სათავეებთან, თბილისი, 1982;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბილისი, 1974;
  • ზანდუკელი მ., თხზულებანი, ტ. 2 - ახალი ქართული ლიტერატურა, თბილისი, 1972;
  • მახარაძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 1, თბილისი, 1972;
  • ხინთიბიძე ა., აკაკის ლექსი, თბილისი, 1972;
  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართლი ლიტერატურის შესახებ, თბილისი, 1970;
  • გაჩეჩილაძე ა., აკაკი წერეთელი, თბილისი, 1966;
  • ასათიანი ლ., ცხოვრება აკაკი წერეთლისა, გამოც., მე-2, თბილისი, 1965;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 1, 4, თბილისი, 1958, 1963
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბილისი, 1959;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: