სულიკო (სიმღერა)
„სულიკო“ — ქართული პოპულარული ლექსი და სიმღერა. ლექსის ავტორი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი — ბარბარე (მოფერებით–ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი. ლექსი დაიწერა 1895 წელს. იმავე წელს დაიწერა სიმღერაც. „სულიკო“ თარგმნილია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულია რუსულად,[1][2] პოლონურად, ინგლისურად, ასევე გერმანულად, ფრანგულად, უკრაინულად, ჩინურად და სხვ.[3]
ლიტერატურაში დავაა იმის შესახებ, თუ ვის ან რას გულისხმობს აკაკი ლექსში ნახსენებ საყვარელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიებია სამშობლო (ვასილ ბარნოვი), სატრფო (გრიგოლ რობაქიძე) და ღმერთი (აკაკი ბაქრაძე).[4]
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა
„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.
მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Грузинская народная песня, Русский текст Т. Сикорской.
- ↑ 4787 Ноты. Сулико. Грузинская песня. МУЗГИЗ 1938 г (5536318612). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-08. ციტირების თარიღი: 2017-04-22.
- ↑ პოპიაშვილი, ნინო, „სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე, თბ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
- ↑ ბაქრაძე ა., აკაკი წერეთელი: ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2015. — გვ. 94-100, ISBN 978-99940-28-99-3.