ვასილ ბარნოვი
| ვასილ ბარნოვი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 22 მაისი (3 ივნისი), 1856, 3 აპრილი, 1856 ან 3 ივნისი, 1856[1] |
| დაბადების ადგილი | კოდა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 4 ნოემბერი, 1934[1] (78 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
| საქმიანობა | მწერალი[1] , პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია |
| ჟანრი | მოკლე რომანი |
ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 3 ივნისი [ძვ. სტ. 22 მაისი], 1856, სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნოვის (ბარნაველის) ოჯახში. მწერლის წინაპრები მესხეთის სოფელი ბარნავიდან გადმოსულან ქვემო ქართლში, სოფელ კოდაში. ახალმოშენეთ მშობლიური სოფლის სახელი, ბარნავი გვარად გადაუკეთებიათ და უწოდებიათ ბარნაველები. მათი ნამდვილი გვარი ბარნაველი რუსეთის ცარიზმის დამყარების შემდეგ ბარნოვად გადაკეთებულა. „ამგვარად, ფორმით გარუსებული გვარი მეც ბოლომდე შემრჩა“, — იგონებს მწერალი თავის ერთ-ერთ მოგონებაში.
ვასილმა ბავშვობის წლები გაატარა ერწოსა და ხევსურეთში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. 1873-1877 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1878 წლიდან – მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის ისტორიის განყოფილება დაამთავრა 1882 წ. ნაშრომისთვის „პასკალი იეზუიტების წინააღმდეგ“ მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორად, შემდეგ – გორისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლების ინსპექტორად და პედაგოგად. მისი გაკვეთილები ყოველთვის გამოირჩეოდა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით. 1885 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. 1880 წლის მიწურულს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.
1878-1879 წლებში გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ და ლექსი „ქართველი ქალი“. 1893 წელს ჟურ. „კვალში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „პატარა ლევანი“. 1885 წელს თელავში გადავიდა მასწავლებლად. 1911 წელს თბილისში დაბრუნდა და სასულიერო სემინარიაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. ასევე მუშაობდა დიმიტრი ბაქრაძის „ისტორიულ-არქეოლოგიურ კაბინეტში“ და გაზ. „ივერიაში“.
1917 წლდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918-1924 წლებში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „შალვა ნუცუბიძის კურსებზე“, ხოლო 1918-1921 წლებში — იუნკერთა სკოლაში. 1921-1930 წლებში კი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარნოვის პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ გამოქვეყნდა 1878 („დროება“, N 220-227), პირველი ლექსი „ქართველი ქალი“ - 1879 („დროება“, N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა „პატარა ლევანი“ - 1893 („კვალი“, N2), პირველი რომანი „ისნის ცისკარი“ - 1901 („მოამბე“, N18).
ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ მსოფლაღქმას. ბარნოვისთვის ღმერთი — კეთილი და ნათელი აბსოლუტი - არის სამყაროს პირველმიზეზიცა და განვითარების საბოლოო მიზანიც; ამ ქვეყნის ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება; სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად - უკვდავი; სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება (რომანები „მიმქრალი შარავანდედი“, 1913; „ტრფობა წამებული“, 1918); მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება (მოთხრობა „ძვირფასი თვალი“, 1924). ბარნოვის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოჩენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ „განგების რჩეულს“, „რაინდს კეთილისა“, ე. ი. დიდ ისტორიულ პიროვნებას, ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. ბარნოვი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც.
მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს („ტრფობა წამებული“, „არმაზის მსხვრევა“, 1925; „გიორგი სააკაძე“, 1923-1925) ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს („მიმქრალი შარავანდედი“, „დედოფალი ბიზანტიისა“, 1927; „ცოდვა სიჭაბუკისა“, 1928) ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული („ისნის ცისკარი“).
„მიმქრალ შარავავანდედში“ წარმოსახულია ბრძოლა პატივმოყვარეობასა და სიყვარულს შორის XVI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ სინამდვილის ფონზე; ფინალი მიგვანიშნებს, რომ დიდების შარვანდედი უსიყვარულოდ ამაოა. „ტრფობა წამებული“ VIIII-IX საუკუნეების საქართველოს ცხოვრებას ეხება და საეკლესიო დოგმების წინააღმდეგაა მიმართული; თუმცა ფაქტობრივად ეკლესია იმარჯვებს, ზნეობრივი უპირატესობა სიყვარულის მხარეზეა. ბარნოვისათვის გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძე“) „კეთილი რაინდია“, ღვთის ნებით საქართველოს გაერთიანებისათვის და მეფობისათვის მოწოდებული; მან კი არ ინდომა ბაგრატიონთა გვირგვინის ხელყოფა, რისთვისაც გამგებამ დასაჯა იგი. „არმაზის მსხვრევა“ საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას ეხება; წარმართობისა და ქრისტიანობის ჭიდილის საფარქვეშ იმალება სპარსეთისა და ბიზანტიის ბრძოლა საქართველოს დამონებისათვის.
ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური („ტკბილი დუდუკი“, 1909; „ნაძვნარის დევი“, 1921), სოციალური („თებარას დანიშნული“, 1911; „ფარჩის ახალუხი“, 1912; „გველის ზეიმი“, 1919; „სადედოფლო სარტყელი“, 1920; „განასკვილი სიმი“, 1920), პედაგოგიკური („ნუშო“, 1898; „ქოჩორა ხე“, 1898; „პროფესორი“, 1901; „მეჩვენა“, 1901) და სხვა პრობლემებისადმი. ბარნოვის პროზის რიტმულობა, რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს.
ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი „ამირანიანზე“, „როსტომიანზე“, „ტარიელიანზე“, „არსენას ლექსზე“. მანვე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია (1919) ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მიმქრალი შარავანდედი“ (1913)
- „ტრფობა წამებული“ (1918)
მოთხრობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „არმაზის მსხვრევა“
- „ძვირფასი თვალი“
- „ალქი“
- „ანანოს ბედი“
- „კვირაძლის სიზმარი“
- „სულთა კავშირი“
- „დედოფალი ბიზანტიისა“
- „გიორგი სააკაძე“
- „კერძო ბედნიერება“
- „ქუდბედინი“
- „ბჭესთან დიდებისა“
- „გველის ზეიმი“
- „არქეოლოგიური ნაშთი“
- „რკინის დევი“
- „ყვავილი მიმომავალი“
- „სვიმონ ხელი“
- „აღდგომის ცოდვა“
- „განასკვილი სიმი“
- „გადატყდა ხმალი“
- „სადედოფლო სარტყელი“
- „მოგვთა კალო“
- „ლეგას ჩოხა“
- „ნაძვნარის დევი“
- „სული მთვლემარე“
- „სარო მეტყველი“
- „ღიმი დამღუპი“
- „მაგნოლია“
- „ხაზართა სასძლო“
- „თეთრი გვირგვინი“
- „ჩვენი ლამპა“
- „სესე“
- „ხარაზი“
- „საკვირველი ხე“
- „პატარა ლევანი“
- „ემმა“
- „მსხვერპლი“
- „გაგრილებულიყო“
- „ნუშო“
- „ნაღიტა და ფეთება“
- „ქოჩორა ხე“
- „მართალი კაცი“
- „იოსებ კაიაფა“
- „ვაი შენს დამკარგავს“
- „ისე ჩაეკრა“
- „მიეხმატკბილა გოგონას“
- „მეჩვენა“
- „ცოდვა სიჭაბუკისა“
- „პრაფესორი“
- „ისნის ცისკარი“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვასილ ბარნოვი და მისი შემოქედებანი ner.ge - ზე დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine.
- ქართული ლიტერატურის ანთოლოგია: ვასილ ბარნოვი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ვასილ ბარნოვი — ბურუსი
- ვასილ ბარნოვი — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.
- ვასილ ბარნოვი — ბიბლიოვიკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცისკარიძე ვ., ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 359-360;
- ცისკარაძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 213, თბ., 1977;
- რადიანი შ., ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები, თბილისი, 1944;
- ვართაგავა იპ., კრიტიკული წერილები, თბილისი, 1956;
- ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბილისი, 1958;
- ჩხეიძე ო., რომანი და ისტორია, თბ., 1965;
- ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკიტხები, თბ., 1972;
- ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972
- ვასილ ბარნოვი. თხზულებანი, ტტ. 1-10, თბილისი, 1961-1964.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- დაბადებული 3 ივნისი
- დაბადებული 1856
- დაბადებული 3 აპრილი
- გარდაცვლილი 4 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1934
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი მწერლები
- ქართველი პედაგოგები
- მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები
- მწერლები ანბანის მიხედვით