შუაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შუაზელი
მშობ. სახელი: ინგლ. Choiseul Island
Choiseulandneighbourhood.png
კუნძულ შუაზელის რუკა
გეოგრაფია
7°05′S 157°00′E / 7.08° ს. გ. 157.0° ა. გ. / -7.08; 157.0
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2970,7 კმ²
უმაღლესი წერტილი 1067 მ
მაეტამბეს მთა
ქვეყანა
პროვინცია შუაზელი
დემოგრაფია
მოსახლეობა 20 000 (1999)
სიმჭიდროვე 6,732 ად. /კმ²

შუაზელი (ინგლ. Choiseul Island) — ვულკანური კუნძული[1] სოლომონის არქიპელაგში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების შუაზელის პროვინციის შემადგენლობაში. ძირძველი დასახელებაა — ლაურუ[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა.
კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

შუაზელი — სოლომონის კუნძულების ყველაზე ჩრდილო-დასავლეთის კუნძულია[2]. მისგან დასავლეთით მდებარეობს კუნძული ბუგენვილი (პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში) რომლისგანაც ის გამოყოფილია ბუგენვილის სრუტით, აღმოსავლეთით — კუნძული სანტა-ისაბელი, სამხრეთით — ნიუ-ჯორჯიის კუნძულები.

შუაზელი — სოლომონის არქიპელაგის ერთ-ერთი დიდი კუნძულია. კუნძულის ხმელეთის ფართობი შეადგენს 2970,7 კმ²-ს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მაეტამბეს მთა (Maetambe), რომლის სიმაღლეა 1067 მეტრი და წარმოადგენს უძველეს ვულკანურ კონუსს[3]. კუნძულის ზედაპირი წარმოდგენილია ფართე ვაკეებით, ხშირი მცენარეულობით დაფარული ქედებით, ქვიშოვანი პლაჟებით. სოფელ სარალატასთან ახლოს მდებარეობს ცხელი წყარო[3]. შუაზელის კუნძული გარშემორტყმულია ვიწრო გაქვავებული რიფით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან — ბარიერული რიფით[1].

შუაზელის კუნძულზე კლიმატი ტროპიკულია[1]. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 26-32 °C-ს, ნალექების წლიური რაოდენობაა — 2540-5080 მმ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმე არქეოლოგიური გათხრები შუაზელის კუნძულზე არ ჩატარებულა, მაგრამ, ლინგვისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კუნძულზე ადამიანთა დასახლება დაიწყო დაახლოებით 3500 წლის წინ[4].

შუაზელის კუნძული 1568 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო მენდანია დე ნეირამ, რომელმაც კუნძულს სახელად დაარქვა სან-მარკოსი. მაგრამ მოგზაური კუნძულზე არ გადასულა. 1768 წელს შუაზელი ხელმეორედ აღმოაჩინა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა და მას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეტიენ ფრანსუა შუაზელის პატივსაცემად შუაზელის კუნძული უწოდა.

XIX საუკუნის დასასრულამდე შუაზელის კუნძული ევროპელებში არავითარ ინტერესს არ იწვევდა, ხოლო ურთიერთობა მეზობელი კუნძულების მოსახლეობასთან საკმაოდ მტრული იყო[4]. 1870-იან წლებში კუნძულის ცენტრალური ნაწილის ბელადმა მოაწყო თავდასხმა დასავლეთის ტომებზე და კუნძულ ვაგენზე, რომელიც ამ მოვლენების შემდეგ გახდა დაუსახლებელი[5]. 1886 წელს კუნძულზე დამყარდა გერმანიის იმპერიის პროტექტორატი, ხოლო 1899 წელს — ბრიტანეთის იმპერიის. 1916 წელს შუაზელის კუნძულზე იფეთქა ტომთაშორისმა ომმა, რომელიც დამთავრდა მხოლოდ 1921 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით[5].

მეორე მსოფლიო ომის წლებში შუაზელის კუნძულზე გადმოსხდნენ იაპონიის და აშშ-ის ჯარები, მაგრამ კუნძული მდებარეობდა ძირითადი საბრძოლო მოქმედებებისგან შორს[6].

1978 წელს შუაზელი გახდა სოლომონის კუნძულების დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს შუაზელის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 20 ათას ადამიანს, რომელთა დიდი ნაწილი ცხოვრობდა პატარა სოფლებში კუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. შუაზელის ყველაზე დიდი დასახლებაა — სოფელი სასამუნგა (Sasamungga)[3]. ტაროს, ვაგენას და რობ-როის კუნძულებთან ერთად შუაზელი 1978 წლიდან ქმნის სოლომონის კუნძულების იმავე დასახელების პროვინციას.

კუნძულის მოსახლეობა ლაპარაკობს რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:

  • ბაბატანა (5600 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში).
  • ვარისი (5161 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში).
  • ვაგუა (1960 მოლაპარაკე).
  • რირიო (79 მოლაპარაკე, ახლოა ბაბატანას ენასთან).[7]

ასევე გვხვდება კირიბატული ენა[7].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუაზელის კუნძულის გაქრისტიანებამდე ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებული იყო ნატურალური სოფლის მეურნეობით. ძირითადი კულტურები იყო ტარო, იამსი, ბანანი[8]. კუნძულელები ასევე ნადირობდნენ გარეულ ცხოველებზე, უპირველეს ყოვლისა, ოპოსუმებზე და გარეული ღორებზე. თევზჭერა არ იყო საკვების მთავარი წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის[8].

დღეისათვის ძირითადი კულტურებია ბატატი, ბრინჯი, ბანანი, ნესვის ხე. კუნძულზე დიდი რაოდენობითაა ქოქოსის პალმის პლანტაციები, ხოლო ძირითადი საექსპორტო საქონელია კოპრა[8].

2000 წელს სოფელ სასამუნგაში დამონტაჟდა პატარა მზის ელექტროსადგური. ელექტროენერგია გამოიყენება უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი სკოლებისათვის. ძაბვა საკმარისია ტელევიზორების და კომპიუტერების მუშაობისათვის.[9]

არსებობს სატრანსპორტო კავშირი სხვა კუნძულებთან[3]. მოქმედებს ორი აეროპორტი. შუაზელ ბეის აეროპორტი (Choiseul Bay, იკაოს კოდი - AGGC, ადგილობრივი კოდი - CHY) მდებარეობს პატარა კუნძულ ტაროზე, რომელიც მდებარეობს კუნძულ შუაზელის ჩრდილო-დასავლეთ ბოლოში). კაგაუს აეროპორტი (Kagau ან Kaghau, იკაოს კოდი - AGKG, ადგილობრივი კოდი - KGE) მდებარეობს პატარა კუნძულ კაგაუზე, რომელიც მდებარეობს კუნძულ შუაზელის დაახლოებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლოში. ორივე აეროპორტს ემსახურება ადგილობრივი ავიაკომპანია Solomon Airlines, რომელიც იყენებს შიდა მარშრუტებზე თვითმფრინავებს Islander და Twin Otter. ორივე აეროპორტიდან ხორციელდება რეისები გიზოში და ჰონიარას საერთაშორისო აეროპორტში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე რომელიმე დაქორწინებული წყვილის ახლო ნათესაურ გაერთიანებას ჰქვია სინანგე (sinangge)[10]. სინანგეს საკუთრებაში იმყოფება მიწის განსაზღვრული ნაკვეთი კუნძულ შუაზელზე, რომელიც შეიძლება დაამუშაოს თემის ნებისმიერმა წევრმა (ამასთან ერთი ადამიანი ერთდროულად შედის რამდენიმე სინანგეში). მაგრამ სინანგეს წევრს არ შეუძლია დაისაკუთროს თემის კუთვნილი ეს მიწის ნაკვეთი[10]. უფრო ხშირად ახლო ნათესავები სახლდებიან ერთ ადგილას, ქმნიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ გაერთიანებას თემში ყველაზე პატივსაცემი ადამიანის ხელმძღვანელობით. სინანგეს წევრები შეიძლება გახდნენ არა მარტო დაქორწილებული წყვილის ნათესავები, არამედ სხვა ნებისმიერი სინანგეს წევრი[10].

ძველი მაცხოვრებლების მითოლოგიური წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ძველი მაცხოვრებლები ეთაყვანებოდნენ სხვადასხვა ტყის ღმერთებს და სულებს. ზოგიერთ სინანგეს ჰქონდა განსხვავებული ცერემონიალური მოედანი, რომელიც ეძღვნებოდა რომელიმე სხვა ღმერთს[11].

გარდაცვლილ ადამიანის სხეულს უფრო ხშირად წვავდნენ, თუმცა ზოგჯერ მარხავდნენ მიწაში. შუაზელის კუნძულის მოსახლეობა მიწისქვეშა სამყაროს ეძახდა უნგანას[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სოლომონის არქიპელაგის კუნძულები. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 კუნძულ შუაზელის მდგომარეობა. (ინგლისური)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 John Search. შუაზელის კუნძული. (ინგლისური)
  4. 4.0 4.1 შუაზელის კუნძულის ისტორია და კულტურული კავშირები. (ინგლისური)
  5. 5.0 5.1 ტურისტული ინფორმაცია სოლომონის კუნძულების შესახებ. (ინგლისური)
  6. შუაზელის კუნძული მეორე მსოფლიო ომის წლებში. (ინგლისური)
  7. 7.0 7.1 Ethnologue. სოლომონის კუნძულების ენები. (ინგლისური)
  8. 8.0 8.1 8.2 კუნძულის ეკონომიკა. (ინგლისური)
  9. Solomon Islands Department of Commerce, Employment and Tourism. Choiseul Province (ინგლისური)
  10. 10.0 10.1 10.2 კუნძულ შუაზელის თემი. (ინგლისური)
  11. 11.0 11.1 კუნძულის მაცხოვრებლების მითოლოგიური წარმოდგენები. (ინგლისური)