შინაარსზე გადასვლა

ბუგენვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუგენვილი
მშობ. სახელი: Bougainville

ვულკანი ბაგანა
გეოგრაფია
მდებარეობა მელანეზია
კოორდინატები 6°14′40″ ს. გ. 155°23′02″ ა. გ. / 6.24444° ს. გ. 155.38389° ა. გ. / -6.24444; 155.38389
ფართობი 9317,8 კმ²
სიგრძე 120 კმ
სიგანე 65-95 კმ
უმაღლესი წერტილი 2715 მ
ბალბი
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი
დემოგრაფია
მოსახლეობა 175 160 (2000)
სიმჭიდროვე 18,80 /კმ²

ბუგენვილი (ინგლ. Bougainville) — ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარ ოკეანის სოლომონის ზღვაში, არქიპელაგ სოლომონის არქიპელაგის უდიდესი კუნძული. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. კუნძულ ბუკასთან და სხვა ახლომდებარე კუნძულებთან ერთად ქმნის ბუგენვილის ავტონომიურ რეგიონს. 2000 წლის აღწერით კუნძულზე ცხოვრობდა 175 160 ადამიანი. სახელი ეწოდა ფრანგი ზღვაოსნის ლუი ანტუან დე ბუგენვილის პატივსაცემად.

კუნძულის ფართობი — 9317,8 კმ². სიგრძე — 120 კმ, სიგანე — 65-95 კმ. რელიეფი მთიანია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან — 2715 მეტრი (მთა ბალბი). ნაპირებზეა მარჯნის რიფები. არის ნოტიო ეკვატორული ტყე. იზრდება ქოქოსის პალმა, ბანანი.

კუნძულ ბუგენვილზე პირველი დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 28 000 წლის წინ კუნძულ ახალი ირლანდიიდან წამოსული ხალხის მეშვეობით. 3000-4000 წლის წინ მოვიდა ავსტრონეზიელი მოსახლეობა, რომლებმაც თან მოიყვანეს მოშინაურებული ღორები, ქათმები და ძაღლები. პირველი ევროპელი, რომელიც ესტუმრა კუნძულს იყო ფრანგი მოგზაური ლუი ანტუან დე ბუგენვილი 1768 წელს. 1899 წელს იგი დაიკავა გერმანიის იმპერიამ და შეუერთა გერმანიის ახალ გვინეას ოკეანეთში. პირველი ქრისტიანი მისიონერები კუნძულზე გამოჩნდნენ 1902 წელს.

1914 წელს კუნძული დაიკავეს ავსტრალიურმა ჯარებმა, ხოლო 1920 წელს შევიდა ავსტრალიის მმართველობის ქვეშ ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის დასაწყისში ბუგენვილი იაპონელებმა დაიკავეს; 1944 წლის მარტში ამერიკელმა ჯარისკაცებმა კუნძული გაათავისუფლეს, ხოლო იაპონიის გარნიზონის ნაწილები კუნძულზე ომის ბოლომდე დარჩა. ამერიკელებმა ავიაბაზისთვის დასახლება ტოროკინა გამოიყენეს, სადაც ხელსაყრელი პირობები იყო რაბაულში განლაგებული იაპონელების შენაერთების დასაბომბავად.

ომის შემდეგ ბუგენვილი დაუბრუნდა ავსტრალიის ადმინისტრაციას როგორც ახალი-გვინეის გაეროს სამეურვეო ტერიტორიის ნაწილი, ხოლო როდესაც 1975 წელს პაპუა-ახალმა გვინეამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, კუნძული გახდა ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს ნაწილი. ბუკასთან და კილინაილაუსთან, ტაუუსთან, ნუკუმანუსთან, ნუგურიასთან და ნისანის კუნძულების ჯგუფთან ერთად შეიქმნა პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთი სოლომონის პროვინცია, რომელიც 1997 წელს გარდაიქმნა ბუგენვილის პროვინციად.

კუნძულზე განვითარებულია სეპარატისტული მოძრაობა. ბუგენვილმა დამოუკიდებლობა სახელწოდებით ჩრდილოეთის სოლომონის კუნძულების რესპუბლიკა წარუმატებლად წამოაყენა ორჯერ: 1975 და 1990 წლებში. შეტაკების შედეგად დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაიღუპა. 2001 წელს სეპარატისტებმა და მთავრობამ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ავტონომიური რეგიონის ფორმირებით დამთავრდა. 2005 წელს პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ დაამტკიცა ბუგენვილის კონსტიტუცია, რასაც მოჰყვა ბუგენვილის ავტონომიური რეგიონის შექმნა.

კუნძულის მოსახლეობის 70 % ქრისტიანია. არის ბევრი ადგილობრივი ენა, რომლებიც 3 ენათა ოჯახში ერთიანდება. აღსანიშნავია ენა როტოკასი, რომელზედაც 4000 ადამიანი ლაპარაკობს. როტოკასს გააჩნია მოკლე ფონემური ინვენტარი და ანბანი, რომელიც 12 ასოსგან შედგება. ბუგენვილის მთავარი ქალაქებია არავა და კიეტა.

არის კალის საბადო. მოიპოვებენ ოქროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]