შინაარსზე გადასვლა

შარლ მალიქი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ მალიქი
არაბ. شارل مالك

შარლ მალიქი (მარჯვნივ) გაეროს გენერალურ მდივან დაგ ხამარშელდთან
დაბადების თარიღი 1906
დაბადების ადგილი ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 1987
გარდაცვალების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი, ფრაებურგის უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ლიბანის ფრონტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, დიპლომატი, ლიბანის განათლების და საგარეო საქმეთა მინისტრი 1956-1958 წლებში,
მამა ჰაბიბ მალიქი
დედა ზარიფა მალიქი
მეუღლე/ები ევა მალიქი
შვილ(ებ)ი ჰაბიბ მალიქი

შარლ ჰაბიბ მალიქი (არაბ. شارل حبيب مالك); 1906, ბითირამი — 1987, ბეირუთი) — ლიბანელი ქრისტიანი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, ლიბანის წარმომადგენელი გაეროში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი. 1956-1958 წლებში  იყო ლიბანის განათლების  და  საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი ატარებდა ნაციონალური ლიბერალიზმისა და ანტიკომუნიზმის პოლიტიკას. არის ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო და პოლიტიკური შრომების ავტორი. მემარჯვენე ქრისტიანული ძალების წამყვანი იდეოლოგი, სამოქალაქო ომის დროს ლიბანის ფრონტის ერთ-ერთი დამაარსებელი.[1][2][3]

ფილოსოფიური განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შარლ მალიქის ბიუსტი ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ეზოში

დაიბადა სოფელ ბითირამში (კურას რეგიონი) ანტიოქიელი მართლმადიდებლების ოჯახში. შარლ მალიქის ბიძა იყო ცნობილი არაბი მწერალი ფარაჰ ანტუნი. ის სწავლობდა ამერიკულ მისიონერულ სკოლაში. დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი, მიიღო  მათემატიკისა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. იგი ასწავლიდა ამ დისციპლინებს თავის უნივერსიტეტში.

1929-1932 წლებში შარლ მალიქი სწავლობდა მედიცინას და  ფილოსოფიას ეგვიპტეში, აშშ-ში, გერმანიაში. გაიარა სტაჟირება ჰარვარდისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. შარლ მალიქის სამეცნიერო მრჩეველები იყვნენ ალფრედ ნორტ უაიტჰედი და მარტინ ჰაიდეგერი.

შარლ მალიქი ნაციზმის მოწინააღმდეგე იყო. როდესაც  ნაცისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა გერმანიაში,  დატოვა ქვეყანა და კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1937 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. იგი ასწავლიდა ფილოსოფიას ჰარვარდსა და ამერიკის სხვა უნივერსიტეტებში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ის დაბრუნდა ლიბანში, ხელმძღვანელობდა. ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ფილოსოფიის განყოფილებას. [4]

ლიბანის წარმომადგენელი გაეროში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანაავტორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს შარლ მალიქი  ლიბანის წარმომადგენელი იყო სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე, როდესაც დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. თავმჯდომარეობდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს.[5]

შარლზ მალიქი იყო ერთადერთი არაბი, ვინც მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში. ამავე დროს, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ელეონორა რუზველტთან და რენე კასინთან. სსრკ წარმომადგენლებთან დისკუსიების დროს იგი მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლების ლიბერალურ შეხედულებებს. ისტორიაში უპრეცედენტო დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა შარლ მალიქის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ითვლება.[6]

იგი გახლდათ ლიბანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვენესუელასა და კუბაში. მონაწილეობდა ბანგუნდის კონფერენციაში. ხელმძღვანელობდა გაეროში ლიბანის დელეგაციას,. თავმჯდომარეობდა გენერალური ასამბლეის მე -13 სესიას. [7][8][9]

პოლიტიკური საქმიანობა ლიბანში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკომუნისტური კურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, შარლზ მალიქი საუბრობდა პროდასავლური ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა პოზიციიდან. ამრიგად, 1950-იანი წლების შუა პერიოდში მალიქმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირა სირიის სოციალ-ნაციონალისტურ პარტიისათვის, რომელიც მაშინ მკაცრად ანტიკომუნისტური ორგანიზაცია იყო და განიხილებოდა როგორც ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა გავლენას. მან გააკრიტიკა საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არაბულ სამყაროში კომუნისტური საფრთხის შეუფასებლობის გამო.

1955 წელს შარლ მალიქმა დაიკავა განათლების მინისტრის პოსტი, 1956 წელს გახდა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს 1958 წლის ლიბანის კრიზისის დროს. მტკიცედ უჭერდა მხარს მემარჯვენე პრეზიდენტს ქამილ შამუნს ნასერისტების აჯანყების წინააღმდეგ. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიბანში ამერიკული ჯარების შეყვანაში.[10]

1950-იანი წლების ბოლოს ის ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში დაბრუნდა. იგი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. დაკავებულიიყო  ფილოსოფიური, თეოლოგიური, ისტორიული და პოლიტიკური კვლევებით. ხშირად მიდიოდა ლექციებით საზღვარგარეთ, დიდხანს ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნაციონალიზმის კონცეფცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ მალიქი  ლიბანელი ნაციონალისტი იყო. იგი ლიბანელებს არაბულ ერად აღიარებდა, წერდა "არაბების მისტიკური ერთიანობის" შესახებ, დაგმო "ევროპის რასობრივი ამპარტავნება" და "დასავლეთის ეგოიზმი". ამავე დროს, მან უარყო "არაბული პოლიტიკური ერთიანობის უკიდურესი ფორმები", რომელსაც ხელს უწყობდა სოციალისტური ბაასის პარტია სირიასა და ერაყში.

რელიგიურ და კონფესიურ საკითხებში შარლ მალიქი იყო ლიბანელი ქრისტიანების - მარონიტი კათოლიკების, მართლმადიდებლების, პროტესტანტი ევანგელისტების ერთიანობის მომხრე. მან დაწერა არაერთი ესე ბიბლიისა და პატრისტიკის შესახებ. იგი გახლდათ მასონთა ლოჟის "დიდი აღმოსავლეთის" წევრი.[11][12]

ქრისტიანი იდეოლოგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი. შარლ მალიქი ასრულებდა მემარჯვენე ქრისტიანული ძალების წამყვან იდეოლოგისა და პოლიტიკური სტრატეგის როლს. ის იყო ლიბანის ფრონტის კოალიციის ერთ-ერთი დამაარსებელი.

შარლ მალიქს განიხილავდნენ, როგორც მემარჯვენეების ქრისტიანული ბანაკის "ტვინს", ხოლო პიერ ჯემაიელი, ქამილ შამუნი, ბაშირ ჯემაიელი, დანი შამუნი და ეტიენ საქერი იყვნენ მისი "კუნთები". უფრო მეტიც, ლიბანის ფრონტის ყველა მეთაურიდან შარლ მალიქი  ერთადერთი მართლმადიდებელი იყო; დანარჩენები—  მარონიტები.

შარლ მალიქის ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებები მეტწილად ქმნიდა მემარჯვენე ქრისტიანული ძალების იდეოლოგიურ საფუძველს. ამით მალიქმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ლიბანის სამოქალაქო ომში.

შარლ მალიქი გარდაიცვალა 1987 წლის 28 დეკემბერს, 81 წლის ასაკში.[13]

შარლ მალიქი არის ლიბანის ქრისტიანული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ავტორიტეტი. იგი აღიარებულია როგორც გამოჩენილი ქრისტიანი ფილოსოფოსი,  სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. მისი როლი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში ცნობილია მთელ მსოფლიოში.

შარლ მალიქის პრინციპები ჩართულია თავისუფლების ფრონტის მოძრაობის იდეოლოგიურ საფუძველში, რომელიც დააარსა ფალანგისტმა პოლიტიკოსმა და ლიბანის ძალების საველე მეთაურმა ფუად აბუ ნადერმა.[14]

1941 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს, შარლ მალიქმა ცოლად მოიყვანა სუდანელი ევა ჰაბიბ ბადრი (გარდაიცვალა მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ).[15]

ჰაბიბ მალიქი — შარლ მალიქის ვაჟი, არის ისტორიკოსი და უფლებადამცველი. ჰარვარდის პროფესორი, ლიბანის შარლ მალიქის ადამიანის უფლებათა ფონდის დამფუძნებელი.

რამზი მალიქი, შარლ მალიქის ძმა, იყო კათოლიკე მღვდელი და საზოგადო მოღვაწე, არაბეთ-ისრაელის შერიგების და თანამშრომლობის ცნობილი მომხრე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Charles Habib Malik Papers. A Finding Aid to the Collection in the Library of Congress დაარქივებული 2023-06-30 საიტზე Wayback Machine.

  1. Awad, Najib George (2012). And Freedom Became a Public-square: Political, Sociological and Religious Overviews on the Arab Christians and the Arabic Spring. LIT Verlag Münster. ISBN 9783643902665.
  2. Sayigh, Rosemary (2015-03-01). Yusif Sayigh: Arab Economist and Palestinian Patriot: A Fractured Life Story. American University in Cairo Press. ISBN 9781617976421.
  3. "Charles Habib Malek - Les clés du Moyen-Orient". www.lesclesdumoyenorient.com. Retrieved 2019-07-23.
  4. Now: Civilization Studies Program, AUB http://www.aub.edu.lb/fas/cvsp/Pages/index.aspx Archived 2017-10-31 at the Wayback Machine
  5. "DR. CHARLES HABIB MALIK - 13th Session". United Nations. Retrieved November 14, 2011
  6. تعزيز التربية على حقوق الإنسان وبناء القدرات (არაბ)
  7. Elias, Amin. "La liberté de conversion : le débat dans l'Islam est désormais quotidien". Fondazione Internazionale Oasis. Archived from the original on 14 March 2011. Retrieved 24 April 2012.
  8. Photo/YES, UN (1958-08-19). "General Assembly Continues Middle East Debate". www.unmultimedia.org. Retrieved 2016-02-02.
  9. Photo/TW, UN (1957-09-25). "Lebanese Delegation to the 12th Session of the UN General Assembly". www.unmultimedia.org. Retrieved 2016-02-02.
  10. Said, Edward W. (1999). Out of Place. Vintage Books, NY.
  11. Bonnie F. Saunders. The United States and Arab Nationalism: The Syrian Case, 1953—1960.
  12. Grand Orient Arabe Œcuménique (G.O.A.O.) Obédience Maçonnique fondée en 1950 الشرق العربي الاعظم. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-08. ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  13. Charles H. Malik of Lebanon, 81; Was President of U.N. Assembly
  14. Remembering Charles H. Malik
  15. Eva Badr (1914—1988)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_მალიქი“-დან