დიპლომატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიპლომატიასაგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობის ორგანოთა ოფიციალური საქმიანობა საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვარგარეთ. ტერმინი „დიპლომატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „diplōma“ — წარწერებიანი ორკეცი დაფა, რომელიც ძველ საბერძნეთში რწმუნებულების საბუთად ეძლეოდა სხვა ქვეყანაში გაგზავნილ დესპანს; თანამედროვე მნიშვნელობით დამკვიდრდა XVIII საუკუნის ბოლოს. დიპლომატია წარმოიშვა სახელმწიფოსთან ერთად. მისი მიზანდასახულობა და მეთოდები შეესაბამება სახელმწიფოს არსს და პოლიტიკურ რეჟიმს.[1]

მონათმფლობელური სახელმწიფოს დიპლომატია ემსახურებოდა ერთ ქვეყანასთან კავშირის შეკვრას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა ელჩების გაგზავნისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების პრაქტიკა. მანევრირებითა და ცბიერებით გამოირჩეოდა ანტიკური რომის დიპლომატია; ფეოდალიზმის ეპოქაში ეს ტრადიციები განავითარა ბიზანტიისა და რომის პაპების დიპლომატიამ; ბიზანტიამ შემოიღო მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობანი საზღვარგარეთ და რთული დიპლომატიური ეტიკეტი.[1] მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV საუკუნის იტალიაში წარმოიშვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.[2]

დიპლომატიური თანამდებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა: მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი, გენერალური კონსული; საგანგებო დავალებათა ელჩი. უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია: სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; მინისტრის სამდივნოს უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი; უფროსი მრჩეველი; კონსული; მრჩეველი; თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია: ვიცე-კონსული; პირველი მდივანი; საკონსულო აგენტი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი; ატაშე; თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები.

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უმაღლესი დიპლომატიური რანგები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
  • უფროსი დიპლომატიური რანგები: უფროსი მრჩეველი; მრჩეველი; უმცროსი მრჩეველი.
  • უმცროსი დიპლომატიური რანგები: პირველი მდივანი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი, ატაშე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]