ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესია, ეკლესიის ადგილობრივი ცენტრი

ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში, ელეს (გერმ. Evangelisch-Lutherische Kirche in Georgien, ELKG) რეგიონალური დამოუკიდებელი ეპარქიაა, რომელიც შედის რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და შუააზიის ევანგელისტურ-ლუთერანული ერთიანი ეკლესიის შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია, რომელიც საბჭოურ რეპრესიებს შეეწირა

საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია ძირითადად კავკასიელ გერმანელებს უკავშირდება, რომლებიც 1817-1819 წლებში გერმანიიდან, ვიურტენბერგიდან გადმოსახლდნენ. ქართველები გამოირჩეოდნენ გერმანულ მოსახლეობასთან ტოლერანტული და მეგობრული, მეზობლური დამოკიდებულებით. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო საქართველოს გერმანულეროვანი დასახლებების შევიწროება, როდესაც სახელმწიფოს მიერ გერმანელები მტრებად გამოცხადდნენ. მოგვიანებით ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიასაც შეეხო ბოლშევიკების ანტისაეკლესიო კურსი, რომელმაც მწვერვალს სტალინიზმის ეპოქაში მიაღწია. გერმანული ეკლესიები იხურებოდა და ინგრეოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, აიკრძალა ყველანაირი რელიგიური ღვთისმსახურება; გერმანელი პასტორები და სხვა საეკლესიო პირები მიზანმიმართულად იდევნებოდნენ, ზოგი მათგანი დააპატიმრეს, ზოგიც გადაასახლეს, ზოგს კი დახვრეტა მიუსაჯეს.

საქართველოს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი პასტორი რიხარდ მაიერი, რომელიც ეკლესიას 32 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, 1931 წელს დააკავეს, გადაასახლეს ციმბირში და 1933 წლის თებერვალში მოსკოვში დახვრიტეს. ტერორის მსხვერპლი გახდა მისი ორი შვილიც. რიხარდის ვაჟი ჰერბერტი 1937 წლის ივლისში თბილისთან დახვრიტეს, ხოლო ქალიშვილი ერიკა იმავე წლის სექტემბერს დევნილობაში გარდაიცვალა. ოჯახის დანარჩენი წევრები ყაზახეთში გაადეპორტეს. რიხარდ მაიერის დაკავების შემდეგ თბილისში ევანგელისტურ-ლუთერანული საეკლესიო ცხოვრება ოფიციალურად აღარ არსებობდა. საეკლესიო ნაგებობები საბჭოთა ხელისუფლებამ ოფიციალურად ჩამოართვა გერმანულ ეკლესიას, რის შემდეგაც 1946 წელს ისინი მეორე მსოფლიო ომის ტყვეებს დაანგრევინეს, რომელთა შორის უმრავლესობა გერმანელები იყვნენ.

მიუხედავად აკრძალვისა, ქრისტიანული რწმენა ლუთერანული ტრადიციების სახით მაინც არსებობდა საქართველოში მცხოვრებ ამ სარწმუნოების მიმდევარ ხალხში. ზოგიერთ გერმანულ დასახლებაში რწმენა და რელიგიური ტრადიციები, მიუხედავად რელიგიური წინამძღოლის არყოლისა, შეინარჩუნეს პერესტროიკამდე.

1991 წლისათვის საქართველოში ძირითადად ეთნიკურად გერმანელი ლუთერანების ჯგუფები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ამ ჯგუფებს იდეოლოგიურად ბიძგს აძლევდა ზაარლანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგი გერტ ჰუმელი, რომელიც იმხანად თბილისში მუშაობდა. 1997 წლის 26 ოქტომბერს მან ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიაზე გახსნა ახალი ლუთერანული „შერიგების ეკლესია“. 1998 წელს მან გაყიდა საკუთარი სახლი და დანაზოგით თბილისში ააშენა ახალი ევანგელურ-ლუთერანული ტაძარი, ლუთერანული სათვისტომოს ცენტრი, მოხუცთა თავშესაფარი.

1998 წელს იგი თავის ცოლთან ერთად საბოლოოდ გადმოსახლდა თბილისში, მიიღო პასტორის ტიტული და წარუძღვა მაშინდელ საეკლესიო სათვისტომოს. ერთი წლის შემდეგ იგი რეგიონალურმა ევანგელურმა სინოდმა აკურთხა საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ცენტრი საქართველოში მდებარეობს თბილისში, შერიგების ეკლესიაში. აქვე მდებარეობს კათედრა ეპისკოპოსისა, რომელსაც აკისრია ეკლესიის სულიერი წინამძღოლობა. გადაწყვეტილების მიღების ორგანოა რეგიონალური სინოდი. საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესია არის წევრი რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და შუააზიის ევანგელისტურ-ლუთერანული ერთიანი ეკლესიისა.

ამჟამად ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას საქართველოში ეკუთვნის ექვსი რეგისტრირებული საზოგადოება და ათი საზოგადოებრივი დაჯგუფება. ეკლესიაში მუშაობს ორი პასტორი და ორი ლექტორი. საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობას გერმანიაში ვიურტემბერგის ლუთერანულ რეგიონალურ ეკლესიასთან.

აღდგენილ ლუთერანულ ეკლესიას საქართველოში დღემდე ჰყავდა ოთხი ეპისკოპოსი:

  • 1999-2004 : გერტ ჰუმელი
  • 2004-2006 : ანდრეას სტეკლი
  • 2006-2009 : იოჰანეს ლაუნჰარდტი
  • 2009 წლიდან : ჰანს-იოახიმ კიდერლენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lutherischer Dienst, 46. Jahrgang 2010, Heft 1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]