რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
ათონის ბრძოლა

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1806-1812 ― მორიგი ომი რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ოსმალეთი ფიქრობდა, რომ რადგანაც რუსეთი 1804 წლიდან დაკავებული იყო ირანთან ომით, ხოლო 1805 წლიდან საფრანგეთთან ომით, ოსმალეთი ადვილად დაიბრუნებდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიებს და საქართველოსაც დაეპატრონებოდა. საბაბად დუნაიზე რუსეთის აქტივობა გამოიყენეს. 1806 წლის დეკემბრის ბოლოს სულთანმა სელიმ III-მ რუსეთს ომი გამოუცხადა. გაიხსნა ორი ფრონტი ბალკანეთსა და კავკასიაში.

ბალკანეთის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1806 წლის 9-21 ნოემბერს რუსეთის 40 ათასიანმა არმიამ ი. მიხელსონის მეთაურობით მდინარე დნესტრი გადალახა და დუნაის სამთავროები დაიკავა, რომ იქ ფრანგებს არ დაესწროთ. 18 დეკემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. სამხედრო მოქმედებები დუნაის აუზში და ამიერკავკასიაში გაიშალა. ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტიც მოქმედებდა. 1807 წლის 19 ივნისს ათონთან ბრძოლაში რუსეთის ესკადრამ დ. სენიავინის მეთაურობით ოსმალთა ფლოტი დაამარცხა. 1807 წელს ივანე მიხელსონის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ჯარების სარდლად ალექსანდრე პროზოროვსკი დანიშნეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 1809 წლის 11 აგვისტოდან, სარდლად პეტრე ბაგრატიონი იყო, 1810 წლის თებერვალში ნიკოლაი კამენსკი დაინიშნა, 1811 წლის მარტში კი - მიხეილ კუტუზოვი. ამ ომში რუსეთის არმიამ მთელ რიგ ბრძოლებში გაიმარჯვა და დაიკავა რამდენიმე ქალაქი.

კავკასიის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის კავკასიის არმიას სარდლობდა ივან გუდოვიჩი. მას სულ 22 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა, მაგრამ ამავდროულად სპარსეთთან ომშიც იყო ჩართული. ამიტომ რუსეთი დიდ იმედებს ამყარებდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაზე. ქართველებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა რუსმა გენერალმა პეტრე ბაგრატიონმა. რუსეთის იმპერიის მხარეს ომში ჩაერთვნენ რუსეთის ქვეშევრდომი გურიისა და ოდიშის სამთავროები. 1807 წლის 18 ივნისს რუს-ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა გამარჯვებას მიაღწია მდინარე არაფჩაის სანაპირზე გამართულ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში გამარჯვებით რუსეთმა ჩაშალა ოსმალეთისა და სპარსეთის კოალიცია. დაიდო დროებითი ზავი ოსმალეთთან, რომელმაც 1809 წლის აპრილამდე გასტანა.

1809 წელს რუსეთმა ოდიშისა და გურიის სამთავროების ლაშქრების დახმარებით მალთაყვის ბრძოლაში დაამარცხა ტრაპიზონის სერასკერის 9-ათასიანი ჯარი და ფოთი აიღო. 1810 წლის ივლისში რუსეთმა დაიკავა სოხუმი. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთმა შეუტია ახალციხეს, მაგრამ ვერ აიღო. 1811 წლის დეკემბერში რუსეთმა ქართველების დახმარებით დაიკავა ახალქალაქი.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1811 წლის ოქტომბერში რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობის გამწვავების იმედით ოსმალები საქმეს აჭიანურებდნენ. კუტუზოვის ინიციატივით 1812 წელს ხელი მოაწერეს ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალებმა აღიარეს ბესარაბიისა და დასავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთება; დუნაის აუზში დაკავებული ციხე-ქალაქები, აგრეთვე ფოთი და ახალქალაქი რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]