კათარინა ვიურტემბერგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კათარინა ვიურტემბერგელი
RSLB Brautbild Katharina Koenigin von Westphalen.jpg
დედოფალი კათარინა 1807 წელს
ვესტფალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1807
მმართ. დასასრული: 26 ოქტომბერი, 1813
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 თებერვალი, 1783
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1835, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ლოზანა, შვეიცარია
მეუღლე: ჟერომ ბონაპარტი
შვილები: ჟერომ-ნაპოლეონი
მატილდა
ნაპოლეონ-ჟერომი
სრული სახელი: ფრედერიკა კათარინა სოფია დოროთეა
დინასტია: ვიურტემბერგელები
მამა: ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე
დედა: ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

კათარინა ვიურტემბერგელი (გერმ. Katharina von Württemberg; დ. 21 თებერვალი, 1783, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 29 ნოემბერი, 1835, ლოზანა, შვეიცარია) — ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ის ასული. ვესტფალიის ერთადერთი დედოფალი 1807-1813 წლებში როგორც ნაპოლეონის ძმის, ჟერომ ბონაპარტის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათარინა დაიბადა 1783 წლის 21 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო პრინც ფრიდრიხ ვიურტემბერგელისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. დედამისი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელის ღვიძლი და და ასევე მეფე ჯორჯ III-ის დისწული. მისი მშობლები რუსეთის საიმპერატორო კარზე იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ კათარინას მამიდა, მარია ფიოდოროვნა (ქალიშვილობაში სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი) დაქორწინებული იყო რუსეთის ცარევიჩ პავლე პეტროვიჩზე (შემდეგში პავლე I) და იგი მფარველობდა თავის ძმას და მის ოჯახს. თავად კათარინას სახელი მამიდამისის დედამთილის, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის პატივსაცემად დაარქვეს.

1788 წელს კათარინას დედა მშობიარობას გადაჰყვა, თუმცა მანამდე მისი მშობლები გაშორდნენ და იგი მამასთან ერთად დაბრუნდა ვიურტემბერგში. 1797 წლიდან ვიურტემბერგის ტახტს მამამისი იკავებს და იმავე წელს ცოლად ირთავს ჯორჯ III-ის ასულ შარლოტა ბრიტანელს, რომელიც გერებს კარგად ეპყრობოდა. 1803 წლიდან ფრიდრიხმა ნაპოლეონთან ალიანსი გააფორმა, რის განსამტკიცებლადაც გადაწყდა კათარინას მითხოვება ჟერომ ბონაპარტზე, რომელიც ნაპოლეონის უმცროსი ძმა იყო.

ჟერომი და კათარინა 1810 წელს

1807 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში, პარიზში, ფონტენბლოს სასახლეში შედგა კათარინასა და ჟერომის ქორწილი, რის შემდეგაც იგი ვესტფალიის დედოფალი გახდა. იგი ისტორიაში ვესტფალიის პირველი და უკანასკნელი დედოფალი იყო, რადგან სამეფო ნაპოლეონმა თავისი ძმისთვის შექმნა და მის დამხობასთან ერთად გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ბედნიერი და მყარი ქორწინება ჰქონდა, ჟერომი ერთგული ქმარი არასოდეს ყოფილა და გამუდმებით ღალატობდა კათარინას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სამწლიანი რომანი დიანა ფონ პაპენჰაიმთან, თუმდა დედოფალი მეფის ქმედებებზე თვალის დახუჭვას ამჯობინებდა.

1813 წელს მოკავშირეებმა დაამარცხეს ნაპოლეონი და გააუქმეს ვესტფალიის სამეფოც, რის გამოც ჟერომი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც კათარინაც გაჰყვა. ომის პერიოდში კათარინა თავისი მაზლის ცოლთან, მარი ჯულია კლართან (დამხობამდე ესპანეთის დედოფალი) და მის დასთან, დეზიდერია კლართან (შემდეგში შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი) ერთად იმალებოდა მორტეფონტანაში.

1814 წელს, ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ სიტუაცია უფრო დამძიმდა. მამამისმა კათარინა სასწრაფოდ დააბრუნა ვიურტემბერგში, ოღონდ ჟერომის გარეშე. მის მსგავსად დედოფალი მარი ლუიზიც მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდა და მიატოვა ნაპოლეონი.

1815 წლის ასი დღის განმავლობაში იგი ჟერომს ნაპოლეონთან დაკავშირებაში ეხმარებოდა, თუმცა იგი საფრანგეთიდან გაადეპორტეს. იგი იძულებული გახდა ვიურტემბერგში დაბრუნებულიყო, სადაც მამამისმა დააპატიმრა. ნაპოლეონის დაცემის შემდეგ პატიმრობაში მისი ქმარიც შეუერთდა.

რამდენიმე წლის შემდეგ კათარინამ და ჟერომმა მოახერხეს პატიმრობისათვის თავის დაღწევა და ტრიესტში, იტალიაში გაიქცნენ, თუმცა ვითარების გამო დიდ ხანს იქაც ვერ დარჩნენ და ლოზანაში, შვეიცარიაში დასახლდნენ. აქ ისინი მონფორის პრინცისა და პრინცესის ტიტულით სარგებლობდნენ. კათარინა გარდაიცვალა 1835 წლის 29 ნოემბერს ლოზანაში, შვეიცარიაში, 52 წლის ასაკში. ჟერომმა კიდევ 25 წელს იცოცხლა და მესამედაც დაქორწინდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟერომ ნაპოლეონი (1814-1847), მსახურობდა ვიურტემბერგის არმიაში, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. მატილდა (1820-1904), პირველად დაქორწინდა რუს დიდებულ ანატოლი ნიკოლაევიჩ დემიდოვზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად კლაუდიუს მარსელ პოპელინს გაჰყვა. შვილები არ ჰყოლია;
  3. ნაპოლეონ ჟერომი (1822-1891), ალჟირსა და კოლონიებთან ურთიერთობების მინისტრი. ცოლად შეირთო იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის ასული მარია კლოტილდა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lindwall, Lilly: (Swedish) Desideria. Bernadotternas anmoder.[Desideria. The Ancestral Mother of the Bernadottes] Stockholm. Åhlén och Åkerlunds Förlag A.-B. (1919)
  • Sabine Köttelwesch, Katharina von Westphalen (1783–1835), in: Helmut Burmeister und Veronika Jäger (Hrsg.), König Jérôme und der Reformstaat Westphalen, Hofgeismar 2006, S. 73–94, ISSN 0440-7520