ტიგრან III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტიგრან III
Tigranes III.jpg
სომხეთის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 20 - ძვ. წ. 8
წინამორბედი: არტაშეს II
მემკვიდრე: ტიგრან IV და ერატო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 50-იანები
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 8
შვილები: ტიგრან IV
ერატო
დინასტია: არტაშესიანები
მამა: არტავაზდ II
რელიგია: მაზდეანობა

ტიგრან III (დ. ძვ. წ. 50-იანები — გ. ძვ. წ. 8[1]) ― რომაელთა ვასალი სომხეთის მეფე ძვ. წ. 20 - ძვ. წ. 8 წლებში არტაშესიანთა დინასტიიდან. მეფე არტავაზდ II-ის ძე. სომხეთის მეფე ტიგრან IV-ისა და დედოფალ ერატოს მამა.

ოჯახი და ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრანის მამა, მეფე არტავაზდი

ტიგრანი დაიბადა ძვ. წ. 50-იან წლებში. იგი იყო სომხეთის მეფე არტავაზდ II-ისა[2] და მისი უცნობი მეუღლის მეორე ძე. მამის მხრიდან იგი თავად მეფე ტიგრან II დიდის შვილიშვილი იყო და სწორედ მის პატივსაცემდა ერქვა სახელი. ამას გარდა, მას უფროსი ძმა ჰყავდა, არტაშესის სახელით[3], და აგრეთვე უცნობი სახელის მქონე დაც, რომელიც ცოლად კაპადოკიის მეფე არქელაუსს გაჰყვა[4]. იგი დაიბადა და და-ძმასთან ერთად იზრდებოდა სომხეთში.

რომაელთა ტყვეობა და გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის ტრიუმვირატის დროს თავად მარკუს ანტონიუსმა ტყვედ ჩაიგდო მეფე არტავაზდ II და მისი ოჯახი. ამის შემდეგ სომხეთის სამეფო ოჯახი, როგორც საპატიო ტყვეები, ალექსანდრიაში გადაიყვანეს, სადაც ზედამხედველობას თავად ანტონიუსი უწევდათ ეგვიპტის ლეგენდარულ დედოფალ კლეოპატრა VII-სთან ერთად[5]. ძვ. წ. 34 წელს ტიგრანის ძმამ, არტაშესმა ეგვიპტიდან გაქცევა და თავის პართიის მეფე ფრაატ IV-სთან შეფარება მოასწრო[6]. მეფე ფრაატის მხარდაჭერით მან მოახერხა სომხეთში შეჭრა, ტახტის დაბრუნება და არტაშეს II-ის სახელით გამეფება[7].

ძვ. წ. 31 წელს აქციუმის ბრძოლაში რომის მომავალმა იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა დაამარცხა ანტონიუსი და კლეოპატრა, რასაც ძვ. წ. 30 წელს რომაელების ეგვიპტეში შეჭრა მოჰყვა. ამ დროისათვის ტიგრანის მამა უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა რომაელებმა თავად ტიგრანი კვლავ ტყვეობაში დატოვეს, ოღონდ ალექსანდრიიდან რომში გადაიყვანეს. რომში იგი პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრობდა, თუმცა ამავდროულად კარგ განათლებასაც იღებდა. ძვ. წ. 20 წელს, რომში გატარებული 10 წლის შემდეგ[8], რომაელებმა ტიგრანის გათავისუფლებაზე დაიწყეს ფიქრი, რასაც რამდენიმე მოვლენა უძღვოდა წინ.

ჯერ კიდევ არტაშესის მეფობისას, სომეხმა დიდებულებმა, რომელთაც თავიანთი მეფის რწმენა დაკარგული ჰქონდათ, დელეგაცია გააგზავნეს რომის იმპერატორთან და სთხოვეს, რომ არტაშესი დაემხო და ტიგრანი გაემეფებინა[9]. ავგუსტუსმა იგი სომხეთში გაუშვა და თან თავისი გერი, ტიბერიუსიც გააყოლა დიდი რომაული ჯარით[10], არტაშესის დასამხობად. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტიგრანი და ტიბერიუსი სომხეთამდე მიაღწევდნენ, სასახლის მცველებმა წარმატებით მოახერხეს არტაშესის მოკვლა[11]. ამრიგად, სომხეთში შესვლისას ტიგრან III უკვე მეფე იყო.

სომხეთის მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრან III-ის მეფობა სომხეთში სულ 12 წელს გაგრძელდა[12]. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის დროს მეფობდა, მისი მმართველობის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს, რაც ამ პერიოდში არსებული სიმშვიდითაც შეიძლება აიხსნას. მისმა მეფობამ სომხეთს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სომხეთ-რომის მშვიდობიან ურთიერთობას.

ტიგრანი ძვ. წ. 8 წელს გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა სხვადასხვა უცნობი ქალისაგან: ტიგრან IV და ერატო. გამეფების შემდეგ მისმა ძემ, მეფე ტიგრან IV-მ თავის დაზე, დედოფალ ერატოზე იქორწინა და მათ ერთად დაიწყეს სახელმწიფოს მართვა[13].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Res Gestae Divi Augusti, Paragraph 27 - 1st century
  • R. Naroll, V.L. Bullough & F. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, SUNY Press, 1974
  • H. Temporini & W. Haase, Politische Geschichte (Provinzen Und Randv Lker: Griechischer Balkanraum; Kleinasien): Griechischer Balkanraum; Kleinasien), Walter de Gruyter, 1980
  • E. Yarshater, The Cambridge History of Iran, Cambridge University Press, 1983
  • P.M. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio's Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14) (Google eBook), Oxford University Press, 2004
  • M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
  • T. Daryaee, The Oxford Handbook of Iranian History, Oxford University Press, 2012

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
  2. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.47
  3. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.112
  4. Cassius Dio, Roman History 49.39.2
  5. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.47
  6. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.48
  7. Daryaee, The Oxford Handbook of Iranian History, p.173
  8. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, p.161
  9. Temporini, Politische Geschichte (Provinzen Und Randv Lker: Griechischer Balkanraum; Kleinasien): Griechischer Balkanraum; Kleinasien), p.979
  10. Temporini, Politische Geschichte (Provinzen Und Randv Lker: Griechischer Balkanraum; Kleinasien): Griechischer Balkanraum; Kleinasien), p.979
  11. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.48
  12. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.613
  13. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.200