ერატო (სომხეთის დედოფალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერატო
Queenerato.jpg
დიდი სომხეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 10
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 2
წინამორბედი: ტიგრან III
მემკვიდრე: არიობარზან II
დიდი სომხეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6
მმართ. დასასრული: 12
წინამორბედი: არტავაზდ III
მემკვიდრე: ვონონ I
თანამმართველი: ტიგრან IV (I მმართველობისას)
ტიგრან V (II მმართველობისას)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: უცნობია
მეუღლე: ტიგრან IV, სომხეთის მეფე
დინასტია: არტაშესიანები
მამა: ტიგრან III, სომხეთის მეფე
დედა: უცნობია

ერატო (სომხ. Էրատո), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი ერატო[1] (სომხ. Էրատո թագուհի) — არტაშესიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სომხეთის მეფე ტიგრან III-ის ქალიშვილი. დიდი სომხეთის დედოფალი ძვ.წ. 10-ძვ.წ. 2 წლებში თავის ძმა-ქმართან, ტიგრან IV-თან ერთად[2]. ძმის გარდაცვალების შემდეგ მან დაკარგა სამეფო ტახტი და რამდენიმე წელი პოლიტიკურ დევნილობაში გაატარა, რის შემდეგაც, ჩვ.წ. 6 წელს ჰეროდიანთა დინასტიის წარმომადგენელ მეფე ტიგრან V-თან ერთად კვლავ ავიდა ტახტზე და ქვეყანას ჩვ.წ. 12 წლამდე მართავდა[3]. მისი გარდაცვალების თარიღის, ადგილისა და მიზეზის შესახებ ცნობები არ არსებობს.

სახელის განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერატო ანტიკური ბერძნული სახელია, რომელიც „სასურველს“, „საყვარელს“ ნიშნავს. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ერატო ერქვა სასიყვარულო პოეზიის მუზას. თავად სახელი ერატო არის მამაკაცის სახელ ეროსის ქალის ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ ეროსი ბერძნულ მითოლოგიაში ასევე სიყვარულის ღმერთი იყო.

დაბადება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერატოს დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სომხეთის მეფე ტიგრან III-ის მეორე შვილი, რომელიც მას უცნობი ქალისაგან შეეძინა.[4] მისი დედმამიშვილებიდან ცნობილია მხოლოდ მისი ნახევარ-ძმა, ტიგრან IV, რომელიც ტიგრან III-ს სხვა, ასევე უცნობი ქალისაგან ჰყავდა.[5] უმეტესწილად მოიაზრება, რომ ერატო რომში დაიბადა, სადაც მამამისი ათი წლის მანძილზე იყო პოლიტიკურ დევნილობაში.[6] ვინაიდან ტიგრან III რომში ძვ.წ. 30 წლიდან ძვ.წ. 20 წლამდე ცხოვრობდა, სავარაუდოა, რომ ერატოც სწორედ ამ პერიოდში დაიბადა. ასევე მიიჩნევა, რომ იგი მამამისი რომიდან დაბრუნებისა და ტახტზე ასვლის შემდეგ დაიბადა, ძვ.წ. 20 წლიდან ძვ.წ. 15 წლამდე.[7]

ტიგრან IV-ის თანამმართველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერატოს მამა, მეფე ტიგრან III ძვ.წ. 10 წელს გარდაიცვალა[8], რის შემდეგაც სომხეთში მისი ვაჟი, ტიგრან IV გამეფდა.[9] ძველი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი ჩვეულების მიხედვით, იმავე წელს ახალგაზრდა მეფე თავის ნახევარ-დაზე, ერატოზე დაქორწინდა, რათა ბოლომდე შენარჩუნებულიყო არტაშესიანების საგვარეულო ხაზი. [10]სწორედ ამიტომ, ერატო თავის ნახევარ-ძმაზე დაქორწინდა[11], რომელმაც იგი, როგორც სომხეთის მეფის ასული თანამმართველად დაინიშნა.[12]

ერატო იყო რიგით მეორე სელევკიდელი ბერძენი, რომელიც სომხეთის დედოფალი გახდა. სომხეთის ისტორიაში პირველი ასეთი დედოფალი იყო მისი დიდი ბებია, კლეოპატრა პონტოელი, რომელიც იყო პონტოს მეფე მითრიდატე VI-ის ქალიშვილი, რომელიც მას თავისი დისა და იმავდროულად ცოლისგან, დედოფალ ლაოდიკესგან ჰყავდა.[13] სწორედ კლეოპატრა იყო პირველი სელევკიდი ბერძენი პრინცესა, რომელიც დაქორწინდა სომეხ მეფეზე და სომხეთის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი ხაზით ერატოს წინაპრები გამოდიან სელევკიდების იმპერიის დამაარსებელი ანტიოქე III დიდი.

ძვ.წ. 10 წლიდან ძვ.წ. 2 წლამდე, დედოფალმა ერატომ მეფე ტიგრან IV-ისაგან გოგონა გააჩინა, რომლის სახელიც უცნობია. ამის მიუხედავად, ჩვენამდე მოღწეულია ცნობები, რომლის მიხედვითაც მათი ქალიშვილი იბერიის მეფე ფარსმან I-ზე დაქორწინდა, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი: იბერიის მეფე მირდატ I და სომხეთის მეფე რადამისტი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი და მისი ქართველი მეუღლის, დედოფალ ზენობიას ერთობ ტრაგიკული აღსასრულით.

დიდი სომხეთის სამეფო არტაშესიანების მმართველობის პერიოდში, წარმოდგენილია ყვითლად

მიუხედავად იმისა, რომ ტიგრან IV-ისა და დედოფალ ერატოზე დიდი გავლენა ჰქონდათ რომაელებს, ისინი ანტი-რომაულ პოლიტიკას ატარებდნენ, რომელიც იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის წინააღმდეგ იყო მიმართული[14], რის გამოც ისინი პართიელებს შეეკრნენ.[15]

კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად რომი და პართია ერთმანეთს საუკუნეების მანძილზე ეცილებოდნენ, სადაც დიდი როლი ჰქონდა იმას, თუ ვის მხარეს დაიჭერდა დიდი სომხეთის მმართველი. როგორც ისტორიკოსი სექსტუს რეფუს გვამცნობს, ტიგრან IV-ისა და ერატოს მმართველობის პერიოდში სომხეთში არაერთი ანტი-რომაული რეფორმა გატარდა. [16]იგი ასევე გვამცნობს, რომ სომხეთის სამეფო კარი ამ პერიოდისათვის საკმაოდ ძლიერი იყო.

არტაშესიანების მმართველობა რომაელებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ პართიის მეფე ფრაატ V დიდად ემხრობოდა მათ ანტი-რომაულ პოლიტიკას, რის გამოც ტიგრანსა და ერატოს რომთან ომის დაწყებისაკენ უბიძგებდა და მხარდაჭერასაც ჰპირდებოდა. რომის იმპერიასთან სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად ფრაატ V-მ მალევე შეწყვიტა სომხების დახმარება, რამაც ტიგრანი და ერატო აიძულა რომს დაზავებოდნენ.[17] მათ რომში ელჩი გააგზავნეს, რომლის მეშვეობითაც რომის იმპერიას წარმატებები უსურვეს და ზავი ითხოვეს.[18] იმპერატორმა ავგუსტუსმა მიიღო მათი შეთავაზება და ხელისუფლებაში დარჩენის უფლებაც დართო.[19]

ძვ.წ. 2 წელს სომხეთში აჯანყებამ იფეთქა, რა დროსაც ამბოხებულებმა ბრძოლაში მოკლეს მეფე ტიგრან IV[20]. აჯანყების მიზეზი რომთან დაახლოვება და სომხების აზრით „სამარცხვინო“ ზავის დადება იყო, რომელმაც შეურაცხყო სომხები[21]. მეფის მკვლელობას სამოქალაქო ომისა და საშინელი ქაოსის დაწყება მოჰყვა, რის გამოც დედოფალი ერატო იმავე წელს გადადგა ტახტიდან. ამრიგად დასრულდა მისი პირველი მმართველობა სომხეთში.[22]

აღსანიშნავია, რომ ერატოს გადადგომის შემდეგ სომხებმა თავიანთ მეფედ იმპერატორ ავგუსტუსის დასმა მოითხოვეს.[23] ავგუსტუსმა სომხეთის მეფობაზე აუარი განაცხადა, მაგრამ მის ახალ მეფედ მიდიელი დიდებული, არიობარზან II დასვა[24], რომელიც სომეხთა მეფე არტავაზდ II-ის ქალიშვილის შთამომავალი და შესაბამისად გარკვეულწილად არტაშესიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.[25]

პოლიტიკური დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ ერატოს ტახტიდან გადადგომის შემდეგ სომხეთში ომი და ქაოსი სუფევდა[26], რის გამოც ერატო იძულებული გახდა პოლიტიკურ გადასახლებაში წასულიყო. ამ პერიოდში მასზე ძალზეც ცოტა რამაა ცნობილი. დღეისათვის ისიც კი არაა ცნობილი, თუ სად იყო ერატო გადასახლებული. ძვ.წ. 2 წლიდან ჩვ.წ. 6 წლამდე სომხეთში რომაელთა დასმული ორი მეფე შეიცვალა. პირველი იყო არიობარზან II, რომელიც ძვ.წ. 2-დან ჩვ.წ. 4 წლამდე მართავდა[27], მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტახტი მისმა ვაჟმა, არტავაზდ III-მ დაიკავა, რომელიც ორ წელიწადში ჩამოაგდეს[28].

ტიგრან V-ის თანამმართველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური სომხური მონეტა ტიგრან V-ის გამოსახულებით

ჩვ.წ. 6 წელს ახალგაზრდა მეფე არტავაზდ III, რომელიც ქვეყანაში არაპოპულარული მონარქი იყო, მისმა ქვეშევრდომებმა მოკლეს. ამის შემდეგ სომხეთში დაიწყო უმეფობის ხანა, რაც სომხებს დიდად არ მოეწონათ. ამის გამო ავგუსტუსმა სომხეთის ახალ მეფედ კაპადოკიელი პრინცი, ტიგრან V დასვა.[29] ტიგრან V-ის ბებია სომხეთის მეფე არტავაზდ II-ის ქალიშვილი და მაშასადამე არტაშესიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო[30], რის გამოც მას ჰქონდა ტახტზე გარკვეული უფლებები.

სომხეთში ჩასვლისას ტიგრან V-ს თან ახლდა ბებიამისიც, რომელიც კაპადოკიის მეფეზე იყო დაქორწინებული. მისი გაყოლა მომავალმა იმპერატორმა ტიბერიუსმა ბრძანა, რომელსაც სურდა, რომ ბებიამისს გაეწია ორგანიზება ტიგრანის მეფედ კურთხევისათვის.[31] ჩვ.წ. 6 წელს ტიგრანი უკვე სომხეთის ერთპიროვნული მმართველი იყო. სომეხ დიდებულთა უმეტესობა უკმაყოფილო იყო მისი მეფობით, რის გამოც სულ რამდენიმე თვეში მათ სომხეთის ტახტზე აღადგინეს დედოფალი ერატო. [32]ნუმიზმატიკური მტკიცებულებების საფუძველზე ვიგებთ, რომ ტიგრან V და დედოფალი ერატო ერთად მართავდნენ სომხეთს, მაგრამ ისინი არასოდეს დაქორწინებულან. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ იგი ჩუმად დაქორწინდა მეფეზე და სწორედ ასე შეძლო სადედოფლო ტახტის შენარჩუნება, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.[33]

ტიგრან V-ისა და ეროტოს ერთობლივ მმართველობაზე ცოტა რამაა ცნობილი. რამდენადაც ცნობილია, ერატო და ტიგრან V ერთად დაამხეს ჩვ.წ. 12 წელს. ამ წელს იმპერატორმა ავგუსტუსმა სომხეთის მეფედ პართიის მეფე ვონონ I დასვა.[34] ამის შემდეგ დედოფალ ერატოზე ცნობები აღარ არსებობს, თუმცა ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ის და ტიგრანი სომხეთში დარჩნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • R. Naroll, V.L. Bullough & F. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, SUNY Press, 1974
  • H. Temporini & W. Haase, Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung, Walter de Gruyter
  • E. Yarshater, The Cambridge History of Iran, Cambridge University Press, 1983
  • R. Syme & A.R. Birley, Anatolica: studies in Strabo, Oxford University Press, 1995
  • W.G. Sayles, Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins (Google eBook), F+W Media, Inc, 1998
  • P.M. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio's Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14) (Google eBook), Oxford University Press, 2004
  • R.G. Hovannisian, The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume 1: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • M.A. Ehrlich, Encyclopedia of the Jewish Diaspora: Origins, Experiences, and Culture, Volume 1 (Google eBook), ABC-CLIO, 2009
  • M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
  • A. Mayor, The Poison King: the life and legend of Mithradates, Rome's deadliest enemy, Princeton University Press, 2009

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ehrlich, Encyclopedia of the Jewish Diaspora: Origins, Experiences, and Culture, Volume 1, p.1111
  2. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.613
  3. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.199
  4. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  5. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  6. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, p.161
  7. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.613
  8. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
  9. Sayles, Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins, p.62
  10. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  11. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  12. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.130
  13. Mayor, The Poison King: the life and legend of Mithradates, Rome’s deadliest enemy p.p.114 & 138
  14. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.p.199-200
  15. http://www.iranicaonline.org/articles/armenia-ii
  16. Ehrlich, Encyclopedia of the Jewish Diaspora: Origins, Experiences, and Culture, Volume 1, p.1111
  17. http://www.iranicaonline.org/articles/armenia-ii
  18. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.200
  19. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.200
  20. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
  21. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.p.128-129
  22. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.128
  23. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
  24. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
  25. Cassius Dio, 36.14
  26. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
  27. Ptolemaic Genealogy: Affiliated Lines, Descendant Lines Archived July 16, 2011, at the Wayback Machine
  28. Ptolemaic Genealogy: Affiliated Lines, Descendant Lines Archived July 16, 2011, at the Wayback Machine
  29. Temporini, Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung, p.1164
  30. Cassius Dio, Roman History 49.39.2
  31. Syme, Anatolica: studies in Strabo, p.323
  32. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.62
  33. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.p.120 & 130
  34. Temporini, Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung, p.1160
ერატო (სომხეთის დედოფალი)
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: უცნობია
წინამორბედი:
ტიგრან III
სომხეთის დედოფალი
ტიგრან IV (თანამმართველი)
ძვ.წ. 10 - ძვ.წ. 2
შემდეგი:
არიობარზან II
წინამორბედი:
არტავაზდ III
სომხეთის დედოფალი
ტიგრან V (თანამმართველი)
ჩვ.წ. 6 - ჩვ.წ. 12
შემდეგი:
ვონონ I