შინაარსზე გადასვლა

ზარმანდუხტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარმანდუხტი
წოდება სომხეთის დედოფალი
რელიგია ქრისტიანობა
მეუღლე(ები) პაპი, სომხეთის მეფე
შვილ(ებ)ი არშაკ III, სომხეთის მეფე
ვოლოგეზ III, სომხეთის მეფე

ზარმანდუხტი[1] (სომხ. Զարմանդուխտ) ― არშაკიანთა სომხეთის დედოფალი. მეფე პაპის მეუღლე, რომელიც 370-374 წლებში მეფობდა[2]. თავისი ვაჟების, სომხეთის მეფე არშაკ III-ისა და ვოლოგეზის რეგენტი 378 და 386-387 წლებში.

ცოტა რამ არის ცნობილი ზარმანდუხტის წარმოშობაზე, რამეთუ მისი თანამედროვე წყაროები არ იძლევიან ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ პაპთან ქორწინებამდე. თუმცა, იმისათვის რომ მას სომხეთის მეფეზე ქორწინება შესძლებოდა, მინიმუმ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ივარაუდება, რომ იგი მაღალი არისტოკრატიული წარმოშობისა იყო, ან მის ოჯახს ჰქონდა პოლიტიკური გავლენები. არსებობს მოსაზრება, რომ ზარმანდუხტი ერთ-ერთი ნახარარის ასული იყო და მისი პაპთან ნიშნობა ჯერ კიდევ მამამისის, მეფე არშაკ II-ის მეფობის პერიოდში შედგა, ანუ 350-დან 368 წლამდე.

არშაკიანთა სომხეთის სამეფო

ზარმანდუხტი მეფე პაპის მეუღლე იყო[3], თუმცა მათი ქორწინების თარიღი უცნობია, ცნობილია ის, რომ ისინი პაპის მეფობის დროს დაქორწინდნენ. ცნობილია, რომ დედოფალმა ზარმანდუხტმა მეფეს ორი ვაჟი გაუჩინა: არშაკი და ვოლოგეზი[4]. მართალია ცნობები არც მისი და პაპის ურთიერთობაზე არსებობს, თუმცა მემატიანეები აღნიშნავენ, რომ დედოფალი ზარმანდუხტი სომხეთში ერთობ დიდი გავლენითა და ძალაუფლებით სარგებლობდა, მასთან ქორწინებამ კი არშაკიანებს ქვეყანაში სტაბილურობა მოუტანა.

374 წელს მეფე პაპი მოკლეს და ვინაიდან ზარმანდუხტის უფროსი ძე, არშაკი მცირეწლოვანი იყო ქვეყნის სამართავად, რომის იმპერატორმა ვალენტიმ პაპის ძმისწული ვარაზდატი გააგზავნა სომხეთის ტახტის დასაკავებლად. ცნობილია, რომ თავად ვარაზდატიც ერთობ ახალგაზრდა იყო, გარკვეული მენტალური და ფიზიკური დარღვევებით, რომელიც დიდ ხანს რომის საიმპერატორო კარზე ცხოვრობდა, რის გამოც სომეხ დიდებულებში მისი გამეფების იდეა პოპულარული არ იყო. ამის გამო ვ მეფობა ვარაზდატმა რომაელთა მომხრე გავლენიანი სომეხი დიდებულის, მუშეგ I მამიკონიანის რეგენტობით დაიწყო. ასევე უცნობია, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ ზარმანდუხტი და მისი ვაჟები ვარაზდატის მეფობისას.

378 წელს ვარაზდატის არაეფექტური მმართველობით დაღლილმა დიდებულებმა მოკლეს მისი რეგენტი, მუშეგ I მამიკონიანი და თანამდებობა მის ძმას, მანუელ მამიკონიანს გადასცეს[5]. ამ უკანასკნელმა, რომელსაც სძულდა მოქმედი მეფე, ჩამოაგდო ვარაზდატი და აიძულა ისევ რომში გაქცეულიყო[6]. საბოლოოდ, მანუელმა სომხეთის მეფეებად მეფე პაპის ვაჟები, არშაკ III და ვოლოგეზ III დაადგინა, რეგენტად კი მათი დედა, დედოფალი ზარმანდუხტი დანიშნა, თუმცა მას მხოლოდ მინიმალური ძალაუფლება მისცა[7].

ქვეყანაში არსებული ანარქიის დასასრულებლად, რადგანაც მანუელ მამიკონიანი უძლიერესი დიდებული იყო, ზარმანდუხტმა თავისი ძე, მეფე არშაკი მანუელის ასულზე, ვარდანდუხტ მამიკონიანზე დააქორწინა[8], მეორე ძე, ვოლოგეზი კი ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენელ ქალზე დააქორწინა[9]. მამიკონიანის მმართველობასა და ზარმანდუხტის რეგენტობას ქვეყანაში მშვიდობის დამყარება მოჰყვა. ცნობილია, რომ მანუელი დიდი პატივით ეპყრობოდა დედოფალსა და მის ვაჟებს[10], არშაკსა და ვოლოგეზს იგი საკუთარი ძეებივით ზრდიდა[11].

მანუელმა დაუბრუნა ზარმანდუხტს დედოფლის წოდება და სანაცვლოდ, თავად მისგანაც მიიღო ჯილდოები[12]. 383 წელს[13] სასანიანთა მეფე შაპურ III-მ სომხეთის დედოფალ ზარმანდუხტსა და მის მოკავშირე მანუელს სამეფო საჩუქრები გაუგზავნა, მათ შორის იყო გვირგვინი და მოსასხამი დედოფლისათვის[14]. ამის შემდეგ ზარმანდუხტზე ცნობები აღარ არსებობს, რის გამოც ივარაუდება, რომ იგი 383 წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მიზეზი და ადგილი უცნობია.

დედოფალი ზარმანდუხტი არის ერთ-ერთი აქტიური პერსონაჟი ანატოლიელი სომეხი მწერლის, სარგის მირზაიანის ტრაგედიაში „ნერსე დიდი, სომხეთის პატრონი“.

  • Faustus of Byzantium, History of the Armenians, 5th century
  • R.G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • A. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac'i's History of Armenia, Peeters Publishers, 2006
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • R.P. Adalian, Historical Dictionary of Armenia, Scarecrow Press, 2010
  1. Kurkjian, A History of Armenia, p.266
  2. Kurkjian, A History of Armenia, p.266
  3. Kurkjian, A History of Armenia, p.266
  4. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 37
  5. Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177
  6. Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177
  7. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.92
  8. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44
  9. Kurkjian, A History of Armenia, p.107
  10. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac'i's History of Armenia, p.42
  11. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac'i's History of Armenia, p.42
  12. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44
  13. Kurkjian, A History of Armenia, p.266
  14. Kurkjian, A History of Armenia, p.266