არტაშეს IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არტაშეს IV
Smbat bagratunin tagadrum e artashesin.png
სმბატ ბაგრატუნი გვირგვინს ადგამს არტაშეს IV-ს
სომხეთის მეფე
მმართ. წლები: 422-428
წინამორბედი: ვრამშაპუჰი
მემკვიდრე: სამეფო გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 404
გარდ. თარიღი: 430 (25-26 წლის)
დინასტია: არშაკუნიანები
მამა: ვრამშაპუჰი

არტაშეს IV (სომხ. Արտաշես Դ; დ. 404 — გ. 430) ― სომხეთის უკანასკნელი მეფე არშაკუნიანთა სამეფო დინასტიიდან 422-428 წლებში[1]. იყო სასანიანთა ირანის ვასალი და მართავდა მხოლოდ აღმოსავლეთ სომხეთს, რამეთუ ბიზანტიურ სომხეთზე მისი ძალაუფლება არ ვრცელდებოდა. მისი დამხობით სომხეთის სამეფომ რამდენიმე საუკუნით შეწყვიტა არსებობა[2].

ოჯახი და ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშესი დაიბადა 404 წელს და იყო სომხეთის მეფე ვრამშაპუჰის ძე[3]. მამამისი 389 წლიდან მოყოლებული 417 წლამდე მართავდა აღმოსავლეთ სომხეთს, როგორც სასანიანთა ირანის ვასალი მეფე. ვრამშაპუჰამდე სომხეთს არტაშესის ბიძა, ხოსროვ IV მართავდა. დედამისის ვინაობა უცნობია, იგი შესაძლოა ვრამშაპუჰის ცოლი, ან სულაც რომელიმე ხარჭა ყოფილიყო. არტაშესი სომხეთში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან ცოტა რამაა ცნობილი მის ცხოვრებაზე, სანამ გამეფდებოდა.

417 წელს, როდესაც მეფე ვრამშაპუჰი გარდაიცვალა, არტაშესი არ იყო სრულწლოვანი, რათა ქვეყანა ემართა. ამის გამო სომხეთის ტახტი ცარიელი იყო და სომხეთს უშუალოდ სასანიანთა დინასტიის ერთგული სომეხი ნახარარები მართავდნენ. ივარაუდება, რომ სომეხთა კათალიკოსის თხოვნით შაჰანშაჰმა იეზდიგერდ I-მა დროებით გაათავისუფლა ტყვეობაში მყოფი ხოსროვ IV, რომელიც ქვეყანას 418 წლამდე მართავდა, თუმცა ამის შემდეგ კვლავ ნახარარები გაბატონდნენ. მას შემდეგ, რაც 422 წელს არტაშესი სრულწლოვანი გახდა, ნახარარებმა შაჰანშაჰს მოსთხოვეს, რომ გაემეფებინა არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენელი, რის გამოც ამავე წელს მან არტაშეს IV სომხეთის მეფედ გამოაცხადა[4].

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფების შემდეგ არტაშესმა სასანიანთა გულის მოსაგებად თავს არტაშირი უწოდა[5], რაც თავისი სახელის სპარსული ვერსია იყო. ბიძისა და მამის შემდეგ, არტაშეს IV სომხეთის რიგით მესამე მეფე იყო, რომელიც თავს სასანიანთა ვასალად სცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაზდეანურ სახელმწიფოს ემორჩილებოდა, არტაშესი თავად ყოველთვის ქრისტიანი იყო.

როგორც მეფეს, არტაშესს მხარს უჭერდა სომეხთა კათალიკოსი სააკ პართევი. მიუხედავად იმისა, რომ ნახარარები მას თავიანთ მეფედ აღიარებდნენ, არტაშესის გავლენა მათზე მაინც ნომინალური იყო. თავად-აზნაურებმა მალევე განაახლეს თავიანთი ძველებური სამეფო ინტრიგები ახალგაზრდა მეფის მანკიერებების ზიზღის საბაბით. ახალგაზრდობის, გამოუცდელობისა და სუსტი ხასიათის გამო არტაშესი დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდა სომხურ არისტოკრატიას. ამის გამო, კათალიკოსი სააკი ქადაგებებში პერიოდულად მიმართავდა ხოლმე ნახარარებს და მოუწოდებდათ, რომ პატივი ეცათ მეფის უზენაესი ხელისუფლებისათვის, ეთანამშრომლათ მასთან და მისი მოკავშირეები ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც წესი, ამ მოწოდებებს აიგნორებდნენ.

ნახარარებმა თანდათან დაკარგეს ნდობა სომხური მონარქიის მიმართ და მიიჩნიეს, რომ სასანიანთა მიერ განხორციელებული პირდაპირი ხელისუფლებისას უკეთ ცხოვრობდნენ. ამის გამო, 428 წელს ნახარარების მოთხოვნით შაჰანშაჰმა ბაჰრამ V-მ[6] ტახტიდან ჩამოაგდო არშაკუნიანთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი, არტაშეს IV და სომხეთი სპარსეთის სატრაპიად გადააკეთა[7]. ასე დასრულდა არშაკუნიანთა სამასწლიანი მმართველობა სომხეთში. თავად არტაშესი ამ ამბიდან მალევე, 430 წელს უშვილოდ აღესრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Faustus of Byzantium, History of the Armenians, 5th century
  • Ghazar Parpetsi, History of Armenia, 5th to 6th century
  • C. Toumanoff, Manual genealogy and chronology for the Christian Caucasus (Armenia, Georgia, Albania), ED. Aquila, Rome, 1976
  • E. Yarshater, The Cambridge History of Iran, Cambridge University Press, 1983
  • N. Ouzounian, The Heritage of Armenian Literature: From the Oral Tradition to the Golden Age, Wayne State University Press, 2000
  • R.G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • R.P. Adalian, Historical Dictionary of Armenia, Scarecrow Press, 2010

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.93
  2. Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.xxxiii
  3. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.142
  4. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.85
  5. Kurkjian, A History of Armenia, p.108
  6. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.142
  7. Yarshater, The Cambridge History of Iran, p.142