არტაშესიანთა დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტაშესიანები
Արտաշեսյաններ
Artaxiad.svg
ქვეყანა დიდი სომხეთი
ფუძე დინასტია ერვანდუნები
დამაარსებელი არტაშეს I
უკანასკნელი მმართველი ერატო
დაარსდა ძვ. წ. 190
ტახტიდან ჩამოგდება ახ. წ. 12

არტაშესიანები, ასევე, არტაშესიდები (სომხ. Արտաշեսյաններ) — სომხეთის სამეფო დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 189 წლიდან ახ. წ. 12 წელს რომაელთა მიერ მის დამხობამდე. ირანული წარმოშობის დინასტია ერვანდუნების შტო. დინასტიის მმართველობის ქვეშ იყო დიდი სომხეთი, სოფენე და პერიოდულად მართავდნენ მცირე სომხეთისა და მესოპოტამიის ნაწილებს. არტაშესიანთა დინასტიის მთავარი მტრები იყვნენ რომაელები, სელევკიდები და პართიელები, რომელთა წინააღმდეგაც სომხეთს მრავალი ომის წარმოება უწევდა. აღნიშნულ პერიოდში სომხეთი ელინიზმის მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა.

ისტორიული ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძენი გეოგრაფი სტრაბონის მიხედვით, არტაშესი და ზარეჰი სელევკიდების სახელმწიფოს სატრაპები იყვნენ, რომლებიც, შესაბამისად, მართავდნენ დიდი სომხეთისა და სოფენეს პროვინციებს. ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიის ბრძოლაში სელევკიდთა დამარცხების შემდეგ, მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. არტაშესი (სომხურად: Արտաշես) სომხეთის პირველი მეფე გახდა არტაშესიანთა დინასტიიდან. ზოგიერთი სომეხი მეცნიერი თვლის, რომ არტაშესი და ზარეჰი არა უცხოელი, არამედ წინა, ერვანდუნთა დინასტიასთან დაკავშირებული ადგილობრივი ფიგურები იყვნენ, რაზეც უნდა მეტყველებდეს მათი ირანულ-სომხური (და არა ბერძნული) სახელები.[1]

ენციკლოპედია ირანიკის მიხედვით, არტაშესიანთა დინასტია ამჟამად მიჩნეულია მისი წინამორბედი ირანული წარმოშობის ერვანდუნების დინასტიის შტოდ, რომლის წარმომადგენლებიც სომხეთს სულ ცოტა ძვ. წ. V საუკუნიდან განაგებდნენ.[2]

სომხური მიწების გაერთიანება არტაშესიანთა მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშეს I მიიჩნევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეფედ სომხეთის ისტორიაში. იგი საკუთარ თავს ერვანდუნთა დინასტიის ლეგიტიმურ შთამომავლად აცხადებდა, თუმცა მართლა იყო იგი ამ დინასტიასთან დაკავშირებული თუ არა უცნობია. მისი მმართველობის დასაწყისისათვის, სომხეთის მთიანეთისა და სომხურენოვანი მოსახლეობის ნაწილი მეზობელი სახელმწიფოების მმართველობის ქვეშ რჩებოდა. არტაშესმა ამ მიწების გაერთიანება უპირველეს მიზნად დაისახა. ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მოგვითხრობს არტაშესის მიერ დასავლეთის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით წარმოებულ დაპყრობებზე.

სტრაბონისა და პლუტარქეს მიხედვით, არტაშესმა, ასევე, დააარსა სომხეთის დედაქალაქი არტაშატი კართაგენელი გენერლის, ჰანიბალის დახმარებით, რომელიც რომაელების თავდასაცავად არტაშატის სასამართლოს აფარებდა თავს. წინანდელი, ერვანდუნების დინასტიის დედაქალაქის ერვანდაშატის მოსახლეობა არტაშატში გადაასახლეს. თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არტაშესის დროინდელი 12-ზე მეტი ქვის სასაზღვრო ნიშანი არამეული წარწერებით, რომლებიც აღმოჩენამდე მოვსეს ხორენაცის მიერ იყო დამოწმებული. ამ წარწერებში არტაშესი თავს ერვანდუნების შთამომავლად აცხადებს: მეფე არტაშესი, ერვანდუნი ზარიადრესის ძე.

სომხეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის იმპერია ტიგრან II-ის მმართველობისას

ტიგრან II დიდის (ძვ. წ. 95-55 წწ.) მმართველობისას სომხეთის სამეფო თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა და რომის აღმოსავლეთით უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. არტაშესსა და მის მემკვიდრეებს უკვე ჰქონდათ შექმნილი ის საფუძველი, რომელზეც ტიგრანმა თავისი იმპერია ააშენა. მიუხედავად ამისა, სომხეთის მთიანეთის ტერიტორიას ნახარარები მართავდნენ, რომლებიც დიდწილად ავტონომიურები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ტიგრანმა გააერთიანა ისინი შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შესაქმნელად. სომხეთის საზღვრები კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაიჭიმა. ამ დროს სომხეთი იმდენად ექსპანსიური გახდა, რომ რომაელებსა და პართიელებს მის დასამარცხებლად ძალების გაერთიანება მოუწიათ. ტიგრანმა დააარსა ახალი დედაქალაქი ტიგრანაკერტი.

ტიგრანმა პართიელებს მრავალი ტერიტორია წაართვა და აიძულა მასთან სამეგობრო ხელშეკრულება დაედოთ. იბერიამ, ალბანეთმა და ატროპატენამაც დაკარგეს ტერიტორიები და ვასალ სახელმწიფოებად იქცნენ. ძვ. წ. 83 წელს სელევკიდების სახელმწიფოს ბერძნულმა მოსახლეობამ ტიგრანს სელევკიდების გვირგვინი შესთავაზა, რის შემდეგადაც სომხეთის სამხრეთი საზღვრები დღევანდელ აკომდე (ისრაელი) გაფართოვდა.

დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაელთა ჩარევამ მცირე აზიის საქმეებში ტიგრან II-ის იმპერია დასასრულამდე მიიყვანა. ტიგრანი რომის მტრის, პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის მოკავშირე იყო. ძვ. წ. 69 წელს, მესამე მითრიდატული ომის მსვლელობისას, რომაელთა არმია ლუკულუსის მეთაურობით შეიჭრა სომხეთში და ტიგრანაკერტთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ტიგრანი. ძვ. წ. 66 წელს, ლუკულუსის მემკვიდრე პომპეუსმა საბოლოოდ აიძულა ტიგრანი დანებებოდა. პომპეუსმა სომხეთი მის ძველ საზღვრებამდე შეამცირა, თუმცა ტიგრანს უფლება მისცა რომის მოკავშირის სტატუსით ტახტი შეენარჩუნებინა. ამიერიდან, სომხეთი იქცა ბუფერულ ქვეყნად ორ დაპირისპირებულ იმპერიას, რომსა და პართიას შორის.

ტიგრანის მემკვიდრე არტავაზდ II-მ შეინარჩუნა რომთან ალიანსი. მან რომაელ გენერალ მარკუს ლიცინიუს კრასუსს პართიის წინააღმდეგ კამპანიაში სასარგებლო რჩევა მისცა, თუმცა კამპანია საბოლოოდ მარცხით დამთავრდა და კარრაჰის ბრძოლაში კრასუსმა საშინელი მარცხი განიცადა. როდესაც მარკუს ანტონიუსი რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების მმართველი გახდა, არტავაზდის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა, რადგანაც ამ უკანასკნელმა თავისი და პართიის ტახტის მემკვიდრეს მიათხოვა. ძვ. წ. 35 წელს ანტონიუსი სომხეთში შეიჭრა, არტავაზდი დაატყვევა და ეგვიპტეში გადაასახლა, სადაც, მოგვიანებით მოკლეს კიდეც. ანტონიუსმა სომხეთის ტახტზე მისი და კლეოპატრას ექვსი წლის ვაჟი, ალექსანდრე ჰელიოსი დასვა, თუმცა არტავაზდის შვილმა არტაშეს II-მ პართიის დახმარებით ტახტის დაბრუნება შეძლო და რომაული გარნიზონებიც ამოჟლიტა, თუმცა ათწლიანი მმართველობის შემდეგ იგი მოკლეს. ქვეყანა პრო-რომაულ და პრო-პართიულ ძალებს შორის არსებულ სამოქალაქო ომში აღმოჩნდა ჩათრეული, სანამ საბოლოოდ არ დამყარდა რომის პროტექტორატი იმპერატორ ავგუსტუსის დროს. არტაშესიანთა დინასტია აგონიის შემდეგ დაემხო არშაკუნიანების, როგორც მათი უდავო მემკვიდრეების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.

არტაშესიანთა დინასტიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(შენიშვნა: ზოგიერთი თარიღი მიახლოებითი ან სადავოა[3])

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hovannisian, Richard G. (2004). The Armenian People From Ancient to Modern Times: Vol. I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. Palgrave Macmillan, გვ. 372 pages. ISBN 1-4039-6421-1. 
  • Grousset, René (originally 1947; 1995 ed.). Histoire de l'Arménie des origines à 1071. Payot, გვ. 644 pages. ISBN 2-228-88912-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰოვანისიანი გვ.47-48
  2. ენციკლოპედია ირანიკა. ტიგრან II.
  3. ჰოვანისიანის თარიღები, გვ. 62