სოხუმის აღება (1992)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოხუმის აღება (1992)
აფხაზეთის ომის (1992-1993) ნაწილი

მდგომარეობა აფხაზეთში 1992 წლის აგვისტო-ოქტომბერში: ნარინჯისფერი - საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები; იასამისფერი - აფხაზი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.
თარიღი 14-18 აგვისტო, 1992
მდებარეობა სოხუმი, აფხაზეთი
შედეგი

საქართველოს გამარჯვება

  • აფხაზი სეპარატისტების უკან დახევა გუდაუთაში
მხარეები
საქართველო აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზი სეპარატისტები
მეთაურები
თენგიზ კიტოვანი სერგეი ბარი
სამხედრო ნაწილები
საქართველოს ეროვნული გვარდია
საქართველოს შინაგანი ჯარები
აფხაზეთის ეროვნული გვარდია
აფხაზეთის შსს-ს ჯარები
ძალები
1000[1] 300
დანაკარგები
50-მდე დაღუპული[2]

სოხუმის აღებააფხაზეთის ომის (1992-1993) ეპიზოდი, რომლის დროსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სოხუმი. აფხაზმა სეპარატისტებმა უკან დაიხიეს და გუდაუთაში გადაინაცვლეს.

წიმსწრები მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (პარლამენტის) თავჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა ვლადისლავ არძინბა, რომელმაც დაიწყო ნაბიჯების გადადგმა აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოსაცილებლად. 1991 წლის მარტში აფხაზეთმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის შენარჩნების შესახებ საკავშირო რეფერენდუმში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მის ბოიკოტს აცხადებდა და მის მაგივრად დანიშნა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში თბილისში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ვლადისლავ არძინბა საქართველოში შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას აქტიურად იყენებდა თავისი მიზნებისთვის.[3] სამხედრო საბჭო, ხოლო შემდგომ სახელმწიფო საბჭო, რომლებიც ქვეყანას სათავეში ჩაუდგნენ 1992 წლის იანვარში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არ სარგებლობდნენ ლეგიტიმაციით მოსახლეობაში, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ მოვლენების ფონზე, ვლადისლავ არძინბა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზური დეპუტაცია ცდილობნდნენ ცენტრისგან რაც შეიძლება უფრო მეტად განცალკევებას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ამ დროს გაყოფილი იყო ქართულ და აფხაზურ ფრაქციებად.

არძინბამ კანონმდებლობის დარღვევით ჩამოაყალიბა აფხაზეთის „უმაღლესი საბჭოს შინაგანი ჯარის პოლკი“ (ე.წ. „აფხაზეთის ეროვნული გვარდია“), რომელიც მხოლოდ აფხაზებისგან შედგებოდა. მან დაიწყო ქართველების ჩამოცილება ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობებიდან და მათ მაგივრად აფხაზების დანიშვნა. 1992 წლის ივნისში არძინბამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა ქართველი გივი ლომინაძე, ხოლო მის მაგივრად დანიშნა აფხაზი ალექსანდრე ანქვაბი. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან არძინბას არ ჰქონდა არსებული კანონმდებლობით უფლება გაეთავისუფლება აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის გარეშე. რომან გვენცაძემ, რომელსაც ეკავა ეს თანამდებობა, მისწერა არძინბას ლომინაძის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, თუმცა არძინბამ ისარგებლა საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომით და დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიერ თბილისის ტელევიზიის შენობის აღებით 1992 წლის 24 ივნისს. ამავე დღეს „აფხაზურმა გვარდიამ“ შტურმით აიღო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტი და იქიდან ძალით გამოიყვანა ლომინაძე, მის მაგივრად იქ ანქვაბი შეიყვანა, პარალელურად კი არძინბამ წესრიგის დაცვის საბაბით უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.[4] აფხაზურმა ფრაქციამ უმაღლეს საბჭოში ჩააგდო ქართული ფრაქციის წამოყენებული კანდიდატი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამდებობაზე (ფაქტობრივად მეორე პირი რესპუბლიკაში), მხარეებს შორის მანამდე არსებული გადანაწილების მიუხედავად, რომლის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (დე ფაქტო პირველი პირი რესპუბლიკაში) უნდა გამხადარიყო აფხაზების კანდიდატი (რაც ასეც მოხდა ვლდასილავ არძინბას არჩევით უმაღლესი საბჭოს მიერ), ხოლო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ქართველების კანდიდატი. აფხაზური დეპუტაციის ქმედების გამო, ქართველების კანდიდატი ვერ იქნა არჩეული თანამდებობაზე.[5]

არძინბასა და აფხაზური დეპუტაციის ქმედებებს აფხაზეთში ქართველების უკმაყოფილება მოჰყვა, რამაც უკიდურესად დაძაბა ვითარება და 1992 წლის ივნისში საქმე სროლებამდეც მივიდა.[6] მიუხედავად ამისა, არძინბა და აფხაზური დეპუტაცია აგრძელებდნენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას და 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება აფხაზეთის 1925 წლის საბჭოთა კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, რითაც გამოცხადდა აფხაზეთის სუვერენიტეტი.[7] ასევე მიღებულ იქნა ახალი დროშა (რომელსაც დღესაც იყენებს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკა) და აფხაზეთის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნა სიტყვა „ავტონომიური“. სუვერენიტეტის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჭირო კვორუმის გარეშე, რადგან ქართული დეპუტაცია ამ დროს ბოიკოტს უცხადებდა უმაღლესი საბჭოს სხდომებს. 1925 წლის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები უნდა დარეგულირებულიყო „საკავშირო ხელშეკრულებით“. ამ აქტით აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ახორციელებდა სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად და რომელიც მიისწრაფოდა საქართველოსთან „მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის“ დამყარებისკენ.[8] აღსანიშნავია, რომ ამ კონსტიტუციას წარსულში არასდროს უმოქმედია და უკვე 1926 წელს ის ახალი კონსტიტუციით შეიცვალა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად აფხაზეთი გახდა დამოუკიდებელი საქართველოსგან, თუმცა მის მიერ სუვერენიტეტის გამოცხადება არცერთმა სახელმწიფომ არ ცნო. ამაზე საპასუხოდ არძინბამ განაცხადა, რომ „სუვერენიტეტს აღიარება არ სჭირდება, სუვერენიტეტი ხალხის უფლებაა“.[9]

აფხაზურმა დელეგაციამ შემდეგნაირად დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილების საფუძვლიანობა: რადგანაც 1989-1990 წლებში საქართველომ 1921 წლიდან შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურები უკანონოდ ცნო, ამ პერიოდში მიღებული სახელმწიფო-სამართლებრივი აქტები ბათილად გამოაცხადა, ხოლო 1992 წლის თებერვალში სამხედრო საბჭომ შეაჩერა 1978 წლის საქართველოს სსრ-ს კონსტიტუციის მოქმედება და აღადგინა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, ფაქტობრივად, გაუქმდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მის ადგილას კი წარმოიქმნა სხვა სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კავშირში იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან და არა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, შესაბამისად, ეს კავშირი გაწყდა და აფხაზეთს სამართლებრივი უფლება ჰქონდა დაებრუნებინა 1925 წლის კონსტიტუცია.[10] აფხაზური დელეგაციის არგუმენტების მიუხედავად, სამხედრო საბჭოს არ აღუდგენია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. აღნიშნული გამოიხატა იმაშიც, რომ საქართველოს სახელი არ შეცვლია ამ გადაწყვეტილებით. ასევე, სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი არ იყო სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, ის იყო დეკლარაცია და არ ჰქონდა სამართლებრივი ძალა. ამის გარდა, დოკუმენტში პირდაპირ მითითებული იყო, რომ 1921 წლის კონსტიტუცია უნდა ამოქმედებულიყო „საქართველოს რესპუბლიკის დღეს არსებული საზღვრებისა და ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობის (აფხაზეთის და აჭარის დღევანდელი სტატუსის) შეუცვლელად“. ასევე აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გათვალისწინებული იყო 1921 წლის კონსტიტუციითაც.[11]

აფხაზურმა დეპუტაციამ ასევე მოამზადა „აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების პროექტი“, რომლის მიხედვით, მხარეებს უნდა ეცნოთ ერთიმეორის „სრული უფლება მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკურ ურიერთობებში“, „ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა“, ასევე „აფხაზეთის კანონების და კონსტიტუციის უზენაესობა მის ტერიტორიაზე“. ისინი „არ უნდა ჩარეულიყვნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში“.[12]

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, 1992 წლის 25 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით მისი ანულირება მოახდინა.[13]

28-30 წლის შეიკრიბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაცია და აფხაზური დეპუტაციის დადგენილება შეაფასა როგორც „სახელმწიფო გადატრიალება პარლამენტური გზით“, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თვითდათხოვნის შესახებ.[14]

ამის მიუხედავად, სეპარატისტული მისწრაფებები აფხაზეთში არ ნელდებოდა და არძინბამ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ აფხაზეთი „საკმარისად ძლიერი იყო საქართველოსთან საომრად“.[15]

აფხაზეთში მოვლენათა ამგვარი განვითარების პარალელურად, დაძაბული ვითარება იყო დანარჩენ საქართველოშიც. ერთმანეთს ებრძოდნენ ერთი მხრივ ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალები, ხოლო მეორე მხრივ მხედრიონი და თენგიზ კიტოვანის კონტროლის ქვეშ მყოფი ეროვნული გვარდიის ნაწილები. ზვიად გამსახურდიას მომხრეები ძირითადად გამაგრებული იყვნენ სამეგრელოში, სადაც მათსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიდიოდა სასტიკი შეტაკებები. მხედრიონი ასევე სასტიკად არბევდა სამეგრელოს მოსახლეობას. 1992 წლის ივლისში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. 6 ივლისს მოხდა დიდი შეტაკება წალენჯიხასთან მხედრიონსა და ეროვნული გვარდიის იმ ნაწილებს შორის, რომლებიც ზვიად გამსახურდიას უჭერდნენ მხარს. დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო დაშავდა 60. 9 ივლისს სამეგრელოში დაატყვევეს საქართველოს დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე კავსაძე. 2 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა „შერიგების მანფესტი“ და ამნისტიით გაათავისუფლა 1992 წლის იანვრიდან ივნისამდე დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი, თუმცა ამან ვერ ჩააცხრო კონფლიქტი.

სამოქალაქო ომის პარალელურად, უკონტროლო იყო მდგომარეობა რკინიგზაზე სამეგრელოსა და აფხაზეთში, რომელიც ხშირ ძარცვებს ექვემდებარებოდა. 1992 წლის 10 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ“, რომლითაც საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ ძალებს, აგრეთვე რკინიგზის დაცვის სამმართველოს გასამხედროებული დაცვის ნაწილებს, დაევალათა რკინიგზაზე წესრიგის დამყარება და ტვირთების ძარცვის გახშირებული ფაქტების აღკვეთა. მიზეზად დასახელდა რკინიგზის გაძარცვის შემთხვევები აფხაზეთსა (აძიუბჟას სადგურზე) და სამეგრელოში.

11 აგვისტოს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ქალაქ ზუგდიდში ტყვედ აიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, მისი მოადგილე ზიბერტ ხაზალია, სახელმწიფო საბჭოს თანაშემწე დავით სარალიძე და სხვები. სულ 12 კაცი იყო ტყვეობაში.

11 აგვიტოს ედაურდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თენგიზ კიტოვანის მეთაურობით დაამყარებდნენ წესრიგს „მთელი საქართველოს ტერიტორიაზე — დაწყებული ლესელიძით და დამთავრებული ყაზბეგის რაიონით და სხვა საზღვრებით“. აგრეთვე შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა პოლიციაც, რომლის მინისტრიც იყო ტყვეობაში. 11 აგვისტოს დამტკიცდა 10 აგვისტოს დადგენილება „რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ“. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის მიერ შემუშავდა სპეციალური გეგმა კოდური სახელწოდებით „მახვილი“.

12 აგვისტოს სამხედრო ნაწილები თენგიზ კიტოვანის მეთაურობით საქართველოს სამხედრო ნაწილები სამეგრელოში შევიდნენ. 12 აგვისტოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვედ აყვანილი სახელმწიფო საბჭოს წევრები გადაყვანილი იყვნენ აფხაზეთის ქართველებით დასახლებულ რაიონებში.

14 აგვისტოს დილით შედგა სატელეფონო საუბარი ვალდისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გადაადგილების თაობაზე. თბილისისა და სოხუმის შეთანხმებით აფხაზებს არ უნდა შეეშალათ ხელი ქართული სამხედრო ნაწილების სამძებრო ქმედებებისთვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების მსგავსი მარშები მანამდეც განხორციელებულა - 1992 წლის თებერვალში გიორგი ყარყარაშვილის მეთაურობით საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილები მდინარე ფსოუმდე ჩავიდნენ, რის შემდეგაც უკან გამობრუნდნენ.[16] 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ნაწილობრივ შეცვლაზე, რომელიც დასაბუთდა ორი მიზეზით: რკინიგზის დაცვის აუცილებლობა ხშირი თავდასხმებისგან და მძევლების გათავისუფლება აფხაზეთში.[17]

შესვლა აფხაზეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით ზეიკიძის მეთაურობით. მიუხედავად არძინბასა და შევარდნაძეს შორის არსებული შეთანხმებისა, სოფელ ოხურეისთან (ოჩამჩირის რაიონი) „აფხაზეთის ეროვნულმა გვარდიამ“ არ გაატარა საქართველოს სამხედრო ნაწილები და ცეცხლი გაუხსნა მათ. ამას მოჰყვა მსხვერპლი, რის შემდეგაც „აფხაზეთის ეროვნულმა გვარდიამ“ უკან დაიხია.

მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა, რომლის შედეგადაც აფხაზური გვარდიის ბატალიონი ვ. არშბას და გ. აგრბას მეთაურობით უკუიქცა. ვლადისლავ არძინბა გამოვიდა ტელევიზიით, საქართველოს სამხედრო ნაწილების აფხაზეთში შესვლას „აფხაზური სახელმწიფოებრიობის ხელყოფა“ უწოდა, ხოლო აფხაზურ მოსახლებას „ქართველი ოკუპანტებისა და აგრესორების წინააღმდეგ სამამულო ომისაკენ“ მოუწოდა.[18] სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ საპასუხოდ აღნიშნა: „რაღაც ოკუპაციაზე ლაპარაკი სრულიად უმართებულია, რადგან საქართველოს ეროვნული ნაწილები მოქმედებენ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მომავალშიც იმოქმედებენ, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესები“. 14 აგვისტოს, შუადღისას, მათ აიღეს სოხუმის ცენტრიდან 25 კილომეტრში მყოფი სოხუმის აეროპორტი (გულრიფშის რაიონი), რომელიც საქართველოს ეროვნული გვარდიის ბოლნისის ბატალიონისა და შინაგანი ჯარების ნაწილების კონტროლქვეშ გადავიდა.[1][19] შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი[20]

სოხუმში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. ქართული ძალები შედგებოდა 1000 კაცისგან, ხუთი ტანკისგან, თვითმფრინავისა და 10 ქვემეხისგან.[1] ქალაქის შიგნით გამაგრდა 300 კაციანი ფორმირება, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. მტრებმა ქართველებს პირველი ბრძოლები გაუმართეს სოხუმის მე-14 სკოლასთან.[21] ამის შემდეგ აფხაზებმა უკან დაიხიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები ქალაქის ცენტრს მიადგნენ და შეჩერდნენ წითელ ხიდთან. პირველი მსხვერპლი სწორედ აქ გაჩნდა.[22] ქართველების ქალაქში შესვლასთან ერთად, მტერი აშენებდა ბარიკადებს და ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს.[1] 14 აგვისტოს დაიღუპა 19, ხოლო დაიჭრა 39 ადამიანი.[1] დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. ქართულმა მხარემ მოითხოვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მოწვევა და არძინბას გადაყენება, რასაც აფხაზური მხარე არ დათანხმდა.[23] 17 აგვისტოს ქართული ძალები შევიდნენ ქალაქის ცენტრში უბრძოლველად. აფხაზების ბრძოლისუნარიანმა ნაწილებმა დაიწყეს უკან დახევა და სოხუმის ჩრდილოეთით, მდინარე გუმისთის გაღმა სოფელ ეშერაში გამაგრება. 18 აგვისტოს ქართველებმა საარტილერიო შეტევა მიიტანეს მტრების პოზიციებზე სოხუმის მათ კონტროლქვეშ მყოფ ნაწილში, მდინარე გუმისთის გასწვრივ და გუდაუთაში.[1] მტრების წინააღმდეგ შეტევაში ასევე გამოიყენებოდა ავიაცია.[1] სოხუმის ცენტრის შემდეგ, ქართულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და გავიდნენ მდინარე გუმისთაზე. 12 საათსა და 30 წუთზე, ეროვნული გვარდიის ქუთაისის ბატალიონისა და შინაგანი ჯარების ნაწილებმა უმსხვერპლოდ დაიკავეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობა. ოპერაციას გია ყარყარაშვილი ხელმძღვანელობდა. შენობიდან ჩამოიხსნა აფხაზების სეპარატისტული დროშა და მის მაგივრად შინაგანი ჯარების ოფიცრებმა ფრიდონ ლომიძემ და ჯუმბერ წივილაძემ საქართველოს შინდისფერი დროშა აღმართეს.[24] არძინბა და აფხაზური დეპუტაცია გუდაუთაში გაიქცნენ. უმაღლესი საბჭოს შენობის აღების შემდეგ, ქართველებმა აიღეს დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტების შენობები, მათ შორის სატელევიზიო მაუწყებლობის სადგური, სატელეგრაფო და სატელეფონო კომპანიები, ასევე პორტი. 18 აგვისტოს კიტოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალები მთლიან სოხუმს აკონტროლებდნენ.[1]

ქართულმა ძალებმა დააკავეს 200 ადამიანი ბანდფორმირებებში მონაწილეობისთვის.[2] შეიქმნა აფხაზეთის სამხედრო საბჭო თამაზ ნადარეიშვილის (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგე) თავმჯდომარეობით, გამოცხადდა კომენდატის საათი.[25][26] 20 აგვისტოს ეროვნულმა გვარდიამ დატოვა სოხუმი და ის დაიკავა ქართულმა პოლიციამ, რომელსაც დაევალა კომენდანტის საათის დაცვა. აგვისტოს ბოლოს კონფლიქტმა გადაინაცვლა ჩრდილოეთში, გაგრაში და ვითარება სოხუმში დასტაბილურდა. ზოგიერთი მონაცემით, 18 აგვისტოს დილისთვის 50 ადამიანი იყო გარდაცვლილი, ხოლო სხვა წყაროთი, აგვისტოში 70 ადამიანი დაიღუპა.[2][1]

სოხუმი ქართველების კონტროლქვეშ იყო მთელი ომის განმავლობაში, 1993 წლის 27 სექტემბერს მის დაცემამდე.

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 „Georgia/Abkhazia: Violations of the Laws of War and Russia's Role in the Conflict: Acts of Lawlessness During the First Two Months of Fighting, August to September 1992“. Human Rights Watch Reports. 7 (7). 1995. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2001.
  2. 2.0 2.1 2.2 Georgia: Violent events in Sukhumi and Tsalenjikha between April and August 1992; persons in charge of Georgian national security and law enforcement; roles of Colonels Kalandia and Maisuradze in Sukhumi and Tsalenjikha. Immigration and Refugee Board of Canada (16 January 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 May 2014.
  3. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 333
  4. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 349-351
  5. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 341-343
  6. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 356
  7. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 358
  8. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 361
  9. „საქართველოს რესპუბლიკა“, №154, 14 აგვისტო, 1992, გვ. 2
  10. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 358-359
  11. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 359-360
  12. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 360-362
  13. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 363
  14. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 363
  15. Cornell, Svante E, Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Case in Georgia, p. 180. Department of Peace and Conflict Research, Report No. 61. Uppsala. ISBN 91-506-1600-5.
  16. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 335-336
  17. „საქართველოს რესპუბლიკა“, №157, 19 აგვისტო, 1992, გვ. 1
  18. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 365-367
  19. „საქართველოს რესპუბლიკა“, №158, 20 აგვისტო, 1992, გვ. 1
  20. ლაცუზბაია დ. ყოლბაია ვ. გელანტია რ. ჭახრაკია თ. აფხაზეთის ლაბირინთი, გვ.124 – თბილისი, „არხატი“, 1999
  21. Красный мост: военная история железного юбиляра // Sputnik-abkhazia.ru
  22. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 370
  23. „საქართველოს რესპუბლიკა“, №158, 20 აგვისტო, 1992, გვ. 1
  24. „საქართველოს რესპუბლიკა“, №158, 20 აგვისტო, 1992, გვ. 1
  25. „საქართველოს რესპუბლიკა“, №158, 20 აგვისტო, 1992, გვ. 1
  26. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 370-371