გაგრის ბრძოლა
გაგრის ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
აფხაზეთის ომი ნაწილი | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
![]() ![]() ![]() |
![]() | ||||||
მეთაურები | |||||||
შამილ ბასაევი | გიორგი ყარყარაშვილი | ||||||
ძალები | |||||||
3000-4000 ჯარისკაცი[1] |
3000 ჯარისკაცი | ||||||
დანაკარგები | |||||||
100 ჯარისკაცი | 300 ჯარისკაცი[1] 397 მშვიდობიანი მოსახლე [2] |
გაგრის ბრძოლა — ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის. დასრულდა აფხაზთა გამარჯვებით.
ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
15 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს საქართველომ გაგრაში გადასხა ქართული დესანტი, რომელმაც იმავე დღეს უბრძოლველად დაიკავა გაგრა და დაბა კოლხიდა, ხოლო 19 აგვისტოსთვის მთლიანად დაიკავა ტერიტორია მდინარე ფსოუმდე. აფხაზები სოფელ ბზიფთან გამაგრდნენ.
3 სექტემბერს, მოსკოვში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, 5 სექტემბრის 12 საათიდან მხარეებს უნდა შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და დაეწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ქართული სამხედრო ნაწილების დისლოკაციის შეცვლას. [3]
1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ საქართველო შეთანხმების დაარღვევაში დაადანაშაულა და შეტევაზე გადმოვიდა. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე დაბა კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. რამდენიმე საათში აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს კოლხიდა დაეცა.
მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა და ქალაქ გაგრისკენ დაიძრა. ქართული ჯარი არაორგანიზებულად შეხვდა მტრის თავდასხმას. არ არსებობდა ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა, ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი. იმ დროს, როდესაც გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.
აფხაზებმა გააგრძელეს შეტევა და 5 ოქტომბერს განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი.
ექსპერტების შეფასებით, გაგრის აღება აფხაზი სეპარატისტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები და თუ აფხაზები რუსეთთან საზღვარს არ გახსნიდნენ, ისინი ბლოკადაში მოექცეოდნენ და ვერ მიიღებდნენ ლოგისტიკურ დახმარებას რუსეთისგან.
აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Human Rights Watch Arms Project. Human Rights Watch/Helsinki. March 1995 Vol. 7, No. 7. Georgia/Abkhazia: Violations of the Laws of War and Russia’s Role in the Conflict
- ↑ დაღუპულთა და უგზოუკლოდ დაკარგულთა სტატისტიკური მონაცემები
- ↑ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.