ტამიშის ბრძოლა
ტამიშის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
აფხაზეთის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 2-9 ივლისი, 1992 | ||
მდებარეობა | ტამიში, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ტამიშის ბრძოლა — ბრძოლა აფხაზ სეპარატისტებსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2-9 ივლისს.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წლის ივლისში სეპარატისტებმა წამოიწყეს შეტევა ქალაქ სოხუმის ასაღებად, ცნობილი როგორც „ივლისის ოპერაცია“. 1 ივლისს მათ განაახლეს საარტილერიო ცეცხლი სოხუმზე და მის მისადგომებზე „გუმისთის ფრონტზე“. 1-დან 2 ივლისზე ღამეს გუდაუთიდან გამოვიდა სეპარატისტების დესანტი კატერების თანხლებით, ლაკუტა ზარანდიას მეთაურობით. დილით გადმოსხმულ იქნა დესანტი სოფელ ტამიშში, სოხუმის სამხრეთით. ბარჟაზე იყო 300-დან 600 მებრძოლამდე, რომლებსაც წვრთნები ჰქონდათ გავლილი მიუსერაში. მედესანტეები მიჰყავდა გემ МСБ-24-ს, ხოლო МСБ-12-ს მიჰქონდა იარაღი, ტყვია-წამალი და „გრადის“ ტიპის დანადგარები. კიდევ ორ კატერს მიჰყავდა თითოს 10-მდე მედესანტე. ქართველებმა დესანტის გადმოსხმის დროს გახსნეს საარტილერიო ცეცხლი. კატერი „გრიფი“ ამ დროს გაემართა ოჩამჩირისკენ და დაიწყო ქალაქის დაბომბვა ყურადღების გადასატანად. დესანტის გადმოსხმის პარალელურად, 2-3-ჯერ მეტმა მებრძოლმა შეტევა დაიწყო ტყვარჩელიდან. დესანტი გაიჭრა სოფელ ანუარხუსა და ტამიშის სკოლას შორის ტრასაზე. სეპარატისტებმა ბრძოლით აიღეს ტამიშის სკოლის შენობა, საღამოსთვის მათ აიღეს სოფელი ძველი კინდღი და შვიდკილომეტრიანი „კორიდორი“ დაამყარეს ახალი კინდღიდან სოფელ ცაგერამდე, მცირე ქართული შენაერთები ინარჩუნებდნენ პოზიციებს მნიშვნელოვან სიმაღლეებზე, ანუარხუსა და ტამიშის სკოლაში, თუმცა ისინი ალყაში იყვნენ მოქცეული. მედესანტეებმა აიღეს ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი, რითაც მთლიანად გაწყვიტეს სოხუმის კავშირი თბილისთან. დესანტის გადმოსხმის მიზანი არა თვითონ ტამიშის აღება, არამედ სოხუმის აღების ხელშეწყობა იყო, რადგან ამ დროს მიდიოდა „გუმისთის ფრონტის“ სოფლებზე შეტევა. დესანტის გადმოსხმის მოულოდნელობის გამო, ქართველებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს.
ბრძოლაში ბევრი ქართული შენაერთი ჩაერთო, მათ შორის „მხედრიონი“ და გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ბატალიონები ლოთი ქობალიას მეთაურობით. 4 ივლისს, დაიწყო გარღვევითი შეტევა, ცენტრალურ მიმართულებაზე „მხედრიონი“ მიდიოდა, მარცხნივ - ქობალიას ბატალიონები და მარჯვნივ - შინაგანი ჯარი. პირველი ოპერაცია არ აღმოჩნდა წარმატებული. ამავდროულად, სეპარატისტებს ჰქონდათ კიდევ ერთი დესანტის გადმოსხმის მცდელობა სოფელ ტამიშში, მაგრამ ვერ მოახერხეს ეს. სეპარატისტებს სულ უფრო უჭირდათ „კორიდორის“ გამაგრება.
7 ივლისს ღამით სეპარატისტების კიდევ ერთი მცდელობა გადმოესხათ დესანტი ჩავარდა.
9 ივლისს დაიწყო მეორე გარღვევითი ოპერაცია. ბრძოლა 8 საათი გაგრძელდა და ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო დუშეთის ბატალიონმა, „შავნაბადამ“ და მე-11 ბრიგადამ. 12 ივლისს რკინიგზით გაიგზავნა მომარაგება სოხუმისთვის, რომელიც წარმატებით მივიდა დანიშნულების ადგილამდე.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივლისის ოპერაციის შედეგად სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს სოხუმის აღება, თუმცა მათ ხელში აღმოჩნდა სტრატეგიული სიმაღლეები გუმისთის ფრონტზე: სოფელი ახალშენი, კამანი და შრომა. 27 ივლისს დაიდო საზავო ხელშეკრულება სოჭში, რომლითაც დროებით შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, სექტემბერში სოხუმზე მიტანილ კიდევ ერთ შეტევამდე.
გამოყენებული მასალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტამიშის ბრძოლა - მოულოდნელი დესანტის პირისპირ დაარქივებული 2023-07-20 საიტზე Wayback Machine. . რადიო თავისუფლება. 10 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 20 იანვარი 2024.
- ტამიშის ბრძოლა - 30 წელი ერთი გამარჯვებიდან... წაგებულ ომშიდაარქივებული 2023-08-01 საიტზე Wayback Machine. . კვირის პალიტრა. 2 ივლისი 2023. ციტირების თარიღი: 20 იანვარი 2024.
- Боевые действия на море в ходе грузино-абхазской войны в 1992-1993 гг., Розин Александр
- O'Ballance, Edgar (2016). Wars in the Caucasus, 1990–1995. Palgrave Macmillan UK, გვ. 134. ISBN 9781349142279.