ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერი
ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერი (ფრანგ. Étienne Geoffroy Saint-Hilaire; დ. 15 აპრილი, 1772, ეტამპი — გ. 19 ივნისი, 1844, პარიზი) — ფრანგი ზოოლოგი, ევოლუციონისტი, ჩარლზ დარვინის ერთ-ერთი წინამორბედი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1807). 1791–1801 წლებში მონაწილეობდა ეგვიპტის ექსპედიციაში, რის შედეგადაც აღწერა ძუძუმწოვრების, ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და თევზების მრავალი ახალი გვარი და სახეობა. ხერხემლიან ცხოველთა ცალკეული კლასების შიგნით შედარებით-ანატომიური გამოკვლევების საფუძველზე ამტკიცებდა ორგანიზმთა აღნაგობის ერთიანობას. ხერხემლიანთა სხვადასხვა კლასს შორის მორფოლოგიური ერთიანობის დასადგენად სწავლობდა ჩანასახების შედარებით მორფოლოგიას, რითაც საფუძველი ჩაუყარა ევოლუციურ ემბრიოლების მტკიცებებს, ბიოგენეზურ კანონს, „ანალოგების თეორიას“. შეიმუშავა ე. წ. სინთეზური მორფოლოგია, რომელიც გამოიყენა თავის „ანატომიის ფილოსოფიაში“ (ტ. 1, 1818); ცდილობდა რა ცხოველთა აღნაგობის ერთიანი გეგმის მოძღვრების დასაბუთებას, ჟოფრუა სენტ-ილერმა დაუშვა მთელი რიგი სერიოზული შეცდომები (მაგ., ფეხსახსრიანთა გარეგანი ქიტოვანი ჩონჩხი გააიგივა ხერხემლიანი ცხოველების შინაგან ძვლოვან ჩონჩხთან). ჟოფრუა სენტ-ილერის მოძღვრება ცხოველთა სამყაროს ყველა ტიპის ორგანიზაციის ერთიანი გეგმის შესახებ მეტაფიზიკური იყო, მაგრამ ხელი შეუწყო წარმოშობის ერთიანობის იდეის განმტკიცებას. 1830 წელს გაილაშქრა ჟორჟ კიუვიეს მოძღვრების წინააღმდეგ სახეობათა უცვლელობის შესახებ. მკაცრად გააკრიტიკა კიუვიეს თეორია ცხოველთა სამყაროს აგებულების 4 იზოლირებული ტიპის შესახებ. 1831 წელს ჟოფრუა სენტ-ილერი გამოვიდა ევოლუციური იდეის დასაცავად, რისთვისაც გამოიყენა ემბრიოლები, პალეონტოლები, შედარებითი ანატომიური და სისტემატიკის მონაცემები. მას შექმნა თეორია სიმახინჯეებზე, როგორც ბუნებრივ მოვლენებზე („ანატომიის ფილოსოფია“, ტ. II, 1822). საფუძველი ჩაუყარა ტერატოლოგიას, ცხოველთა აკლიმატიზაციას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ო. ჟორდანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 257.