რევაზ ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანაშია.
რევაზ ჯანაშია
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1943
ჩხოროწყუ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 2021 (78 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საქმიანობა არქიტექტორი, მათემატიკოსი

რევაზ ჯანაშია (დ. 2 ოქტომბერი, 1943, ქალაქი ჩხოროწყუ — გ. 9 ნოემბერი, 2021) — ქართველი არქიტექტორი და მათემატიკოსი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი; 1973 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1970-1976 წლებში მუშაობდა სსრკ პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს საპროექტო ინსტიტუტ „კურორტპროექტის“ საქართველოს ფილიალში; 1976-1985 წლებში საქართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტების სამმართველოს საპროექტო ორგანიზაციაში; 1985-1991 წლებში საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში; 1991 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს წევრი; მისი ავტორობით აშენებული ობიექტებია: 500-ადგილიანი სანატორიუმები წყალტუბოსა (მ. ჩხენკელთან ერთად) და გუდაუთაში „ბომბორი“ (მ. ჩხენკელთან და კ. სარაჯიშვილთან ერთად), მძლეოსნობის სპორტული მანეჟი თბილისში (წერეთლის გამზირზე, მ. ჩხენკელთან და მ. ლიპარტელიანთან ერთად), წმ. აბო თბილელისა და ათთა ბერთა მონასტერი თბილისში, მეტეხის ხიდთან, წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა მონასტერი აბანოთუბანში. წმ. გიორგის ეკლესია თბილისის N31 ქარხანასთან, წმ. ცამეტ ასურელ მამათა ეკლესია დიდ დიღომში, წმ. ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია ვაზისუბანში, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესია ვარკეთილში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია სამტრედიაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრები ზესტაფონსა და სენაკში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარი ჩხოროწყუში, წმ. ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძარი ხულოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები აბაშაში, საკათედრო ტაძრები ბანძასა და დედოფლისწყაროში, წმ. ნინოს ტაძარი ზესტაფონში, წმ. ქართველ ათონელ მამათა ტაძარი მახათას მთაზე (ო. ნაფეტვარიძესთან ერთად), ღვთისმშობლის მირქმის მონასტერი ხობში, ამაღლების ტაძარი თბილისში, ამაღლების ქუჩაზე; წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და წმ. ნიკოლოზის ტაძრები კრწანისში, წმ. გიორგის ტაძარი ავჭალის ყოფილ კოლონიაში, ღვთისმშობლის ხარების ტაძარი შატილში; 1991-1998 წლებში მუშაობდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 737-738

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]