ივერია (სანატორიუმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანატორიუმი „ივერია“არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანატორიუმი აშენებულია არქიტექტორ მ. მ. ბუზოღლის (შვილი) მიერ 1962 წელს. იგი შედგება ერთი ძირითადი და მასზე უკანა მხრიდან მიდგმული ორი ფლიგელისგან. შენობის ძირითადი ნაწილი ოთხსართულიანია. ფასადის შუა ნაწილში კაპიტელებიან სვეტებზე დაყრდნობილი პორტიკია, რომელიც ორი სართულის სიმაღლისაა. მის ორივე მხარეს იგივე სიმაღლეზე ფასადს გასდევს პორტიკის ანალოგიური თაღოვანი გალერეა, ამით ფასადის გალერეის მთლიანობა თითქოს დაურღვეველია.[1]

გალერეის ქვეშ მოქცეულ მეორე სართულს დამოუკიდებელი შეკიდული აივნები ამშვენებს. მესამე და მეოთხე სართულები კი ერთიან ნახევარწრიულ თაღნარ აივანშია მოქცეული, რომელიც შიდა ტიხრითაა დანაწევრებული. შენობის გვერდებში ჩართულია კოშკურები, რომლებიც გარე მხრიდან ოთხწახნაგაა. თითოეული კოშკის ძირითადი ნაწილი, ისევე როგორც შენობის დანარჩენი ნაწილი, დასრულებულია დეკორატიული კარნიზით. ძირითად ნაწილს რვა სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატური აქვს დადგმული. შენობის კიდეები, რომლებიც კოშკურის შემდეგ აგრძლებს შენობას, სამსართულიანია. ფასადის მხრიდან მეორე სართულს შეკიდული ღია აივანი აქვს. კუთხეები კი მომრგვალებულია და ზედა ორ სართულს ერთიანი გალერეა შემოუყვება.

ინტერიერში მთავარი დიდი წახნაგოვანი ჰოლიდან, გვერდითა ნაწილებსა და სართულებზე მოხვედრაა შესაძლებელი. მთავარი კიბე რიკულებიანი მოაჯირითაა მოზღუდული. სართულების ჭერი შუაში წრიულადაა გახსნილი და კესონებიანია. ისინი სვეტებს ეყრდნობა. შენობის მორთულობის მთავარი მშვენება სვეტების კორინთული კაპიტელები და კარნიზის დეკორატიული საბჯენებია, რომელთა სახეში ქართული ჩუქურთმის დეტალებია ჩადებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17443

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]