შინაარსზე გადასვლა

სპირიდონ ტრიმიფუნტელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი

წმ. სპირიდონის ხატი
დაიბადა 270 ახ.წ.
კვიპროსი
გარდაიცვალა 348 ახ.წ.
ტრიმითუნტი, კვიპროსი
ხსენების დღე 12 (25) დეკემბერი
მოღვაწეობა მწყემსი
ენა ძველი ბერძნული ენა[1]

წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუნტის ეპისკოპოსი. (დ. დაახლ. 270, კვიპროსი — გ. 348, ტრიმითუნტი, კვიპროსი) — ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილე წმინდა მამა. არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით — 25 დეკემბერი.

ადრეული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახლ. 270 წელს გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონაზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა .

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, 325 წ. ხატის ცენტრში გამოსახულია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომელიც ადუმებს არიოზს

იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას სპირიდონს კვიპროსის ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდა მამა არიოზის მწვალებლობის დიდი მოწინააღმდეგე იყო. 325 წ., კრების მსვლელობისას წმინდა სპირიდონმა დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა ერეტიკოსებისათვის, თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც — სამი პირი და ერთი ბუნება“, — განუცხადა მოწინააღმდეგეებს წმ. სპირიდონმა.

მოღვაწეობის ბოლო წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა სპირიდონმა იმპერატორ მაქსიმინუსის პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქ. ტრიმიფუნტში დაახ. 80 წლის ასაკში.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად, წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წ. როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ოქრომკედით შემკული ფაჩუჩები, რომლებიც ყოველ წელს სასწაულებრივად ცვდება. წმინდანის უხრწნელ სხეულს აცვამენ ახალ ფაჩუჩებს, ხოლო გაცვეთილს ანაწილებენ მთელ მსოფლიოში.
  • იმპერატორი კონსტანციუს II ანტიოქიაში ყოფნისას მძიმედ დაავადდა. მისი განკურნება ექიმებმა ვერ შეძლეს. იმპერატორმა ღამით სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. იმპერატორმა ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. გახარებულმა იმპერატორმა მთელი დღე წმ. სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.
  • ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ წმ. სპირიდონის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.
  • ერთხელ წმ. სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.
  • ერთხელ წმ. სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო და როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, ანგელოზებმა გალობით გააგრძელეს „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს.
  • ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. ერთ ღამესაც პატრიარქს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმ. სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილი აქვთ სიმეონ მეტაფრასტს, სოზომენს და სოკრატე სქოლასტიკოსს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.