მეტეხის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Metekhi bridge.JPG

მეტეხის ხიდი — ხიდი თბილისში მდინარე მტკვარზე. აგებულია მეტეხის კლდის ვიწროებში, იქ სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე მეტად არის შევიწროებული ისტორიული ხიდების, ავლაბრისა და ვირის ხიდების ადგილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეხის ტაძრის სიახლოვეს სახიდე გადასასვლელი უძველესი დროიდან არსებობდა. ხიდი მდინარესაკენ ორივე მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ნაგებობების სისტემა მდინარის კალაპოტზე და მის გასწვრივ გამავალი გზის ეფექტიანი კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ხიდი არსებობდა ამ ადგილზე ციხესიმაგრეების დაარსებიდანვე. ის კალას აკავშირებდა ისნის ციხესთან. მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში, იოანე საბანისძის „აბო თბილელის მარტვილობაში“ გვხვდება. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ამ ადგილას, ძველად ერთმანეთის მახლობლად ორი ხიდი უნდა ყოფილიყო.

საუკუნეების მანძილზე ეს იყო ერთადერთი გადასასვლელი მტკვარზე ქალაქის ფარგლებში. დროთა განმავლობაში მის სიახლოვეს არსებულმა ტერიტორიამ მძლავრი სავაჭრო ფუნქციაც შეიძინა და ქალაქის განვითარებისთვის ერთ-ერთ ძლიერ სტიმულად იქცა. ახლომახლო მდებარე ქუჩების გაყოლებით შენდებოდა დუქნები, სახელოსნოები და ეკლესიები. დიდ, მდინარის აღმა მდებარე ხიდს ავლაბრის ხიდი ეწოდებოდა, პატარას - მეტეხის ხიდი. დიდ ხიდზე ურმები, ეტლები და სხვა ტრანსპორტი გადადიოდა, ხოლო პატარაზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულენი და სახედრები გადადიოდნენ. ამის გამო ხალხმა მას ვირის ხიდი შეარქვა.

შესაძლებელია, რომ ხიდი გარკვეულ რელიგიურ დანიშნულებას ასრულებდა. ალბათ შემთხვევით არ არის, რომ ირანის შაჰმა ისმაილმა თბილისის დალაშქვრისას ამ ადგილზე „პატიოსანი ჯვრის“ მაგიერ მეჩეთი ააშენა. ამ აქტს მუსლიმანი დამყრობლისთვის სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. შესაძლოა ისიც რომ სწორედ ამ ხიდზე ცდილობდნენ თბილისის დამყრობლები მოქალაქეთა გამაჰმადიანებას.ისინი ურჩებს მდინარეში ყრიდნენ. ასე მოიქცა ჯალალედინი 1226 წელს, იგივე გამეორდა 1522 წელს სპარსელთა შემოჭრისას. ძველ წერილობით წყაროებში მეტეხის ვიწროებში აგებული ხიდი მოხსენიებულია, როგორც ერთადერთი ქალაქში. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ ხიდის სიდიდეს და სიმტკიცეს. ყაზანელი სოვდაგარი ვასილ გაგარე, რომელიც ღვთისათვის მიცემული აღთქმის შესასრულებლად იერუსალიმში გაემგზავრა ცოდვების მოსანანიებლად და გზად თბილისში გაიარა თავის ნაშრომში თბილისის ხიდს „საკვირველს“ უწოდებს.

მეტეხის ხიდმა თანამედროვე იერსახე საბჭოთა ეპოქაში მიიღო. 1951 წელს აშენდა თანამედროვე ორმალიანი რკინაბეტონის ხიდი (არქიტექტორი ს. დემჩინელი, ინჟინერი გ. ჩომახიძე). იგი თავდაპირველად ლავრენტი ბერიას სახელს ატარებდა, 1953 წლიდან კი მეტეხის ხიდი ეწოდა.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 9-10, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია, თ., „ძველთბილისური დასახელებანი“, „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1985