ნიკოლოზ ვავილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ვავილოვი
Nikolai Vavilov NYWTS.jpg
დაბ. თარიღი 13 (25) ნოემბერი 1887[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 26 იანვარი 1943(1943-01-26)[2] [3] [4] [5] (55 წელი)
გარდ. ადგილი სარატოვი[2]
დასაფლავებულია სარატოვის ვოსკრესენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1936–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
მუშაობის ადგილი სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემია, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, რუსეთის მცენარეთა ინსტიტუტი და ვავილოვის სახელობის საერთო გენეტიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი და ლენინური პრემია[6]

ნიკოლოზ ვავილოვი (დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1887, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 26 იანვარი, 1943, სარატოვი, სსრკ) — მეცნიერ-ბოტანიკოსი, გენეტიკოსი, გეოგრაფი და აგრონომი, საბჭოთა ბოტანიკის მცენარეთმცოდნეთა სკოლის ფუძემდებელი. მან ბევრი ნაშრომი მიუძღვნა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას, რომლებმაც ფართო აღიარება ჰპოვეს არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაი (მარცხნივ) და მისი ძმა სერგეი ვავილოვი დედასთან ერთად, ალექსანდრა მიხაილოვნა, 1915 წელი.

ნიკოლოზ ვავილოვი დაიბადა მოსკოვში. ბავშვობაში იგი გატაცებული იყო ბუნებისმეტყველებით და თავის ძმასთან სერგეისთან ერთად სახლში ფიზიკურსა და ქიმიურ ცდებს ატარებდა, ხოლო ზაფხულობით ექსკურსიებზე დადიოდა ქალაქგარეთ და ჰერბარიუმებს აგროვებდა. ჭაბუკი ესწრებოდა გამოჩენილი პროფესორების ლექციებს პოლიტექნიკურ მუზეუმში. ესენი იყვნენ ზოოლოგი და ენტომოლოგი კულაგინი, ქიმიკოსი რეფორმატსკი, მიკრობიოლოგი და მცენრეთა ფიზიოლოგი ხუდიაკოვი და სხვ. ამ ლექციებმა განაპირობა უმაღლესი სასწავლებლის არჩევანიც - ვავილოვი მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში შევიდა (ამჟამად ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია).

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვავილოვი გაგზავნეს მოსკოვის სასელექციო სადგურში, რომელსაც ნიჭიერი სელექციონერი რუძინსკი ხელმძღვანელობდა. იმ დროს ნიკოლოზ ივანეს ძემ დაიწყო მცენარეთა იმუნიტეტის, ანუ მათი სენშეუვალობის შესწავლა.

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს ვავილოვი საზღვარგარეთ მიავლინეს. მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში. მუშაობდა ცნობილი ბიოლოგების ლაბორატორიებში და სწავლობდა მემკვიდრეობითობისა და იმუნიტეტის საკითხებს. სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მეცნიერი კვლავ სასელექციო სადგურის მინდვრებზე ატარებდა მთელ დღეებს: ხელოვნურად აავადებდა მცენარეებს, აჯვარებდა მათ, ატარებდა ქიმიურ ანალიზებს. მეცნიერი ან მარტო მუშაობდა, ან მოხალისეებთან - სადგურის თანამშრომლებთან ერთად. თანდათან ვავილოვი მივიდა დასკვნამდე, რომ იმუნური, ე.ი. მდგრადი ჯიშების გამოსაყვანად საჭირო იყო მცენარის რაც შეიძლება მეტი გადასინჯვა.

1916 წელს მეცნიერმა პირველად იმოგზაურა მცენარეების შესაგროვებლად. მან მარტომ გაიარა საქარავნო გზებით ტაჯიკეთის, ფერგანის, ირანისა და პამირის მთიანი რაიონები და თესლების უამრავი ნიმუში ჩამოიტანა.

26 წლის იყო ვავილოვი, როცა სარატოვის უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სარატოვში იგი განაგრძობდა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას.

1920 წელს მეცნიერმა აღმოაჩინა პარალელური ცვალებადობის კანონი მცენარეთა ახლობელ სახეობებსა და გვარებში (მაგალითად, მუხუდოსა და უგრეხელს, ან სხვადახვა სახის ხორბალს შორის). ორგანიზმების ახლობელ სახეობებსა და გვარებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკუთარი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშნებითა და თვისებებით, ამავე დროს ბევრი საერთო ნიშანიც ახასიათებს. ასე, მაგალითად ხორბლის ერთ-ერთ სახეობას, რბილ ხორბალს აქვს რამდენიმე ფორმა, რომლებიც შემდეგი ნიშნებით განსხვავდება ერთმანეთისგან: ფხიანობით (ფხიანი, უფხოები და ნახევრადფხიანები), თავთავის ფერით (თეთრთავთავიანები, წითელთავთავიანები, რუხთავთავიანები და შავთავთავიანები), მარცვლის ფერით (თეთრმრცვლიანები და წითელმარცვლიანები), განვითავრების თავისებურებებით (საშემოდგომო და საგაზაფხულო). რბილი ხორბლის ახლობელი სახეობის თავთუხსაც ისეთივე ფორმები აქვს-ფხიანები და უფხოეები, საშემოდგომო და საგაზაფხულო და ა.შ.

რით აიხსენება ორი ახლობელი სახის ფორმების ასეთი დამთხვევა? ვავილოვი შემდეგნაირად ხსნიდა ამ მოვლენას: მონათესავე ორგანიზმებში ნიშანთა ცვალებადობა ერთი მიმართულებით, ე.ი. პარალელურად მიმდინარეობს.

როცა ერთი სახეობის ნიშანთა ცვალებადობა შესწავლილია, უნდა დავასკვნათ, რომ იგი ისეთივე იქნება მეორე ახლობელი სახეობისათვისაც. ეს სკანონი საშუალებას იძელოდა წინასწარ ევარაუდათ ესა თუ ის ფორმა ახლობელ სახეობებსა და გვარებში.

ვავილოვმა თავის აღმოჩენას ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი უწოდა (ბერძნული სიტყვა „ჰომოლოგოს“ ნიშნავს-შესაბამისს, მსგავსს).

ვავილოვის მიერ დადგენილი კანონზომიერება მცენარეთა ცვალებადობაში შეიძლება მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემას შედარდეს. ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა ადამიანისათვის საჭირო მცენარეთა ფორმების გეგმაზომიერი ძიებისთვის. ვავილოვისა და მისი მოწაფეების შემდგომმა საქმიანობამ დაადასტურა აღმოჩენილი კანონის სისწორე. ამ აღმოჩენამ უცხოელი მეცნიერების ყურადღება მიიპყრო მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ჰომოლოგიურ მწკრივთა კანონი ზოგადბიოლოგიურია და მისი გამოყენება შეიძლება როგორც უმდაბლესი მცენარეებისა და ცხოველებისთვის, ასევე უმაღლესი ცხოველებისთვისაც.

1924 წელს ლენინგრადში შეიქმნა გამოყენებითი ბოტანიკისა და ახალი კულტურების საკავშირო ინსტიტუტი (შემდგომში მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტი), რომლის დირექტორადაც ვავილოვი დაინიშნა.

ვავილოვის აზრით, სოფლის მეურნეობის დონის ასამაღლებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების შედგენილობის განახლება. იმ დროს არსებულ ჯიშებს არ შეეძლო ყოველწლიურად მდგრადი მოსავლის მოცემა ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მისი განსხვავებული ნიადაგური და კლიმატური პირობების გამო. ისეთი რაიონებისათვის, როგორიც ვოლგისპირეთი იყო, სადაც გვალვა ხშირად ანადგურებდა მთელ მოსავალს, გვალვაგამძლე და სენშეუვალი ჯიშები უნდა გამოეყენებინათ, ხოლო ჩრდილოეთის რაიონებში - ზამთარგამძლე ჯიშები, რომლებსაც ვერაფერს დააკლებდა მკაცრი ჰავის ჭირვეულობა.

სიმინდის ჯიშების კოლექცია ნიკოლოზ ვავილოვის ოფისში, რუსეთის მემეცენარეობის ინსტიტუტში

ახალი ჯიშების გამოსაყვანად აუცილებელი იყო დიდ რაოდენობით საწყისი მასალა, რომლის მოცემა მხოლოდ მცენარეთა მსოფლიო კოლექციას შეეძლო. ამიტომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარესა და საზღვარგარეთ სამეცნიერო ექსპედიციები დაიგზავნა. ნიკოლოზ ივანეს ძის აზრით ბევრი სასოფლო-სამეურნეო მცენარისა და მიწათმოქმედების სამშობლო უძველესი აღმოსავლეთის ქვეყნები იყო. ამიტომაც პირველ რიგში ექსპედიციებმა გამოიკვლიეს დასავლეთ ჩინეთი, ავღანეთი, მცირე აზია და მონღოლეთი. თვითონ ვავილოვი ავღანეთში წავიდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა ამ ნაკლებად შესწავლილ ქვეყანას და ისეთი რაიონებიც მოინახულა, სადაც მანამდე არც ერთ ევროპელს არ დაედგა ფეხი. ექსპედიციამ თესლის შვიდი ათასზე მეტი ნიმუში შეაგროვა და ბევრი ახალი ცნობა მიიღო ამ ქვეყნის მიწათმოქმედების შესახებ.

ვავილოვის შემდეგი ექსპედიცია უძველესი ხორეზმისაკენ (ყარაკალპაკეთი) გაემართა, ხოლო შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისაკენ, რომლებმაც, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მსოფლიო მიწათმოქმედებას მისცეს ოთხი სახის ხორბალი, ჭარხალი, კომბოსტო, ოხრახუში, არტიშოკი, რამდენიმე სახეობის ხახვი, ზეთისხილი, დაფნა, კერატი და სხვა კულტურული მცენარე.

ვავილოვი იყო აგრეთვე ჩრდილო აფრიკისა და ეთიოპიაში, ხოლო შემდეგ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში - ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. ცენტრალურსა და დასავლეთ ჩინეთში, განსაკუთრებით მთიან რაიონებში მეცნიერმა აღმოაჩინაა ძვირფასი კულტურების წარმოშობის კერა. ესენია: წიწიბურა, ფარჩხა, ფეტვი, სოია, პარკოსნები, ბოსტნეული, ძირხვენები, გორგლეული, ბაღჩეული და ხეხილი.

სამი წლის განმავლობაში (1930-1933) ნიკოლოზ ივანე ძემ ამერიკის ორივე კონტინენტი გამოიკვლია და საფუძვლიანად შეისწავლა ქვეყნის ამ ნაწილში კულტურულ მცენარეთა ჯიშობრივი ნაირგვარობა.

ამავე დროს იგი არ წყვეტდა შუა აზიისა და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესწავლასაც.

მალე ინსტიტუტს, რომელსაც ვავილოვი ხელმძღვანელობდა, კულტურულ მცენარეთა მთელ მსოფლიოში ყველაზე სრული კოლექცია ჰქონდა. ამ კოლექციის შექმნისას ნიკოლოზ ივანე ძეს ერთი მიზანი ჰქონდა - მთელი დედამიწის მცენარეული კაპიტალის მობილიზება და საუკუნეთა მანძილზე ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილი თესლების მთელი ჯიშების საბჭოთა კავშირში დაგროვება. მსოფლიო კოლექციის შესწავლა სრულიად საკავშირო საქმედ იქცა.

ვავილოვს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბოტანიკურ გეოგრაფიაში. მან თავისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინა ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მცენარის წარმოშობის ცენტრი. ამ ცენტრებს იგი უკავშირებდა კაცობრიობის კულტურის უძველეს კერებს. მეცნიერი აზრით არსებობდა კულტურულ მცენარეთა წარმოშობის 8 ასეთი ძირითადი კერა, ანუ ცენტრი: 1)ჩინეთის, 2)ინდოეთის, 3)ინდომალაის (მალაის და ფილიპინის კუნძულებზე და ინდოჩინეთში), 4)წინა აზია (ამიერკავკასია, ირანი, თურქმენეთის მთიანი ნაწილი), 5)ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, 6)ეთიოპია, 7)სამხრეთ მექსიკა და ცენტრალური ამერიკა 8)სამხრეთ ამერიკა

ვავილოვმა შეისწავლა დაახლოებით სამასი ათასი ნიმუში და დაადგინა 640 უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარის წარმოშობა. ასეთი მასშტაბები ჰქონდა ამ გამოჩენილ მეცნიერსა და მისი კოლექტივის გამოკვლევებს. ხორბლის ჯიშების ცხობის თვისებების შესასწავლად ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია.

მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ ივანე ძე ფიქრობდა, რომ ეს მსოფლიოს მცენარეულობის რესურსების შესწავლის მხოლოდ დასაწყისი იყო.

სელექციის მეთოდების დამუშავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო, რაზედაც ვავილოვი მუშაობდა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ჰიბრიდიზაციას, როგორც შიგასახეობრივს, ასევე შორეულს.

სანამყენე ძირებად მეცნიერი ისეთ ჯიშებს აძლევდა უპირატესობას, რომელთა წარმოშობაც ზუსტად იყო ცნობილი. ვავილოვის მოძღვრებამ ჰიბრიდიზაციისთვის შესარჩევ წყვილებზე მოგვცა ძირითადი გზა ადრეულა ჯიშების გამოსაყვანად.

ვავილოვის მთელი ცხოვრება მეცნიერული გმირობა იყო. მაგრამ მარტო სამეცნიერო შრომას როდი ანდომებდა იგი მთელ თავის ენერგიასა და ნიჭს. შესანიშნავი ორგანიზატორი ვავილოვი ფაქტობრივად თითქმის მთელი ოცი წელი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობას. იგი იყო 1929 წელს შექმნილი ლენინის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი, მემცენარეობის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. ვავილოვი ითვლებოდა საზღვარგარეთ რამდენიმე აკადემიის წევრადაც.

1929 წელს ვავილოვი აირჩიეს საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და იმავე წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. შრომებისათვის კულტურულ მცენარეთა წარმოშობასა და მცენარეთა იმუნიტეტზე 1926 წელს ვავილოვი დაჯილდოებული იყო ლენინის პრემიით. ავღანეთში ჩატარებული გეოგრაფიული გამოკვლევებისათვის საკავშირო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მას პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი მიანიჭა.

თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე გამოჩენილმა საბჭოთა მეცნიერმა დაწერა სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და შეაგროვა, ამასთან ერთად შეისწავლა უამრავი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. ვავილოვმა დაამუშავა სელექციის თეორიული საფუძვლები და მეთოდიკა, თავის თანამშრომლებსა და მოსწავლეებთან ერთად შექმნა სელექციისათვის საჭირო საწყისი მასალის უმდიდრესი ფონდი.

ბევრი რამ დარჩა დაუმთავრებელი მეცნიერს, მაგრამ მისი მოწაფეები და მიმდევრები თავიანთი მასწავლებლის დამუშავებული პროგრამით განაგრძობენ კულტურულ მცენარეთა მსოფლიო რესურსების შესწავლას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 Бахтеев Ф. Х. Вавилов Николай Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 214–216.
  3. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. გერმანული ვიკიპედია — 2001.