ნაიფ ჰავატმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაიფ ჰავატმე
არაბ. نايف حواتمة

ნაიფ ჰავატმე - 2018 წ.
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 2018 (86 წლის)
ეს-სალტი, იორდანია
მოქალაქეობა იორდანიის დროშა იორდანია
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტი

ნაიფ ჰავატმე (არაბ. نايف حواتمة; ინგლ. Nayef Hawatmeh) — იორდანელი რადიკალი პოლიტიკოსი, რომელიც  აქტიურად მონაწილეობდა პალესტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იასირ არაფატის ერთ-ერთი თანამოაზრე. იორდანიაში, ლიბანში, ერაყში, სამხრეთ იემენსა და პალესტინაში შეიარაღებული ბრძოლების იდეოლოგი, ორგანიზატორი და მონაწილე. 1969 წლიდან პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტის (DFLP) მუდმივი გენერალური მდივანი. 1999 წელს პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტი, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ნაიფ ჰავატმე,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს.[1][2]

ჰავატმე მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას 1967 წლის 4 ივნისის საზღვრებში, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში. ახალგაზრდობაში მაოიზმის გავლენის ქვეშ მოექცა, მომწიფებულ ასაკში ჰავატმე ცნობილი გახდა, როგორც მარქსიზმის იდეების მიმდევარი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკოსი პალესტინის საზოგადოების უღარიბესი ფენების უფლებებისთვის იბრძვის. ჰავატმე პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებული  მრავალი ისტორიული და თეორიული ნაშრომის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ენაზე გამოიცა სხვადასხვა ქვეყანაში.  

ამჟამად ცხოვრობს სირიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიფ ნავატმე, იასირ არაფატი, ქამალ ნასერიამანი, იორდანია, 1970 წ.

ნაიფ ჰავატმე  დაიბადა 1938 წელს სოლტში (ტრანსიორდანია).  წარმოშობით იორდანიის  აღმოსავლეთ კათოლიკე ქრისტიანი ბედუინების ტომიდანაა.  მან დაამთავრა ამანის ალ-ჰუსეინის საშუალო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა კაიროს სამედიცინო უნივერსიტეტში (სხვა წყაროების თანახმად, დაამთავრა ბეირუთის უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სპეციალობით). ადრეულ წლებში  შეუერთდა არაბულ ნაციონალისტურ მოძრაობას (ANM). სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად, ხოლო 1955-1956 წლებში—ჟურნალისტად იორდანიაში .1950 -იანი წლების დასაწყისში იგი შეუერთდა ANM -ს ხელმძღვანელთა რიგებს იორდანიასა და დასავლეთ სანაპიროზე.

1959 წელს, როდესაც იორდანიის ხელისუფლება არაბულ ნაციონალისტურ მოძრაობას დევნიდა, ნაიფი იატაკქვეშეთში გადავიდა. ამ პერიოდში მას დაუსწრებლად  გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნაიფმა. ფარულად გადაკვეთა დამასკო და გეზი აიღო ტრიპოლისკენ ( ჩრდილოეთ ლიბანი).  იმ დროს ლიბანის პრეზიდენტი ქამილ შამუნი  პროამერიკულ ხაზს ატარებდა და მხარს უჭერდა ე.წ. "ეიზენჰაუერის დოქტრინას" ახლო აღმოსავლეთში კომუნიზმის გავრცელების საწინააღმდეგოდ. ნაიფ ჰავატმემ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო ძალებს წინა კურსის წინააღმდეგოდ და  ეროვნული ფრონტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაშიდ კარამე და მისი პარტია, ANM და ბაასი. სამოქალაქო ომმა, რომელიც დაიწყო 1958 წელს ლიბანში, გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ შეცვალა  პროამერიკული კურსი და გამოაცხადა "პოზიტიური ნეიტრალიტეტის" პოლიტიკა. ამერიკული ჯარები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.

1958 წლის ბოლოს ნაიფ ჰავატმე გადავიდა ბაღდადში და 1963 წლამდე ANM – ს ერაყის ფილიალის უფროსი იყო. ერაყში ყოფნისას ჰავატმემ 14 თვე გაატარა საპყრობილეში პრეზიდენტ აბდ ალ-ქარიმ კასიმთან დაპირისპირების გამო. იგი გაათავისუფლეს ბაასისა და გენერალ არეფის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. თუმცა, მალე იგი კვლავ დააპატიმრეს პუბლიკაციისათვის, რომელიც გამოაქვეყნა გაზეთში Al-Wahdah („ერთობა“) .გადაასახლეს ეგვიპტეში, შემდეგ კი ლიბანში.

1963 წლიდან 1967 წლამდე ჰავატმე მსახურობდა ANM – ს ხელმძღვანელად სამხრეთ იემენში. იქ მან მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოძრაობაში, რომელიც იბრძოდა ბრიტანეთის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. იმავე პერიოდში მან დაწერა წიგნი "სამხრეთ იემენის რევოლუციის კრიზისი", სადაც ჩამოაყალიბა ახალი რევოლუციური პროგრამა სამხრეთ იემენის ეროვნულ ფრონტზე მემარცხენე და მემარჯვენე ძალების  დაპირისპირების კონტექსტში.

1967 წელს ჰავატმე დაბრუნდა იორდანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის დაარსებაში, რომელშიც ის გახდა  მარცხენა ფრთის ლიდერი. 1969 წელს პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტის შექმნის დღიდან  ნაიფ ჰავატმე იყო უდავო ლიდერი.

1970 წლის სექტემბერში იორდანიის მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინური ორგანიზაციების ქვეყნიდან გაძევება, რის შედეგადაც 10-თვიანი სამხედრო შეტაკება მოხდა პალესტინელ აქტივისტებსა და იორდანიის არმიას შორის. ეს მოვლენები ცნობილი გახდა როგორც "შავი სექტემბერი" სპეციალურ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ნაიფ ჰავატმე უნდა დაიჭირონ "მკვდარი ან ცოცხალი".

1973 წელს ჰავატმემ უარი თქვა "სახალხო, დემოკრატიული პალესტინის“ შექმნის იდეაზე , სადაც არაბები და ებრაელები იცხოვრებდნენ დისკრიმინაციის, სახელმწიფო კლასობრივი და ეროვნული ჩაგვრის გარეშე" და წამოაყენა "გარდამავალი ეროვნული პროგრამა", რომელიც გაეროს რეზოლუციის თანახმად, ითვალისწინებდა ორი სახელმწიფოს (არაბული და ებრაული) შექმნას და  ისრაელთან შეთანხმებას.[3][4][5]

2007 წელს, პირველად 40 წლის განმავლობაში, 1967 წლიდან, ისრაელმა ჰავატმეს ოფიციალური ნებართვა მისცა დასავლეთ სანაპიროზე გამგზავრებულიყო, რათა მონაწილეობა მიეღო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ფორუმში.[6][7]

ჰავატმე არის სოციალიზმის, არჩევითი დემოკრატიის და პოლიტიკური პლურალიზმის იდეების მხარდამჭერი. იგი გამოდის ისლამის პოლიტიზირების წინააღმდეგ, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებისა და თანამედროვე სეკულარული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც არ ეფუძნება კონფესიურ ან ვიწრო ეროვნულ პრინციპებს, ახლოსაა ქრისტიანულ ღირებულებებთან.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • N. Hawatmeh. The Crisis of the South Yemen Revolution.
  • N. Hawatmeh. The Palestinian Resistance and the Arab Situation. — Beirut, 1964.
  • N. Hawatmeh. The Crisis of the Palestinian Resistance Movement — Analysis and Forecasts. — Beirut, 1969.
  • N. Hawatmeh. The Crisis of the PLO: Analysis and Criticism of the Roots and Solutions (1986).
  • N. Hawatmeh. Oslo and the Other Balanced Peace. — Damascus/Beirut, 1999.
  • N. Hawatmeh. Beyond Oslo: Palestine, Where To?. — Damascus/Beirut/Ramallah, 2000.
  • N. Hawatmeh. The Intifada: The Arabic-Israeli Conflict, Where To? (2001).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Nayif Hawatmeh | Palestinian politician". Encyclopedia Britannica.
  2. "DFLP: nayef-hawatmeh-general-secretary-dflp" დაარქივებული 2021-11-21 საიტზე Wayback Machine. . www.dflp-palestine.net.
  3. "Dozens die as Israel retaliates for Ma'alot".[მკვდარი ბმული] BBC News. 16 May 1974.
  4. "Radical Palestinians bitter over Israel handshake". BBC News. February 14, 1999
  5. "Arafat meets radical opponent". BBC News. August 22, 1999
  6. "Death of a King; two old enemies meet and shake". The New York Times. 9 February 1999. Retrieved 28 May 2020.
  7. Key Palestinian exile may return. BBc news