კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1634
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო, 1648
წინამორბედი: ნიკოლ ლოთარინგიელი
მემკვიდრე: ბეატრიქს დე კუზანსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1612
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 2 აგვისტო, 1648, (35 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ნიკოლა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
შვილები: შარლ V, ლოთარინგიის ჰერცოგი
მამა: ანრი II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი

კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი (ფრანგ. Claude Françoise de Lorraine; დ. 6 ოქტომბერი, 1612 — გ. 2 აგვისტო, 1648) — ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ისა და მარგერიტა გონძაგას უმცროსი ქალიშვილი. ლოთარინგიის ჰერცოგინია 1634-1648 წლებში როგორც ნიკოლა II-ის მეუღლე. ჰერცოგ შარლ V-ის დედა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის დიდი ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოდ ფრანსუაზი დაიბადა 1612 წლის 6 ოქტომბერს ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ისა და მისი მეორე ცოლის, მარგერიტა გონძაგას უმცროსი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ლოთარინგიის ჰერცოგინია კლოდ დე ვალუას პატივსაცემად დაარქვეს. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა, ნიკოლი, რომელიც 1621 წელს მის ბიძაშვილ შარლ ლოთარინგიელზე დააქორწინეს.

1624 წელს მამამისი უვაჟოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე ნიკოლი ავიდა. 1508 წელს, რენე II-ის მიერ შემოღებული სალიკური სამართლის მიხედვით, ლოთარინგიის ტახტზე ასვლა ქალს არ შეეძლო, ამიტომაც 1625 წლის ნოემბერში ნიკოლის მისმა ბიძა-მამამთილმა ფრანსუა II-მ დაამხო. ფრანსუას მონარქის როლში ყოფნა არ მოეწონა, რის გამოც რამდენიმე დღეში გადადგა თავისი ვაჟის, შარლ IV-ის სასარგებლოდ, რომლის ცოლიც იყო ნიკოლი.

1632 წელს შარლის და, მარგარიტა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს. გასტონი სრულიად ღიად ებრძოდა თავის ძმას, რა დროსაც იგი დიდ დახმარებას იღებდა ლოთარინგიისგან, რის გამოც ლუი XIII-მ 1633 წელს ომი გამოუცხადა ლოთარინგიას და დაიკავა მისი დიდი ნაწილი. 1634 წლის 17 იანვარს, საფრანგეთის მეფის გავლენით შარლ IV თავისი ძმის, ნიკოლა II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან. 19 იანვარს იგი გაეყარა ნიკოლ ლოთარინგიელს და ჩუმად იქროწინა ბეატრიქს დე კუზანსზე.

ამგვარ პირობებში, კავშირის შექმნისა და ლოთარინგიული დინასტიის გაგრძელების მიზნით, 1634 წლის 17 თებერვალს კლოდ ფრანსუაზი დაქორწინდა ჰერცოგ ნიკოლა II-ზე. მათი ქორწინება არც თუ ისე იღბლიანი, თუმცა ნაყოფიერი აღმოჩნდა.

მიუხედავად ნიკოლა II-ის ტახტზე ასვლისა, ფრანგული აგრესია არ ცხრებოდა. 1642 წელს, ბრძოლაში ფრანგებმა ტყვედ ჩაიგდეს და ლუნევილის სასახლეში გამოკეტეს ჰერცოგი ნიკოლა. ვინაიდან კლოდ ფრანსუაზი ტახტზე თავად ვერ ავიდოდა და ვერც თავის ვაჟს დასვამდა, რადგან მისი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან ნიკოლას გამოხსნისათვის დაიწყო ბრძოლა. საფრანგეთის მთავარი მინისტრი, კარდინალი რიშელიე კლოდ ფრანსუაზს ტახტზე დასმას ჰპირდებოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნიკოლას გაეყრებოდა და ფრანგულ პოლიტიკას გაატარებდა.

ამის გამო, კლოდ ფრანსუაზმა დახმარებისათვის ფრანგების მოსისხლე მტრებს — ჰაბსბურგებს მიმართა. დახმარების სათხოვნელად იგი თავად ჩავიდა ავსტრიაში და შეხვდა იმპერატორ ფერდინანდ III-ს. იმპერატორმა მას დახმარება აღუთქვა, თუმცა არაფერი გაუკეთებია ჰერცოგის გამოსახსნელად. იგი დახმარების თხოვნით იმყოფებოდა არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ მიუნხენში, ბავარიის ჰერცოგთან და ფლორენციაშიც, ტოსკანის ჰერცოგთან, მაგრამ უშედეგოდ. ამ წლების მანძილზე კლოდ ფრანსუაზი ქმარს ლუნევილში სტუმრობდა ხოლმე, რა დროსაც მან ოთხი ბავშვი გააჩინა. იგი 1648 წლის 2 აგვისტოს, 35 წლის ასაკში დაიღუპა ვენაში, იმპერატორის დახმარების მოლოდინში. იგი თავის მეხუთე მშობიარობას გადაჰყვა. საუბედუროდ, მისმა ქმარმა დარჩენილი ცხოვრება ფრანგების ტყვეობაში გაატარა და გარდაიცვალა 1670 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფერდინანდ ფილიპე (1639-1659), ბარის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. შარლ ლეოპოლდი (1643-1690), ლოთარინგიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო პოლონეთის მეფის ქვრივი და საღვთო რომის იმპერატორის ასული ელეანორა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ლეოპოლდ I;
  3. ანა ელეონორა (1645-1648), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ანა მარია ტერეზა (1648-1661), რემირემონტის აბატისა;
  5. მარია ანა (1648), გარდაიცვალა ჩვილი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jiri Louda et Michael MacLagan, Les Dynasties d'Europe, Bordas, 1995 ISBN 2-04-027115-5
  • Este artigo foi inicialmente traduzido do artigo da Wikipédia em francês, cujo título é «Claude-Françoise de Lorraine».
  • Jean Schneider, Histoire de la Lorraine, Coleção Que Sais Je, Presse Universitaire de France (PUF), 1950;