კვერნაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კვერნაქები, კვერნაქის ქედი — ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდ. საქაშეთისხევიდან (დასავლეთი) მდ. არაგვამდე (აღმოსავლეთი). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ, განი 7-8 კმ. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით — კონგლომერატორებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. კვერნაქები მონოკლინური სტრუქტურიანია და მორფოლოგიურად ასიმეტრიულია: სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, გარდიგარდმო გადაკვეთილია მდინარეების ლიახვის, ლეხურისა და ქსნის ხეობებით, რომლებიც მას ოთხ მონაკვეთად ყოფს. ყველაზე დაბალია (მაქსიმალური სიმაღლე 878 მ) დასავლეთი კვერნაქები ანუ რუისის სერი, რომელიც იწყება მდინარე საქაშეთისხევიდან და გრძელდება მდინარე ლიახვამდე. მის აღმოსავლეთით მდ. ლეხურამდე ვრცელდება აღმოსავლეთ კვერნაქები ანუ საკუთრივ კვერნაქები (მთა კვერნა 1074 მ, მთა ზეგარდა 1114 მ), რომლის თხემური ზოლის ღრმულში ზღვის დონიდან 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრეთი კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული ციხე-ქალაქი უფლისციხე. მდინარეებს ლეხურასა და ქსანს შორის კვერნაქების მონაკვეთს წლევი-თხოთის სერი ეწოდება, რომელსაც თხემის ჩადაბლებული ადგილი — უღელტეხილი წლევისა (მთა წლევი 1097 მ) და თხოთის (აღმოსავლეთით) სერებად ყოფს.

კვერნაქების უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი — სხალტბის კუესტური სერი (მთა სხალტბა 1091 მ) მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორისაა გაწოლილი. სხალტბის ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო, განსაკუთრებით ფლატოვანია მდინარე არაგვისაკენ მიქცეული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი. შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში ხელოვნური გამოქვაბულებია. ზოგან განვითარებულია ბედლენდები. კვერნაქებისთვის დამახასიათებელია მშრალი ხევებითა და ხრამებით ძლიერ დანაწევრება და მოვაკებული ზედაპირები. კვერნაქების გამკვეთი ხეობებიდან ციცაბგვერდებიანი და ვიწროა ლეხურას ხეობა, ფართოა ქსნის ხეობა და უფრო ფართოა ლიახვის ხეობა, სადაც ამართულია ეროზიული შთენილი ბორცვი გორის ციხით.

კვერნაქების კალთებზე ტყის ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია ძეძვი, შავჯაგა, ქონდარა ნუში, ჯაგრცხილა, ჯაგეკლიან ბუჩქებს შორის იზრდება ბალახეულობა: ურო, ველის წივანა, ვაციწვერა და სხვა. ჩრდილოეთ კალთის ტყის ყავისფერ და ნაწილობრივ ყომრალ ნიადაგებზე აღმოსავლეთ ნაწილში ჯაგრცხილნარი და მუხნარ რცხილნარია. ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება წიფელიც. ფლატეებზე, კლდოვან და ღორღიან ადგილებში ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებზე იზრდება გლერძი, შავჯაგა და სხვა. კვერნაქების სამხრეთ კალთებზე, მცხეთასა და ძეგვს შორის, გვხვდება არიდული ნათლი ტყე, რომლის შემადგენელი ჯიშებია: ღვია, საკმლის ხე, აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, თრიმლი. შიომღვიმის მიდამოებში არის ქართული მუხის, ჯაგრცხილისა და შინდის ტყე. მდინარეების ხეობებში ზოგან გვხვდება ტუგაის ტყე.

კვერნაქების ქედის პანორამა გორიდან აღმოსავლეთით

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„არამედ მთა კუხეთისა ანუ აწ ზედაძნისა უმეტეს საჩინოდ შემოერთდების მთასა ამას, და მთა ზედაძნისა მობმული არს მთასა სარკინეთისა, რომელსა კვერნაქადცა უწოდებენ, თვინიერ განკვეთისა არაგვისაგან. ამისთვის უწოდებენ გონბრის მთასაცა ქისიყამდე კვერნაქად.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 130)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]