ინგლისის ეკონომიკა (1066-1509)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Detail from an illuminated book, with three figures shown talking, a monk on the left, a knight in armour in the middle and a peasant with a spade on the right. The picture is accented in rich blues.
შუა საუკუნეების ინგლისელები იყოფოდნენ სამ კატეგორიად: სამღვდელოება, რაინდები და გლეხები

სტატიაში მიმოხილულია ინგლისის ეკონომიკური მოწყობა მაღალი შუა საუკუნეებისა და გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, უფრო ზუსტად 1066 წელს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობიდან ჰენრი VII-ის მმართველობის დასასრულამდე, 1509. ამ პერიოდში ინგლისის ეკონომიკის საფუძველს ნატურალური სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, ამასთანავე ინგლისში ჯერ კიდევ ნორმანების დაპყრობამდე დაიწყო საბაზრო ურთიერთობების განვითარება. ნორმანდიული საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მათ შორის ბატონყმობა, დაფუძნებული იყო ანგლოსაქსონურ ღია მინდვრების სისტემასა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმულ ქალაქების ქსელის განვითარებაზე. ნორმანდების დინასტიისა მმართველობისა და პირველი პლანტაგენეტების პერიოდში ინგლისი ეკონომიკა ვითარდებოდა. ეკონომიკურ ზრდას თან სდევდა დემოგრაფიული ზრდა, ასევე იზრდებოდა სახნავ-სათესი მიწების ფართობიც. წარმოიშვა ასობით ახალი ქალაქი, რაც ხელს უწყობდა სავაჭრო გილდიებისა და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. განვითარდა, როგორც შიდა, ისე გარე ვაჭრობა.

ეკონომიკის ზრდა დასტაბილურდა XIII საუკუნის ბოლოსთვის. ამის მიზეზი კი ისეთი ფაქტორების წარუმატებელი თანხვედრა გახდა, როგორებიცაა ჭარბი მოსახლეობა, მიწის დეფიციტი და გამოფიტვა. 1315-1317 წლის დიდმა შიმშილობამ ინგლისელების დემოგრაფიული პოტენციალი მნიშვნელოვნად შეარყია. სიტუაცია გაამწვავა 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, რაც აისახა კიდეც ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ვითარებაზე. დასუსტებულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში გაიზარდა შრომის ღირებულება, დაეცა ფასები და შედეგად, შემცირდა საერთო მოგების მაჩვენებელი. ამ და სხვა წინაპირობებმა განაპირობა ბატონყმობის ინსტიტუტის საბოლოო ნგრევა, რომელიც ფერმერობის თანამედროვე ინსტიტუტმა ჩაანაცვლა, რაც მოხმარებული მიწის ფართობის მიხედვით გადახდას გულისხმობდა. 1381 წლის უოტ ტაილერის აჯანყებამ (გლეხთა აჯანყება) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფეოდალურ მოწყობაზე და შეძლო მისი ტრანსფორმაცია მომდევნო საუკუნის განმავლობაშიც, კერძოდ, ამ აჯანყებამ განსაზღვრა საგადასახადო დაბეგვრის დონე. XV საუკუნეში ინგლისში გაიზარდა ტყავის წარმოება. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ინგლისელი ვაჭრების ახალი სოციალური ფენა, რომელიც სპეციალიზებული იყო არა ადგილობრივ ვაჭრობაზე, არამედ საერთაშორისო ოპერაციებზე. შეიქმნა ასევე ლივრეული კომპანიები - პრივილეგირებული სავაჭრო გაერთიანებები ქვეყნის დედაქალაქში. ამ გაერთიანებების შექმნა, მეტალდამმუშავებელ და გემთმშენებლობის ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად აღნიშნავს ინგლისური მეურნეობის შუასაუკუნეობრივი ეტაპის დასასრულსა და ახალი დროის დაწყებას.

1066—1100 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ I-მა ინგლისი 1066 წელს დაიპყრო, დაამარცხა ანგლო-საქსური ინგლისის მეფე ჰაროლდ გოდვინსონი ჰასტინგსთან ბრძოლაში და ინგლისში თავისი მმართველობა დაამყარა. უილიამმა მალევე წამოიწყო საომარი ოპერაციების ახალი ტალღა ჩრდილოეთით საკუთარი ინგლისური მმართველობის გასაფართოებლად. მისი მმართველობისას მიწები ფეოდალურ ხასიათს ატარებდა: ისინი სამართავად ეძლეოდა მეფის მსახურებს. სხვა მხრივ, ნორმანდების დაპყრობას თითქმის არანაირი კვალი არ დაუტოვია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. ინგლისის მიწათმოქმედებისა და ფინანსური სისტემის მრავალი განმასხვავებელი თავისებურება რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უცვლელი დარჩა.

სოფლის მეურნეობა და სამთო საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწათმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწათმოქმედები მუშაობისას, შუასაუკუნეების ნახატი

ნორმანების მოსვლისას მიწათმოქმედება ინგლისის მეურნეობის ბირთვი და უმსხვილესი დარგი იყო. დაპყრობიდან 20 წელში ქვეყნის ტერიტორიის 35%-ზე სახნავ-სათესი მიწები იყო, 25 % საძოვრებს მიაკუთვნეს, 15 %-ზე ტყე გააშენეს, ხოლო დარჩენილი 25 % ჭაობებსა და ველებს ეკავა.[1] ხორბალი იყო მთავარი სათესი კულტურა, თუმცა ამავდროულად ამუშავებდნენ ჭვავს, ქერსა და შვრიას.[2] ყველაზე ნაყოფიერ მიწებად ტემზისა და მიდლენდსის ხეობები ითვლებოდა, ასევე ნაყოფიერი იყო ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც პარკოსნები მოჰყავდათ.[2] მესაქონლეობის წამყვან მიმართულებად მეცხვარეობა და მსვილფეხა პირუტყვის მოშენება ითვლებოდა. პირუტყვის მაშინდელი რაოდენობა შედარებით მცირე იყო, ვიდრე მათი დღევანდელი რაოდენობა. პირუტყვთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთრის პერიოდში იკვლებოდა.[3]

მანორიალური სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღია მინდვრების სისტემა, გამოიყენებოდა ინგლისის მრავალ თემში

ასი წლის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა დაპყრობას, მეფეების, ეპისკოპოსების, მონასტერებისა და ტენების მსხვილი მამულები თანდათანობით დაიყო რაოდენობრივად უფრო მეტ მამულებად. მიწაზე უფლებების დანაწილება განპირობებული იყო ყოველგვარი იურიდიული ფაქტებით, რომელიც ეხებოდა სუბიექტების ქონებას (მემკვიდრეობა, ქორწინებები, ეკლესიის მიერ მიწების შეძენა-მოპოვება)[3] წვრილი მიწათმფლობელების უმრავლესობა საკუთარ სამფლობელოებში ცხოვრობდა, მართავდნენ მას და იღებდნენ არსებობის საშუალებას საკუთარივე მიწებიდან. თუ წარსულში ინგლისის დასახლებების ყველაზე გავრცელებულ ფორმას იზოლირებული სოფლები შეადგენდა, ნორმანების დაპყრობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ინგლისური დასახლებები საკუთრივ მსხვილ სოფლებს წარმოადგენდა, რომლებიც სახნავ-სათეს მიწებსაც ფლობდნენ. ასეთი სოფლები გადაჭიმული იყო ქვეყნის ჩრდილოეთი მხარეებიდან სამხრეთ მხარეებისკენ.[3] ახალი დასახლებების მცხოვრებლებმა ღია მინდვრების სისტემა მიიღეს, რომლის მიხედვითაც დამუშავებული მიწები რამდენიმე საშუალო სიდიდის ზოლად იყოფოდა, რომელთაგანაც თითოეული კერძო საკუთრებაში ჰქონდათ. ამის გამო მიწის ნაკვეთებს შორის წარმოიშვა მარცვლეული კულტურების ყოველწლიური ბრუნვა, ხოლო ტყეებისა და სხვა საერთო მიწებისთვის დაწესდა საგულდაგულო მოვლა.[3] ყოველი მანორის სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყოფოდა როგორც გლეხების მიერ დასამუშავებელ მიწებად, ისე მიწათმფლობელის კერძო მიწებად - დომენებად. გლეხები დიდი ფართობის მიწებზე მუშაობდნენ და გამოიმუშავებდნენ საკუთარ რენტას. გაწეული სამუშაოსთვის გადახდა შესაძლოა მომხდარიყო როგორც ფეოდალის სავარგულზე (ე.წ. საბატონო ბეგარა), ისე ნატურალური ან ფულადი ფორმით (ღალა).[4] ამ კონკრეტული პერიოდისათვის ინგლისში სხვადასხვა სიმძლავრისა და მწარმოებლურობის დაახლოებით 6000 წყლის წისქვილი მოქმედებდა. მეურნეობებში ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა არამხოლოდ მათ კეთილდღეობაზე მეტყველებდა, არამედ გლეხებისთვის შრომას ნაკლებად დაძაბულს ხდიდა. მრავალ სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების დამსახურებით გლეხები იმაზე მეტ პროდუქციას აწარმოებდნენ, ვიდრე მათ თემებს სჭირდებოდა და შესაბამისად, დარჩენილი მარაგებით ინგლისის ახლადაღმოცენებული ქალაქები მარაგდებოდა.[3]

თავდაპირველად ნორმანებს მანორიალურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუხორციელებიათ.[5] მაგრამ ვილჰელმა მაინც შეცვალა კანონები დიდი ნაკვეთების შესახებ ნორმანული ელიტის სასარგებლოდ, შექმნა მხვილი ადგილ-მამულები უელსის საზღვრის მახლობლად, სასექსსა და სხვა ოლქებში. სოციალურ ურთიერთობებში ვილჰელმის მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მონების რაოდენობის მკვეთრი შემცირება შეიძლება დასახელდეს.[4][5] ჯერ კიდევ X საუკუნეში მონების რიცხოვნობა დიდი იყო, თუმცა შემდეგ, ეკონომიკური და რელიგიური ზეგავლენის შედეგად მათი რიცხოვნობა თანდათან შემცირდა.[3] მიუხედავად ამისა, ახალი ნორმანული არისტოკრატია ძალიან უხეში იყო გლეხებთან მიმართებაში.[5] განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელი ანგლოსაქსონელი გლეხები სწრაფად დაეშვნენ დაბლა ეკონომიკურ იერარქიაში. გლეხების მდგომარეობის გაფართოების ხარჯზე გაიზარდა მებატონეთა რაოდენობა, მონური მორჩილები - არათავისუფლად მოძრავი გლეხობა და ალტერნატიული სამუშაოების მძებნელთა რიცხვი.[5] ძველი ანგლოსაქსელები, რომლებმა საკუთარ თავზე იგრძნეს შემოსევის შედეგები ან დასუსტდნენ ეკონომიკურად, სწრაფად ასიმილირდნენ ახალ ელიტაში.[3]

ტყეების შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაი-პიკის ტყე - ჭაობიანი ტყე, რომელშიც მოიპოვებოდა ტყვია სამეფო საჭიროებებისთვის

ნორმანებმა დააწესეს სამეფო ტყეების სისტემა. ანგლოსაქსონური დამოუკიდებლობის დროს ზოგიერთი ტყის მასივი მხოლოდ ნადირობისთვის გამოიყენებოდა - მათ „ჰეისებს“ უწოდებდნენ (ინგლ. hays). ნორმანთა ტყის მასივებს, რომლებსაც ამავე მიზნით იყენებდნენ, გაცილებით დიდი ფართობები ეკავა და ამასთანავე მათი არსებობა გამყარებული იყო სამართლებრივადაც.[3] ახალი ტყეები ყოველთვის ხშირი არ იყო, თუმცა სამეფო კარის წევრების მიერ მათი გამოყენება ამ მასივების კარგ დაცვას უზრუნველყოფდა. ნორმანების ტყეები თვით სამეფო იურისდიქციის ქვეს იმყოფებოდა, სატყეო სამართალიც მთლიანად მონარქის განკარგულებაში იყო; მათ მკაცრ გადაწყვეტილებებს ხშირად თვითნებური ხასიათი ჰქონდა.[6] სამეფო ტყეების შექმნა მეფის სამონადირეო ადგილებით, მარაგებით, ნედლეულით, საქონლითა და ფულით უზრუნველყოფას ემსახურებოდა.[6] სატყეო რენტა და მისი თანმხლები ჯარიმები სამეფო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, ხოლო მიღებული ტყის რესურსები ციხე-სიმაგრეებისა და გემების მშენებლობისთვის გამოიყენებოდა.[7] ზოგიერთ ტყის მასივში სასარგებლო ბუნებრივ ნედლეულს მოიპოვებდნენ. მაგალითად, რკინის მოპოვებისა და დამუშავების ცენტრად დინის ტყე ითვლებოდა, ტყვიას მოიპოვებდნენ ჰაი-პიკში.[7] ტყეების ფართობის ზრდა სხვა ფენებისთვისაც მომგებიანი გახდა. მრავალი მონასტერი განსაკუთრებულ უფლებას ფლობდა ზოგიერთი ტყის მასივის გაკაფვისთვუს და ასევე ნადირობაზე.[7] სამეფო ტყეების გამოჩენას თან ახლდა ირმების პარკებისა და სხვა დაცული ზონების რაოდენობის ზრდა.[1][7]

ვაჭრობა, წარმოება და ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინელი სამსჯავროს წიგნის ერთ-ერთი გვერდი (1086), ეკონომიკური დოკუმენტების კრებული.

1066 წელს ინგლისელთა ურბანიზაციის დონე საკმაოდ დაბალი იყო, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში რამდენიმე ძველი და მნიშვნელოვანი ქალაქი არსებობდა.[8] აღმოსავლეთ ინგლისის ქალაქები - ლონდონი, იორკი, უინჩესტერი, ლინკოლნი, ნორვიჩი, იფსუიჩი, ტეტფორდი - მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდა.[8] დიდ ბრუნვას იღებდნენ ინგლისელები ფრანგებთან, გერმანელებთან და ქვემო მიწების მცხოვრებლებთან ვაჭრობისგან. ჩრდილო-აღმოსავლეთ მიწებზე მცხოვრებ ინგლისელებს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ შევედებთანაც.[5] ინგლისში იმპორტირდებოდა ტყავი (ნაწილობრივ, აბრეშუმი, ტილო, ხავერდისა და ველვეტის სახესხვაობები) ჯერ კიდევ ნორმანების გამოჩენამდე.[9] ზოგიერთი ქალაქი, მათ შორის იორკიც, ვილჰელმის ჩრდილოური კამპანიის დრო მარადიორთა ხშირი ძარცვის ობიექტი გახდა.[5] ლინკოლნში და სხვა ქალაქებში მრავალი სახლი დაინგრა: ომმა აუცილებელი გახადა ციხე-სიმაგრეების ტიპის ნაგებობების აშენება.[5] ინგლისური მეურნეობის წარმოშობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პირველმა ებრაელმა კომერსანტებმა, რომლები ქვეყანაში ნორმანებთან ერთად მოვიდნენ.[5]. ვილჰელმმა მდიდარ ებრაელთა გაერთიანება ნორმანდიული რუანიდან ლონდონში გადაიტანა. კომერსანტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამეფო კარის ფინანსურად ურზუნველყოფა გახდა.[10] დაპყრობის პირველ წლებში, ნორმანდიელ ლიდერთა მიერ ინგლისში არსებული მრავალი ძვირფასეულობა ნორმანდიაში გადაიტანეს და მათი „რეინვესტირება“ მოახდინეს. ვილჰელმის პირადი ფინანსური მდგომარეობა რამდენიმე წელში არნახულად გაიზარდა.[5]

ანგლო-საქსონური მმართველობისას მონეტების მოჭრის სისტემა დეცენტრალიზებულ იქნა. ყოველი საქალაქო რაიონს (ინგლ. borough) უფლება ჰქონდა საკუთარი ზარაფხანა გაეხსნა და ასეთი სახით, ქალაქები ზოდებით ვაჭრობის ცენტრი გახდა.[8] ამასთან ერთად, მონარქის წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებდნენ ემიტენტებს. მონეტის შტამპების წარმოება მხოლოდ ლონდონში იყო დასაშვები.[8] ვილჰელმა მოიწონა ამგვარი სისტემის გამოყენება და დაამკვიდრა ნორმანდიული მონეტების მაღალი სტანდარტები. საბოლოოდ, ნორმანთა ვერცხლის მონეტა ცნობილი გახდა სახელით „სტერლინგი“ (ინგლ. sterling) [8][შენიშვ. 1].

მართვა და დაბეგვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილჰელმა დაბეგვრის ანგლოსაქსური სისტემა თითქმის უცვლელად მიიღო. სისტემა მეფისთვის გადასახადების აკრეფვას მოიცავდა შემდეგი სფეროებიდან:

  • საბაჟო მოსაკრებელი
  • მონეტების განმეორებითი მოჭრა (როდესაც ახალი მონეტის მოსაჭრელად ძველი მასალა გამოიყენებოდა)
  • ჯარიმები
  • მოგება საკუთარი დომენებიდან
  • საადგილ-მამულო ბეგარა (ქვეყანაში მოქმედებდა დანიური გადასახადების სისტემა)[5]

ვილჰელმა საადგილ-მამულო ბეგარის ამკრეფ პირებს ახალი თანამდებობა დაუმატა — შერიფი. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება ვაჭრობაზე გადასახადის გაზრდაც იყო.[5] 1086 წელს ვილჰელმა საშინელი სამსჯავროს წიგნი „აამოქმედა“, დოკუმენტების მსხვილი კრებული, რომელიც მონაცემებს აერთიანებდა ინგლისის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

1100-1290 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII-XIII საუკუნეებში ინგლისის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა. მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონიდან (1086 წ.) 4,5 მილიონამდე გაიზარდა (1300-იანი წლები). სამუშაო ძალის ზრდამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მატებასა და სხვადასხვა ნედლეულის ევროპაში ექსპორტს.[1][11][შენიშვ. 2] წინა პერიოდისგან განსხვავებით, მიმდინარე ორასწლეულის განმავლობაში, ინგლისი სამხედრო თავდასხმებისგან შედარებით დაცული იყო. 1135-1154 წლების ინგლისის სამოქალაქო ომის გარდა, შეიარაღებული კონფლიქტების უმრავლესობა ეკონომიკაზე მხოლოდ ლოკალურად ახდენდა ნეგატიურ გავლენას ან სამეურნეო ობიექტებს უმნიშვნელო/დროებით ზიანს აყენებდა. ინგლისელები კვალავაც კონსერვატიულ შეხედულებებს მისდევდნენ მეურნეობის მართვის სფეროში. ქვეყნის მაცხოვრებლები წინანდებურად 3 კატეგორიად იყოფოდნენ: მებრძოლები და წარჩინებულები (ინგლ. ordines), მომუშავეები (ინგლ. laboratores) და ღვთისმსახურები (ინგლ. oratores). ამ მოდელის მიხედვით, ვაჭრები და სავაჭრო პროფესიის სხვა წარმომადგენლები არ გამოიყოფოდნენ სრულფასოვანი წოდებებით. საზოგადოების მრავალ ფენაში ვაჭრების უკიდურესად უარყოფითი სახე ჩამოყალიბდა. თუმცა, XIII საუკუნის ბოლოსთვის ვაჭრების მიმართ დამოკიდებულება აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა.[12]

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და სამთო საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელი მონა თხრის მიწას. ილუსტრაცია ხელნაწერიდან, დაახლოებით 1170 წელი.

აგრარული დარგი წინანდებურად მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ინგლისის სოფლის მეურნეობაში.[2] XII-XIII საუკუნეებში სოფლის მეურნეობა მეტწილად ემყარებოდა გეოგრაფიულ თავისებურებებს. იმ რეგიონებში, სადაც მარცვლეული კულტურების მოყვანა შეუძლებელი იყო, აქტიურად ამუშავებდნენ სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებს. [13] უილდის ოლქში, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა, საქონლის გამოზრდით იყვნენ დაკავებულნი, ჭაობიან ოლქებში ხალხი თევზჭერასა და ნადირობას მისდევდა და ასევე კალათების ქსოვასა და ტორფის მოპოვებას. [2] მთელი რიგი რეგიონებისთვის, რომელთა შორის ლინკოლნშირი და დროტიჟიც იყო, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას მარილის წარმოება წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ ექსპორტზე იგზავნებოდა.[2] სანაპირო ზოლებში, განსაკუთრებით გრეიტ-იარმუტსა და სკარბოროში, დომინირებდა თევზით ვაჭრობა. ამ წყლებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო ქაშაყი: დამარილება ხდებოდა პირდაპირ სანაპიროზე, ხოლო შემდეგ პროდუქცია იგზავნებოდა ან ინგლისის სხვადასხვა ტერიტორიებზე ან მატერიკზე.[2][14] მეკობრეობა იმ პერიოდის კონკურენტულ სათევზაო ფლოტებს შორის არ შეინიშნებოდა.[2] ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველი იყო ცხვარი, რომელსაც ძირითადად ტყავის მისაღებად აშენებდნენ.[2][4] ტყავის დამუშავების ცენტრები უელსის მარკებში, ლინკოლნშირსა და პენინის მთებში მდებარეობდა.[2][4] დიდი იყო ღორების რაოდენობაც, ისინი ქალაქის ქუჩების დასუფთავების მარტივ საშუალებას წარმოადგენდნენ.[2] მიწის დამუშავებისას მთავარ დამხმარედ კვლავ ხარი გამოიყენებოდა, რომელიც ცხენებთან ერთად ფართოდ იყო გავრცელებული სამხრეთ ინგლისის ფერმებში.[2] XIII საუკუნიდან კუნძულზე შეიყვანეს ბოცვრებიც.[7]

მიუხედავად სურსათ-სანოვაგის წარმოების ზრდადი მაჩვენებლისა, ინგლისის სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობა მაინც დაბალ საფეხურზე რჩებოდა.[2] მოსავლის მუდმივი არასტაბილურობის გამო ხორბლის ფასი წლიდან წლამდე მუდმივად იცვლებოდა. ქვეყანაში წარმოებული მარცვლეულის დაახლოებით მესამედი გასაყიდად გაჰქონდათ, რომლის მნიშვნელოვანი წილიც სწრაფად ზრდად ქალაქებში ხვდებოდა.[2] შედარებით შეძლებული გლეხები საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს საცხოვრებლისა და ტანსაცმლის ყიდვაში ხარჯავდნენ, მხოლოდ მცირე ნაწილს იტოვებდნენ საკვებისა თუ სხვა ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.[15][3] აქედან გამომდინარე, საოჯახო ქონების იმდროინდელი ჟურნალები მეტყველებს საოჯახო მეურნეობებში მხოლოდ „ძველი, გაცვეთილი და ნასწორები საკუთვნობებისა“[შენიშვ. 3] და ინსტრუმენტების არსებობას.[3]

სამეფო ტყეების ფართობი მთელი XIII საუკუნის განმავლობაში იზრდებოდა, თუმცა, XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში საპირისპირო პროცესი დაიწყო. მეფე ჰენრი I-მა, რომელიც ინგლისს 1100—1135 წლებში მართავდა, ტყეების ფართობი გაზარდა, განსაკუთრებით იორკშირში. ინგლისის სამოქალაქო ომის შემდეგ ჰენრი II პლანტაგენეტმა წინამორბედის საქმიანობა განაგრძო და მისი მმართველობის ბოლოსკენ ტყეების ფართობი ქვეყნის ფართობის დაახლოებით 20%-ს შეადგენდა.[7] 1217 წელს მიიღეს ტყის ქარტია (ინგლ. Charter of the Forest), რომელიც მიზნად ისახავდა მეფის მიერ ტყის შესახებ არსებული კანონების გამოყენების შერბილებას. დოკუმენტი ასევე შეიცავდა ჯარიმებისა და სასჯელების უფრო დალაგებულ სისტემას, რომელიც გამოიყენებოდა ბრაკონიერებისა და ტყის გამკაფველების წინააღმდეგ.[16][6] საუკუნის დასასრულს მეფე დაემორჩილა სატყეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ზრდად ზემოქმედებას და მისი განკარგულებით შემცირდა ზრდადი ტყის მასივების ფართობი. 1334 წელს ტყის მასივები 1250 წლის დროინდელი ფართობის მხოლოდ 2/3-ს იკავებდა.[7] განხორციელებული ცვლილებების გამო XIV საუკუნის დასაწყისიდან მონარქის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა.[7]

ისტორიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Чёрно-белая фотография, 1930-е годы.
ეილინ პაუერი — შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკის მკვლევარი

შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკის შესწავლა 1880-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პროცესის ერთ-ერთი ინიციატორი ინგლისელი იურისტი და ისტორიკოსი ფრედერიკ უილიამ მეიტლენდი იყო. იგი ნაშრომებში სამართლის ისეთ ძეგლებს განიხილავდა, როგორებიცაა, საშინელი სამსჯავროს წიგნი და თავისუფლების დიდი ქარტია[3]. მეიტლენდი ვიგების ისტორიული სკოლის მეთოდოლოგიას მისდევდა, რომელიც სამართალსა და მმართველობაზე იყო ორიენტირებული. გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქის მწერლებს შორის არსებობდა აზრი, რომლის თანახმადაც შუა საუკუნეების ინგლისის მეურნეობის გარდაქმნაში საკვანძო როლი ქალაქებმა ითამაშეს[17][3]. ნორმანდიული სამართლის ევოლუციით შთაგონებული მეიტლენდი ამტკიცებდა, რომ ანგლოსაქსურ და ნორმანდიულ ეკონომიკურ სისტემებს შორის მკაფიო წყვეტა არსებობდა[18].

1930-იან წლებში, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ეილინ პაუერის მეთაურობით, პერიოდის კვლევის ალტერნატიული მეთოდოლოგია მიიღო.[19] პაუერმა და მისმა კოლეგებმა კვლევაში აგრარული, არქეოლოგიური, დემოგრაფიული, დასახლებებთან და ლანდშაფტთან დაკავშირებული ფაქტორებიც ჩართეს, რომლებსაც იურიდიული და სამთავრობო დოკუმენტებიდან სწავლობდნენ.[20] მეთოდი კომბინირებული იყო ნეოპოზიტივიზმისა და ეკონომეტრიკის მასალებით, რომელიც დედოფალ ვიქტორიის მმართველობის დროინდელ სამეცნიერო ტრადიციებთან სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა. პაუერი 1940 წელს გარდაიცვალა, კვლევას სათავეში კი მისი მოსწავლე და მეუღლე მაიკლ პოსტანი ჩაუდგა. მისი აზრით, შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა დემოგრაფია იყო.[21] პოსტანმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინგლისის სოფლის მეურნეობა, ტექნიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად არ განვითარებულა და XIV საუკუნის დასაწყისისთვის აგრარული სექტორი გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. შედეგად, მიწის რესურსებისა და მოსახლეობის რაოდენობის გაწონასწორების გამო, ქვეყანაში გარდაუვალი იყო შიმშილი და ეკონომიკის რეგრესი[3]. პოსტანი იყო ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი, რომელმაც ხაზი გაუსვა უილიამდელი და უილიამის დაპყრობის შემდგომი ეკონომიკური სისტემების უწყვეტობას. ეს მოსაზრება გამყარებული იქნა არქეოლოგიური მტკიცებულებებითაც, რომელიც აღმოჩენილ იქნა პერიოდის კვლევის დროს 1950-იან წლებში[19].

არქეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.

1950-იან წლებში მარქსისტებმა პოსტანის შეხედულებები გააკრიტიკეს — კრიტიკის პლატფორმად აკადემიური ჟურნალი Past & Present იქცა[17]. ეკონომიკური აზრის ამ სკოლის წარმომადგენლები შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წამყვან როლს არ უარყოფდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დემოგრაფიული პროცესებისთვის იქამდე განსაზღვრულ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. მარქსის კონცეფციის მიმდევარი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ აგრარული სექტორის განვითარებასა და დაკნინებას წარმოების საშუალებები და ფეოდალიზმის საზოგადოებრივ-ეკონომიკური სიტუაციის კლასობრივი ურთიერთობები განსაზღვრავდა[3][21]. მარქსისტების მოდელის მიხედვით, XIV საუკუნის დასაწყისის კრიზისი მიწათმფლობელებსა და გლეხებს შორის წინააღმდეგობამ წარმოშო, რომელიც რესურსების მართვის უფლების გამო დაიწყო[3]. ისტორიკოსების აზრით, ამ და სხვა მიზეზებმა განაპირობა 1381 წლის გლეხთა აჯანყება და მისი შემდგომი მოვლენები. ფრენკ სტენტონი და სხვა ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ ფეოდალური ურთიერთობების გლეხურ საზოგადოებასთან მიმართებაში არსებული ეკონომიკური ანალიზის ძირითადი კატეგორია იყო ჰონორი (ინგლ. honour) — დიდი ტერიტორიული ერთეული, რომელიც ათობით მამულს აერთიანებდა სხვადასხვა საგრაფოებში. როდნი ჰილტონმა განავითარა იდეა ჯენტრების შესახებ, როგორც გვიანი შუა საუკუნეების საფუძვლისა.[17][20]

1970-იანი და 80-იანი წლების მკვლევართა ნაწილი დაუპირისპირდა, როგორც პოსტანის, ისე მარქსისტთა შეხედულებებს. ახალი, უფრო მეტად დეტალური კვლევები ე.წ სამაშველო არქეოლოგიის მეთოდებით ჩატარდა. საზოგადოებრივი ცვლილებებისა და განვითარების ზოგადად მიღებული პრინციპების გარკვეული ნაწილი, რომლებიც წინა თაობის მკვლევრებმა შემოგვთავაზეს, ახალმა თაობის მკვლევრებმა უარყვეს.[22] კვლევებმა ეჭვქვეშ დააყენა ფეოდალიზმის არსებობა და ფუნქციონირება ნორმანების მმართველობის პირველი წლების შემდგომ და მათ შესახებ არსებული ცნობები. დევიდ კრაუჩი და სხვა სპეციალისტები საუბრობდნენ იმაზე, რომ რეალურად, მხოლოდ სამართლებრივი და ფისკალური სისტემა იყო ფეოდალური და არა მთლიანად ეკონომიკური მოწყობა.[17][20] თანამედროვე სამეურნეო სისტემების სოციოლოგიურმა და ეკონომიკურ-ანთროპოლოგიურმა კვლევებმა, მათ შორის ესტერ ბოზერუპის ნაშრომებმაც, ეკონომიკური პროცესების დემოგრაფიული დეტერმინირების კონცეფციის მრავალი ნაკლი გამოავლინა, რომელთა მომხრეც პოსტანი იყო.[3][21] ამ კონკრეტულ თემებზე მომუშავე თანამედროვე ისტორიკოსები, საუბრობენ შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკაზე, როგორც „განცალკევებული საზოგადოებების თანხმვედრ ქსელზე“,[შენიშვ. 4][20] რომელშიც მიღებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლობის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ისტორიული დეტერმინიზმი.[3][21]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტერლინგი — შენადნობის დასახელება, რომელშიც ვერცხლის შემადგენლობაა არანაკლებ 92,5 პროცენტისა.
  2. В работе Кантора (Cantor) рассматривается гипотеза о населении 4 млн человек, Джордан (Jordan) полагает население равным 5 млн человек.
  3. ინგლ. «old, worn-out and mended utensils».
  4. ინგლ. «overlapping network of diverse communities».

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]