თბილისის ქარვასლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არწრუნის ქარვასლა)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თბილისის ქარვასლაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს თბილისში, სიონის ქუჩა № 8 . ცნობილია, ასევე არწრუნის ქარვასლის სახელით.

„ქარვასლა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების თბილისში არსებობდა სავაჭრო ცენტრები — ქარვასლები. აღნიშნული სახელწოდება მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ქარვასნარა“, „ქარვასნარაი“ რაც ქართულად ნიშნავს გზისპირას მდებარე სასტუმროს. ეს იყო ქარავნის, ვაჭრების ღამის გასათევი ადგილი.

სასტუმრო სახლის აღსანიშნად იხმარებოდა იხმარებოდა „ფუნდუკი“, შემდგომში კი XVII–XVIII საუკუნეში გაბატონდა სიტყვა „ქარვასლა“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის თბილისში ოთხი ქარვასლა იყო, მათ შორის აღსანიშნავია სიონის ტაძრის გვერდით მდებარე როსტომ მეფის მიერ აგებული ქარვასლა, რომელიც XVIII საუკუნის დამდეგს გადაეცა თბილელ ეპისკოპოს დომენტი III-ს, რის შემდგომაც მას თბილელის ქარვასლა ეწოდა.

1818 წელს კი ეროვნებით სომეხმა თბილისის მოქალაქემ, გევორქ არწრუნმა, ამ ადგილზე, XVII საუკუნის ძველ ფუნდამენტზე, დიდი ქარვასლა ააგო. მის ტერიტორიაზე განლაგდა სასტუმროს 33 ნომერი, 24 სავაჭრო და სასაწყობო სათავსო. ეს შენობა მოინახულა თვით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ და მისთვის დიდად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ყველაზე დიდი ქარვასლები ახლანდელ სიონის ქუჩაზე იდგა. ისინი 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს დაანგრიეს. დღეს შემორჩენილია ერთ-ერთი დიდი ქარვასლა. კერძოდ ის მდებარეობს სიონის ტაძრის გვერდით.

1847 წელს კი თბილისში დაიწყო იმ დროის ყველაზე დიდი ქარვასლის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ისტორიაში თამამშევის ქარვასლა-თეატრის სახელით შევიდა.

1858 წელს ტფილისის ქარვასლებს დაემატა ჩითახოვის, უსტა-მეჰტი ჰუსეინ-ოღლისა და ჰალატოვის ქარვასლები მეიდანში.

თბილისის ქარვასლას 2009 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]

არწრუნის ქარვასლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას. ეს შენობა სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის იყო მოქცეული და სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო.

ქარვასლა 1818 წელს გეურქ აღა-არწრუნის მიერ აშენდა. ეს იყო სამსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე — 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საქონლის შეძენა საბითუმო ფასებში. ქარვასლის პირველ სართულზე სათავსოები და საწყობები იყო: ერთი — დიდი ფართობის და 24 — მცირე ზომის. პირველ სართულზე ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც მუშაობდნენ მეწაღეები და მკერავები. ქარვასლის შიდა ეზოში აუზიც ფუნქციონირებდა.

1855 წელს ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. არწრუნის ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

ქარვასლის სანაპიროსკენ მიმართული ფასადი 1820 წელს განეკუთვნება, ეს შენობა რუსული კლასიცისტური სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო თბილისში. სიონის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი კი, 1912 წელს აშენდა მოდერნის სტილში.

აღსანიშნავია, რომ შენობის სარდაფი როსტომ მეფის დროინდელი ქარვასლის არის. ამ სარდაფებს კამაროვანი გადახურვა ჰქონდა და სწორედ სარდაფის არქიტექტურა გადაურჩა მტრების შემოსევებს. არწრუნის ქარვასლის შენობას ადაპტაცია-რესტავრაცია საბჭოთა პერიოდში, 1984 წელს, ჩაუტარდა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის მეთაურობით. 1985 წლიდან ამ შენობაში იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმმა დაიდო ბინა.

აღნიშნულ შენობას მხოლოდ დასავლეთიდან აქვს შესასვლელი. სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა სათავსოები, მეორე სართული სავაჭრო დუქნებს ეჭირა, ხოლო მესამე სართული მექარავნეთა სასტუმრო იყო.

დღეს მუზეუმის ქვედა სართულზე განლაგებულია სუვენირების მაღაზიები. მის ზემოთ განთავსებულია XIX საუკუნის თბილისისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია. აქ შეიძლება ნახოთ ძველი სახლების მაკეტები, ავეჯი და ჭურჭელი, თბილისური რესტორნის მაკეტი და იმ პერიოდის კარეტა. მესამე სართული, პრაქტიკულად, ცარიელია – აქ ეწყობა ხოლმე თანამედროვე მხატვრების გამოფენები.შენობის გარეგნული სახე ამჟამად ნაკლებად წააგავს ქარვასლას, მაგრამ შიგნით მოხვედრისას ადვილად წარმოიდგენთ მდგმურებით სავსე ზედა სართულებსა და ქვემოთ თავისი საქმით გართულ ვაჭრებს.

ქარვასლასთან ახლოს მდებარეობს თბილისის სასულიერო აკადემიის შენობაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. თოფჩიშვილი, თ. გვიმრაძე; ეთნოლგიური თბილისი, გვ. 106-111, თბ. 2017;
  • ნ. თედიაშვილი, ექსკურსიით საქართველოს გარშემო, გვ. 12-13 , თბ.2005
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]